თამარი, გურჯიხათუნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯისტანის მონეტა.png


თამარი, გურჯი-ხათუნი (XIII ს.), საქართველოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი, მოღის ედდინი, იყო არზრუმის გამგებლის თოდრულ ტოღრილის ძე. 1236 მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედდინ ქეი ხუსრევ IIს (1236–46). თ-მა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა `შირუხურშიდ” (ლომი და მზე), რ-იც შემდეგ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედდინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯიხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალდინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რ-იც სელჩუკური არქიტ. მშვენებაა. წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ე. ჯაველიძე.