თამასუქი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამასუქი (არაბ. თამასსუქ), ფასიანი ქაღალდის სახეობა, ვექსილი, სავალო დოკუმენტი, რის ძალითაც ესა თუ ის პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას დათქმულ ვადაში ან მოთხოვნისთანავე გადაიხადოს თ-ში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირის მეშვეობით. ცნობილია გადასაპირებელი და მარტივი თ.; გადასაპირებელი თ-ით მისი გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თში ნაჩვენები თანხა თამასუქშივე მითითებულ პირს. მარტივი თ-ის გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თ-ში მითითებული თანხა (1995 წ. 19 აპრილის საქართვ. კანონი თამასუქის შესახებ, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა”, 1995 წ. 18 მაისი). ძვ. ქართ. სამართალში ტერმინი `თ”. დაახლოებით XVII სიდან იხმარებოდა საერთოდ სავალო საბუთის მნიშვნელობით და ხშირად გირავნობასაც გულისხმობდა. თს იყენებდნენ საანგარიშსწორებოდაც, მეტადრე ვაჭრობაში. თ. გვხვდება ქართ. ჩვეულებითი სამართლის კრებულსა და ვახტანგ VIის სამართალში, სადაც განსაზღვრულია მისი აუცილებელი რეკვიზიტებიც (მ. 143). სხვა პირობებს შორის თ-ში ზოგჯერ დავალიანების მაიძულებელი გარემოებებიც კი იწერებოდა. უფრო ძველად ასეთ საბუთს „ვალის წიგნი” ერქვა. წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1963–65. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 2 – ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9). ბ. ზოიძე. დ. ფურცელაძე.