თამარი, იმერეთის დედოფალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, იმერეთის დედოფალი, XVII ს. მოღვაწე, მამია II გურიელის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის პირველი ცოლი. ალექსანდრემ 1618 წელს ცოლად შეირთო თ., რისგანაც შეეძინა ვაჟი – ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ IV). ორი წლის შემდეგ, 1620 ალექსანდრემ თს ღალატი დააბრალა და ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამან იმერეთის მეფესა და გურიელს შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია, რითაც მოხერხებულად ისარგებლა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ჯამბურია გ., დასავლეთ საქართველო XVII ს. პირველ მესამედში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. საითიძე.