თამარ მეფის სიგელი შიომღვიმისადმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ მეფის სიგელი შიომღვიმისადმი, დიპლომატიკური ძეგლი, გაცემულია თამარის მეფობის მეთვრამეტე ინდიქტიონს (1196). ტექსტის დამწერია მეფის მწიგნობარი იაკობ იწრელისძე. სიგელს ხელმოწერებით ამტკიცებენ თამარ მეფე და მისი მეუღლე დავით მეფე, რასაც მოსდევს შიომღვიმის მონასტრის კრებულის, ანტონ ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესისა და ქართლის მთავარეპისკოპოსის მოწმობადამტკიცებები. საბუთის ბოლოში მითითებულია ქართლის მთავარეპისკოპოსის ხელრთვა. ამ სიგელით თამარ მეფემ ვეზირის, ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესისა და პროტოუპერტიმოსის ანტონის თხოვნით სხალტბაში სამეფო გლეხების – ქოსაისძეების ორი კომლი შიომღვიმის მონასტერს სრული შეუვალობით შესწირა და სხალტბიდან მონასტერში ახალგაყვანილი წყალსადენის მოვლამოწესრიგება დააკისრა. შიომღვიმის მონასტრის კრებულის მოწმობადამტკიცებაში აღნიშნულია, რომ ანტონ ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესის ღვაწლითა და საფასით მონასტერში წყალსადენი იქნა გაყვანილი და მისივე შუამდგომლობით თამარ მეფემ ორი კომლი ქოსაისძენი წყალსადენის `მკაზმავად” მონასტერს უბოძა. მონასტრის კრებულს ჩაუთვლია, რომ წყალსადენის მომსახურებას ორი კომლი ვერ აუვიდოდა, ამიტომ მონასტერმა, თავის მხრივ, დამატებით ორი კომლი საგანგებოდ ამ საქმისთვის განაწესა. იქვე ნათქვამია, რომ წყალსადენის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში მის აღსადგენად და გასამართავად მონასტერი სხალტბიდან და სხვა სოფლებიდან დამატებით მუშახელს გამოიყვანდა. ანტონ ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესი თავის მოწმობადამტკიცებაში აღნიშნავს, რომ შიომღვიმის მონასტრის ბერები `ჭირსა და იწროებასა შინა ურწყულობისასა” იმყოფებოდნენ, მან გადაწყვიტა ამ გასაჭირის მოგვარება და სამი წლის განმავლობაში `დიდითა შრომითა და გულისმოდგინებითა” სხალტბიდან მონასტრამდე წყარო გამოიყვანა, ამასთანავე, წყაროს სათავესთან მცხოვრები ორი კომლი გლეხი `აფხაზეთნი” (ანუ დასავლეთ საქართველოდან გადმოსულნი) მისი თხოვნით თამარ მეფემ მონასტერს უბოძა, რებსაც ანტონ ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესმა ორი ქუქანაკის მომზადება და წყალსადენის მუდმივი მომსახურება დაუკვეთა. ამავე დროს ნახევარფუძიან ორსავე კომლს დამატებით მიწა და ვენახი უბოძა და თითოეული მათგანი თორმეტი დღის სახნავი მიწით და ვენახით სრულფუძიან კომლად აქცია. საბუთის დედანი დაკარგულია. საბუთი გამოცემულია თ. ჟორდანიას, ს. კაკაბაძის, ი. დოლიძის მიერ. ბოლოს გამოიცა `ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის” I ტომში (თბ., 1984). გ. არახამია.