თამარ მეფის სიგელი გელათისადმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ მეფის სიგელი გელათისადმი, დიპლომატიკური ძეგლი, გაცემული თამარის მეფობის მეათე ინდიქტიონს (1188). დაწერილია ეტრატზე მეფის კარის მწიგნობრის არსენ სამძივარის მიერ. სიგელს თამარ მეფე საკუთარი ხელმოწერით ამტკიცებს. მოწმე და დამამტკიცებლები არიან თამარ მეფის მეუღლე დავით მეფე, დავით ერისთავი და კათოლიკოსი თეოდორე (თეოდორე II). ამ საბუთით თამარმა `ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმპყრობელმან” გელათის სამეფო მონასტერს არგვეთში სოფ. ჭორვილა შესწირა. შეწირულობის მიზანი იყო სოფლიდან მიღებული შემოსავლით მონასტრის სატრაპეზოში, საზრდელით უზრუნველყოფა იმ თორმეტი მწირისა, რებიც მონასტრის გარეთ მდებარე სენაკებში მკვიდრობდნენ და მონასტრის ტრაპეზით რეგულარულად სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. შემორჩენილია საბუთის ნაკლული დედანი, რიც ინახება საქართვ. ცენტრ. სახელმწ. საისტორიო არქივში (სცსსა, ფ. 1448, # 5004). საბუთი გამოცემულია თ. ჟორდანიას (2ჯერ), ს. კაკაბაძის, ი. ცინცაძის, ი. დოლიძის მიერ. ბოლოს შევიდა `ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის” I ტომში (თბ., 1984). გ. არახამია.