თარგმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგმანი მხატვრული, ლიტერატურული შემოქმედების დარგი. მხატვრული თხზულების გადატანა ერთი ენიდან მეორე ენაზე. მხატვრული თის ისტორია საკუთრივ ლიტრის ისტ. განუყოფელი ნაწილია. ქართ. მწერლობის ისტ. სათავეებთან თარგმნილი ლიტერატურაც დგას. ძვ. ქართული თ. (V–XVIII სს.) ძირითადად ქრისტ. აღმოსავლეთის რელიგ. კულტ. მონაპოვართა ეროვნ. ნიადაგზე გადმონერგვას წარმოადგენს. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული ბიზანტ.ქართ. კულტ.ლიტერატურული ტრადიციები. სათარგმნი მასალის შერჩევა სხვადასხვა კულტ. მოთხოვნათა გათვალისწინებით ხდებოდა. ქართ. ქრისტ. მწერლობა დასაბამიდანვე უშუალოდ ბერძნულთან იყო დაკავშირებული (V ს. I მეოთხედი). შემდგომში თხზულებები ითარგმნებოდა ქრისტ. აღმოსავლეთის სხვა ხალხთა ენებიდანაც – სირიულიდან (V–XIV სს.), სომხურიდან (V ს. შუა წლებიდან), არაბულიდან (VIII–X სს.). უძველესი პერიოდის თარგმანები ჩვენამდე ნაკლებადაა მოღწეული. მათი ხასიათის განსაზღვრა ჭირს. სავარაუდოა, იყო თავისუფალი თარგმანი, უფრო გაქართულებული. ეს განპირობებული იყო, ალბათ, მკითხველის შესაძლებლობებითა და აღქმის დონით. ამას გვაფიქრებინებს გიორგი ათონელის (იხ. გიორგი მთაწმიდელი) მიერ გამოყენებული ტერმინი – ქართული დავითნი. ძვ. ქართ. თ. მონოგენური ხასიათის იყო, იგი რწმენის (ორთოდოქსიის) დაცვაგანმტკიცებას ემსახურებოდა. ითარგმნებოდა ბიბლიური წიგნები, ეგზეგეტიკის უარსებითესი ნიმუშები. X სიდან ათონის ქართ. მწიგნობრობა უშუალოდ დაუკავშირდა ბიზანტიას და კონსტანტინოპოლის ლიტურგიკულ პრაქტიკას. გაჩნდა აუცილებლობა ქართვ. მკითხველისათვის მიეწოდებინათ ყველაფერი მნიშვნელოვანი ბიზანტ. ლიტრიდან ყველა დონის მკითხველის მოთხოვნილების გათვალისწინებით. ამ მიზნით ათონის სალიტ. სკოლის მამამთავარი ექვთიმე ათონელი (იხ. ექვთიმე მთაწმიდელი), ბიზანტ. კომენტატორთა თუ საენციკლოპედიო მოღვაწეთა შესაბამისად, სხვადასხვა წყაროს კომპილაციის, ინტერპოლირების ან გამოკრების მეთოდით ქმნიდა ენციკლოპედიურუნივერს. ხასიათის თარგმანებს. ამით იგი ახდენდა ბიზანტ. კულტურის ქართ.კულტურასთან ადაპტაციას. ათონის სალიტ. სკოლაში შემუშავდა ორიგინალის ზუსტად თარგმნის თვალსაზრისი. ამან განაპირობა ბიბლ. წიგნების ახ. თარგმანებისა და ახ. რედაქციების შექმნა – დავითნი, სახარება, სამოციქულო; ასე ითარგმნა ბასილი კესარიელის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნოსელის კლასიკური ეგზეგეტიკური თხზულებანი ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების, თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ. ამავე სკოლაში პირველად, შედარებით სრულყოფილად, ითარგმნა აგრეთვე დიდ კაპადოკიელთა: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ექვთიმე ათონელი), გრიგოლ ნოსელის (გიორგი ათონელი) და სხვათა ჰომილეტიკური შრომები. ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდი ძვ. ქართ. თიდან ახ. ტიპის თზე გადასვლის გარდამავალი საფეხურია, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა არა მხოლოდ ქართ. მწერლობის შემდგომდროინდელი კულტ. ორიენტაცია, არამედ თის ხასიათი და თავისებურებაც. თ. სულ უფრო მეტად ითვალისწინებს განათლებული მკითხველის მოთხოვნილებას, ამაღლებს მის ინტელექტუალურ დონეს. თის ახ. თეორ. პრინციპები შემუშავდა XI–XII სსში, როდესაც ქართ. საეკლ. მწერლობაში მიმართეს ე. წ. ელინოფილურ მეთოდს, ამავე დროს, განვითარდა საერო ჟანრის მწერლობაც. პირველი უკავშირდება ეფრემ მცირის, ხოლო მეორე – სარგის თმოგველის სახელს. ეფრემ მცირემ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების მთარგმნელობით მეთოდს გვერდი აუარა. ეფრემთან მხატვრულობა პირობითი ცნება გახდა, თმოგველთან კი ის წამყვანია. ეფრემმა შექმნა თარგმნის ზოგადი თეორია, რიც ქართ. მთარგმნელობითი საქმიანობის საფუძველი გახდა. მის მთარგმნელობით მოღვაწეობაში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან – `სიტყვადართვითი” თარგმანიდან – დედნის ადეკვატურ თარგმანზე თანდათანობითი გადასვლის პროცესი, რაც ბიზანტ. სას. მწერლობის ზედმიწევნითი აღქმის მოთხოვნილებამ განაპირობა. მთარგმნელი უნდა თარგმნიდეს უშუალოდ დედნიდან ზუსტად, მაგრამ არა სიტყვასიტყვით; შეუმოკლებლად და შეუმატებლად, სათაურისა და აგებულების შეუცვლელად; უნდა ითვალისწინებდეს ორიგინალის ენისა და ქართ. ენის თავისებურებასა და შესაძლებლობას. თარგმნის ელინოფილური მეთოდის დამკვიდრებით ეფრემ მცირემ სათავე დაუდო საღვთისმეტყველო, ლიტ.თეორ. ტერმინოლოგიისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას. ელინოფილური მთარგმნელობითი ტრადიციის გამგრძელებელია არსენ იყალთოელი. მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველოფილოს., დოგმატიკურჰომილეტიკური ლიტრის თარგმნა და კომენტირება (იოანე დამასკელის, ანასტასი სინელის, თეოდორე აბუკურას და სხვათა თხზულებანი, შესული მის მიერ შედგენილ კრებულ `დოგმატიკონში”). არსენი იყო ერთერთი მნიშვნელოვანი მოღვაწეშემოქმედი ე. წ. გელათურ საღვთისმეტყველო სკოლაში, რმაც განსაზღვრა XII–XIII სს. ქართ. სას. მწერლობის განვითარების მიმართულება. ძვ. ქართ. თის მეორე ნაკადია სპარსულენოვანი საერო ლიტრის თარგმნა. საერო ლიტრის ძეგლების თარგმნის თეორია ჩვენს წინაპართაგან თითქმის არ განსაზღვრულა. უეჭველია, მას უკვე არსებულ თეორიათა შემოქმედებითი ათვისება უნდა დასდებოდა საფუძვლად. თარგმანის ზოგადი მოთხოვნები უნდა განსაზღვრულიყო სათარგმნი ძეგლის ხასიათით. ამის საუკეთესო მაგალითია `ვისრამიანი”, რითაც იწყება თის ე. წ. საერო ნაკადი. აღმ. ლიტრის თარგმნა მომძლავრდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართ. მწერლობაში (XVI ს.). უხვად ითარგმნებოდა სპარს. სარაინდო, სამიჯნურო, დიდაქტ. ეპოსის ნიმუშები, რთა შორის აღსანიშნავია `შაჰნამეს” ქართ. ვერსიები, `ქილილა და დამანას” თარგმანები, დიდია თეიმურაზ I-ისა და სხვათა დამსახურება. იცვლება თის ხასიათი – მხატვრულ ლიტრასთან ერთად რუსულიდან ითარგმნება რუს. და ევრ. სამეცნიერო, ფილოს., ისტ. ლიტრა (ს. დოდაშვილის, ს. რაზმაძისა და სხვათა მიერ). XIX–XX სს. ქართ. თარგმნილ ლიტრას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ევრ. ორიენტაცია, რის პირველი პრაქტ. გამოვლენა განმანათლებლობასა და ვოლტერიანელობას უკავშირდება. XIX ს. თარგმანთა სიმრავლით ხასიათდება. ქართ. თის ისტორიის ამ ეტაპის თვალსაჩინო ფიგურაა ა. ჭავჭავაძე. მან თარგმნა ა. პუშკინის ლექსები, ეზოპესა და ჟ. ლაფონტენის იგავარაკები, რასინის მონოლოგები, კორნელის ტრაგედია `სინა” და სხვ.; გ. ერისთავმა – ფ. შილერის `ხელთათმანი”; ნ. ავალიშვილმა – დრამა `ყაჩაღები”; ნ. ბარათაშვილმა – ი. ლაიზევიცის ტრაგედია `იულიუს ტარენტელი”, მართალია, რუსულიდან, მაგრამ ეს ფაქტი მაინც რჩება გერმ. ლიტერატურისადმი ინტერესის პირველ გამოვლენად. ამ თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ნ. ბარათაშვილის გადმოცემით, დ. ყიფიანს ფრანგულიდან უთარგმნია უ. შექსპირის `რომეო და ჯულიეტა”. ჩვენამდე არც ამ თარგმანს მოუღწევია. ქართ. თარგმნილ ლიტრას დიდი ამაგი დასდო ი. ჭავჭავაძემ. სტუდენტობის წლებში მას უთარგმნია ი. ვ. გოეთეს, ვ. სკოტის, ფ. შილერის, ჯ. ბაირონის, ჰ. ჰაინეს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვისა და სხვათა ლექსები. მნიშვნელოვანია ილიას პოზიცია თის როლის გააზრებისა და სათარგმნი ნაწარმოების შერჩევის შესახებ, რაც კარგად ჩანს მის წერილში «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან `შეშლილის” თარგმნაზედა». ამავე პოზიციის ნაყოფია უ. შექსპირის `მეფე ლირის” ილიასეული თარგმანი (ი. მაჩაბელთან ერთად). ნაყოფიერად თარგმნიდა ა. წერეთელიც, მას გადმოუქართულებია ეზოპეს, ჟ. ლაფონტენისა და ი. კრილოვის იგავარაკები. XIX ს. უდიდეს მონაპოვრად რჩება ი. მაჩაბლის თარგმანები. 90იან წლებში მან დამოუკიდებლად თარგმნა უ. შექსპირის `ჰამლეტი”, `ოტელო”, `რიჩარდ მესამე”, `მაკბეტი” და სხვ. მაჩაბლის მთარგმნელობითი მეთოდის ერთგულება იგრძნობა XIX ს. მიწურულისა და XX ს. დასაწყისის თარგმანებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თ. სახოკია. XX ს. ოციან წლებამდე თარგმნილ ლიტრას არ შემატებია მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ქართ. კულტურის მოამაგე ა. ლაისტი მთარგმნელებს მოუწოდებდა, თავიანთი მოღვაწეობით ხელი შეეწყოთ ლიტრის აღმავლობისათვის. ამ წლებში ევროპიდან რუსეთის გავლით ჩვენამდე მოაღწია დეკადენტურმა პოეზიამ. ე. როსტანის, ო. უაილდის, პ. ვერლენის, ე. ვერჰარნის, ა. რემბოსა და სხვათა პოეზიის ნიმუშები თარგმნეს ვ. გაფრინდაშვილმა, პ. იაშვილმა, ს. შანშიაშვილმა, კ. ჭიჭინაძემ და სხვ. XX ს. 20–30იანი წლები თარგმნილ ლიტრაში შეიძლება ჩაითვალოს ძიების ხანად. სათარგმნი მასალის შერჩევას უმეტესად სტიქიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა თანდათან გამოიკვეთა მთარგმნელთა მთელი პლეადა. მათგან ეპოქალური მნიშვნელობისა იყო გ. ქიქოძე, რიც ძირითადად ფრანგ. ლიტრას თარგმნიდა, საჭიროების შემთხვევაში იგი ინარჩუნებდა არქაიზებულ სტილს. ასეა თარგმნილი ო. ბალზაკის, სტენდალის, პ. მერიმეს, ა. ფრანსის, ა. დოდეს, მ. ლერმონტოვის და სხვ. თხზულებები. გ. ქიქოძემ აღადგინა და განამტკიცა დედნის ენიდან თარგმნის აუცილებლობის ტრადიცია. 40იანი წლებიდან ქართ. მწერლობა თარგმნილი ლიტრის სიუხვით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დედნის ენიდან თარგმნას. თარგმნილი ინგლისურენოვანი ლიტრის სფეროში აღსანიშნავი იყო ი. მაჩაბლის თარგმანების ექვს ტომად გამოცემა (1953–60) გ. გაჩეჩილაძისა და ნ. ყიასაშვილის კომენტარებით. პარალელურად გრძელდებოდა შექსპირის თარგმნა (გ. გაჩეჩილაძე, რ. თაბუკაშვილი, ე. კვიტაიშვილი, ს. ფაშალიშვილი, მ. ქარჩავა), `მეფე ლირისა” და `ჰამლეტის” რამდენიმე ნაწყვეტი თარგმნა კ. გამსახურდიამ. XX ს. 30იან წლებში დაიწყო ჩ. დიკენსის შემოქმედების თარგმნა, თუმცა რუს. ენიდან. დიკენსი მხოლოდ 50იან წლებში ითარგმნა დედნიდან (მ. იანქოშვილი, ნ. კეშელავა, ვ. ჭელიძე). ქართულად თარგმნილი ლიტრა მდიდარია ინგლ., შოტლანდიური და ამერ. ლიტრის საუკეთესო წარმომადგენელთა თხზულებების თარგმანებით. თარგმნილია ჯ. ბაირონის (გ. გაჩეჩილაძე, თ. ერისთავი, ი. მერაბიშვილი, კ. ჭიჭინაძე), უ. თეკერეის (ა. გამყრელიძე), ჯ. მილტონის (ე. კვიტაიშვილი, ვ. ჭელიძე), ჯ. გოლზუორთის (ნ. ბადრიაშვილი, ა. გამყრელიძე, ე. მაღრაძე და სხვ.), ვ. სკოტის (ვ. ჭელიძე), ჯ. ლონდონის (თ. მაღრაძე, ვ. ჭელიძე), ო. უაილდის (ზ. გამსახურდია, თ. მაღრაძე), მ. ტვენის (თ. დიასამიძე, გ. ყიფშიძე, ა. ლეკიაშვილი), უ. ფოლკნერის (რ. თვარაძე), ჯ. ჯოისის (ნ. ყიასაშვილი), ჯ. სტაინბეკის, ჯ. სელინჯერის (ვ. ჭელიძე), ე. ჰემინგუეის (ი. გურგულია, ე. ფაღავა, ვ. ჭელიძე) და სხვ. მწერალთა თხზულებები. ნაყოფიერად თარგმნიან ინგლისური ენიდან აგრეთვე დ. ბარბაქაძე, გ. გოკიელი, ზ. ჭილაძე, გ. ჭუმბურიძე, ი. ტაველიძე, კ. ჯანდიერი და სხვ. XIX–XX სს. ფრანგ. ლიტრა სტილის მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც ქართ. თარგმანებშიც მეტნაკლებად ზუსტად აისახა. ამ თარგმანებში ჩანს გ. ქიქოძის მემკვიდრეობის ზეგავლენა, მის მიერ შემუშავებული ზოგადფრანგ. ნატიფი სტილის შემოქმედებითი ათვისება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ი. ქავჟარაძის (ო. ბალზაკის `პოლკოვნიკი შაბერი”, `გობსეკი”). თ. ქიქოძის (მ. დრიუონის `კერპთა დამხობა”), ქ. ირემაძის (ა. ფ. პრევოს `მანონ ლესკო”), ჯ. ჭუმბაძის (პ. მერიმეს `შარლ IX მეფობის ქრონიკა”) თარგმანებში, რებშიც მთარგმნელებმა გამოავლინეს დიალოგის ბუნებრივად აგებისა და პროზის რიტმის დაცვის უნარი. განსხვავებული მანერით – დედნის სტილის ზუსტი დაცვით – არის თარგმნილი მ. ჯავახიშვილის მიერ გი დე მოპასანის `ლამაზი მეგობარი”, გ. ფლობერის `მადამ ბოვარი” (ა. ჭუმბაძე). ფლობერისავე `სალამბოს” თარგმანი (კ. ქილარჯიანი, მ. გიგინეიშვილი) კი ყურადღებას იპყრობს სტილიზებული არქაიზაციით. ფრანგ. ლიტრა ქართულად წარმოდგენილია ლ. არაგონის (ა. და ზ. ჭუმბაძეები), დ. დიდროს (დ. კახაბერი), მ. დრიუონის (მ. ბაქრაძე, თ. კოპლატაძე), ა. კამიუს (გ. ბუაჩიძე, კ. ჯავრიშვილი), ა. დიუმას (თ. საჯაია, ჯ. ჭანტურია), ფ. მორიაკის (კ. ქილარჯიანი), ფ. რაბლეს (ე. ბაგრატიონი, გ. გოგიაშვილი), რ. როლანის (გ. გეგელია, ნ. იორდანიშვილი), ვ. ჰიუგოს (შ. პაპუაშვილი) და სხვა მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებით. ე. ზოლას, ფ. ერიას, ფ. საგანის, პ. მერიმეს ნაწარმოებები თარგმნა ნ. ქადეიშვილმა. პ. კორნელის, ჟ. რასინისა და მოლიერის დრამები და კომედიები თარგმნეს ო. ჭილაძემ, ნ. ქადეიშვილმა, დ. წერედიანმა, გ. გეგეჭკორმა, რ. დოდაშვილმა, გ. ეკიზაშვილმა. ფრანგ. პოეზია თარგმნეს გ. გეგეჭკორმა, ლ. ღოღობერიძემ, თ. ჩხენკელმა, დ. წერედიანმა თარგმნა ფ. ვიიონის `დიდი ანდერძი” და `მცირე ანდერძი”. გერმანულენოვანი ლიტრის თარგმნა ძირითადად XX სში დაიწყო. ი. ვ. გოეთეს ნაწარმოებები თარგმნეს დ. ონიაშვილმა, პ. მირიანაშვილმა, კ. გამსახურდიამ, გ. ჯორჯანელმა, ი. ქემერტელიძემ, ვ. ბეწუკელმა, დ. წერედიანმა, ლ. თაკვარელიამ. აქვე უნდა აღინიშნოს გოეთეს ლირიკის, პოემებისა და ბალადების თარგმანები, რებიც შესრულებულია კ. გამსახურდიას, ხ. ვარდოშვილის, კ. ჭიჭინაძის, ვ. ბეწუკელის, ა. გელოვანის, ო. ჯინორიას მიერ. თარგმნილია ფ. შილერის (ს. შანშიაშვილი, ვ. ბეწუკელი), ჰ. ჰაინეს (ი. ქემერტელიძე, გ. და კ. ჯორჯანელები, ა. გელოვანი, ხ. ვარდოშვილი, კ. ჭიჭინაძე, გ. აბაშიძე, გ. გეგეჭკორი და სხვ.), შ. ცვაიგის (ა. გელოვანი, ნ. კალანდარიშვილი, ლ. ჯაფარიძე, კ. ჯორჯანელი); ჰ. ჰესეს (ნ. გოგოლაშვილი, დ. ფანჯიკიძე, რ. ქებულაძე, რ. ყარალაშვილი), ე. მ. რემარკის (კ. გამსახურდია, ა. გელოვანი, გ. კარბელაშვილი, ო. ხუციშვილი, გ. და კ. ჯორჯანელები), ფ. კაფკას (ნ. ამაშუკელი, ნ. კაკაბაძე, ზ. კაკაბაძე), ლ. ფოიხტვანგერის (ე. კვასხვაძე, მ. კოდუა, ჯ. ქარჩხაძე, დ. წერედიანი, ლ. ხუჭუა), ჰ. ბელის (ნ. ამაშუკელი, ნ. რუხაძე, თ. პატარაია) და სხვა გერმ. მწერალთა ნაწარმოებები. გერმ. მწერლის თ. მანის მოთხრობები თარგმნეს ნ. რუხაძემ, ი. სურგულაძემ, დ. ფანჯიკიძემ, პ. ჩარკვიანმა, ც. ჩხეიძემ, თ. წერეთელმა, კ. ჯორჯანელმა; მისივე რომანები – დ. ფანჯიკიძემ, შ. პაპუაშვილმა. 80–90იან წლებში ითარგმნა რ. მ. რილკეს პოეზია (ვ. კოტეტიშვილი და სხვ.), ნ. გელაშვილმა თარგმნა რილკეს რომანი `მალტეს ლაურიდის ბრიგეს ჩანაწერები”. არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი რუსი მწერალი და პოეტი, ქართულად რომ არ იყოს თარგმნილი. მკითხველი იცნობს ლ. ტოლსტოის (ი. აგლაძე, თ. საყვარელიძე, ლ. ტიტვინიძე, ე. უბილავა), თ. დოსტოევსკის [ა. და ი. ახალშენიშვილები (იხ. ახალშენიშვილი ი.), რ. ქობულაძე, ც. ჩხეიძე], მ. ლერმონტოვის (დ. გაჩეჩილაძე, გ. გეგეჭკორი, რ. თვარაძე, მ. ლებანიძე, კ. ნადირაძე, შ. ნიშნიანიძე, გ. ქიქოძე და სხვ.), ნ. გოგოლის (ა. და ი. ახალშენიშვილები, თ. ბებურიშვილი, თ. დეკანოზიშვილი, ა. სოკოლოვა და სხვ.), ა. პუშკინის (ვ. გაფრინდაშვილი, პ. იაშვილი, კ. გამსახურდია, შ. დადიანი, ა. კალანდაძე, მ. ლებანიძე, ჯ. ჩარკვიანი, ს. ჩიქოვანი, თ. ჩხენკელი, ო. ჭილაძე და სხვ.) ნაწარმოებების თარგმანებს. ქართულად თარგმნილია ა. გრიბოედოვის, ი. ტურგენევის, ა. ჩეხოვის შემოქმედება, ასევე მ. გორკის, მ. შოლოხოვის, ა. ტოლსტოის, ა. ფადეევის, მ. ზოშჩენკოს, მ. ბულგაკოვისა და სხვ. ნაწარმოებები; ს. ესენინის, ა. ახმატოვას, ა. ბლოკის ლექსები, ბ. პასტერნაკის მემკვიდრეობის მცირე ნაწილი. შედარებით უკეთ იცნობს მკითხველი ნ. ტიხონოვის, ნ. ზაბოლოცკის, ბ. ახმადულინას, ე. ევტუშენკოს, ა. ვოზნესენსკის შემოქმედებას. იტალ. ლიტრიდან მნიშვნელოვანია დანტე ალიგიერის `ღვთაებრივი კომედიის” არასრული თარგმანი (კ. გამსახურდია, კ. ჭიჭინაძე), თარგმნილია დანტეს `ახალი ცხოვრება” (ბ. ბრეგვაძე, თ. ჩხენკელი). უხვად არის თარგმნილი ბერძნ. რომაული ლიტრა. ჰომეროსის `ილიადასა” (რ. მიმინოშვილი) და `ოდისეას” (პ. ბერაძე) პოეტური თარგმანების გარდა გვაქვს ამავე ეპოსის პროზაული თარგმანი (ზ. კიკნაძე, თ. ჩხენკელი), თარგმნილია პლუტარქეს, პლატონის, ევრიპიდეს, არისტოფანეს, საფოს, ჰორაციუსის, ვერგილიუსის, მარკუს ავრელიუსისა და სხვ. ნაწარმოებები (ბ. ბრეგვაძე, ნ. გელაშვილი, ზ. კიკნაძე, გ. სარიშვილი, ნ. ტონია, ა. ურუშაძე, თ. ყაუხჩიშვილი, თ. ჩხენკელი და სხვ.). ესპ. ლიტრის ინტენს. თარგმნა XX ს. 70იან წლებში დაიწყო. მანამდე, XX ს. დასაწყისში, ნ. ავალიშვილმა თარგმნა მ. დე სერვანტესის `დონკიხოტი”, 90იან წლებში კი გამოიცა `დონკიხოტის” ბ. ბრეგვაძისეული თარგმანი. თარგმნილია გ. გარსია მარკესის (ე. ახვლედიანი, თ. გვასალია), ხ. გოიტისოლოს (გ. ახვლედიანი), ხ. რ. ხიმენესის (მ. გიგინეიშვილი) და სხვა ესპანურენოვან მწერალთა ნაწარმოებები. ინდური ლიტრიდან ქართვ. მთარგმნელების ყურადღება მიიპყრო რაბინდრანათ თაგორის შემოქმედებამ. თაგორი ქართ.ენაზე თარგმნეს ც. გამყრელიძემ, დ. ინწკირველმა, ლ. კალანდაძემ, ლ. ღოღობერიძემ, თ. ჩხენკელმა, ნ. ხომერიკმა. ძვ. ებრაულ პოეზიას ვიცნობთ ჯ. აჯიაშვილის თარგმანებით. აღმოსავლური პოეზია ძირითადად სპარს. პოეზიითაა წარმოდგენილი. თარგმნილია საადის `ბუსთანი” (დ. კობიძე), ძვ. ირანული, ანუ ავესტური პოეზია (გ. ახვლედიანი, მ. ანდრონიკაშვილი), ნიზამი განჯევის პოემა `ლეილი და მეჯნუნი” (მ. თოდუა), ნიზამი განჯევის, ფირდოუსის, ანარის, აბუსაიდის, ჯალალ ად-დინ რუმის, ჰაფეზის პოეზია (ნ. ბართაია, ა. გვახარია, მ. თოდუა, ვ. კოტეტიშვილი, გ. ლობჟანიძე, ა. ჭელიძე). არაბ. ლიტრიდან მნიშვნელოვანია თ. მარგველაშვილისა და ნ. ფურცელაძის მიერ თარგმნილი `ათას ერთი ღამე”. მკვდარი ენებიდან – ბაბილონურიდან და შუმერულიდან – თარგმნის ზ. კიკნაძე. თურქულ ლიტრას ქართვ. მკითხველი გაეცნო ი. გოცირიძის, ლ. ჩლაიძის, გ. შაყულაშვილის, ნ. ჯანაშიას, ქ. ტომარაძის და სხვათა თარგმანებით. ქართულად მოგვეპოვება პოლონური, ნორვეგიული, ფინური, უნგრული, ჩეხური, იაპონური, ჩინური ლიტრის ნიმუშები. თთა სიუხვემ გამოიწვია თარგმანმცოდნეობის განვითარება, რიც სამ ასპექტს მოიცავს: ლიტ. ურთიერთობებს, თის ისტორიასა და თის თეორიას. ლიტ. ურთიერთობების დარგში აღსანიშნავია დ. ლაშქარაძის, შ. რევიშვილის, ო. ბაქანაძის, ვ. კავთიაშვილის, ნ. უბილავას, მ. ბიბილეიშვილის ნაშრომები. თის ისტორიაში გამორჩეულია კ. კეკელიძის ღვაწლი. თის თეორიის შექმნის პირველი ცდა გ. გაჩეჩილაძის სახელს უკავშირდება. თის ცალკეულ საკითხებზე გამოირჩევა ლ. ბრეგაძის, რ. თვარაძის, ნ. კაკაბაძის, თ. კოპლატაძის, ი. მერაბიშვილის, მ. ნათაძის, ნ. საყვარელიძის, დ. ფანჯიკიძის, რ. ჩხეიძის, ვ. ჭელიძის და სხვათა ნაშრომები. ლიტ.: ბაქანიძე ო., ქართულუკრაინული ლიტერატურული და თეატრალური ურთიერთობანი, თბ., 1982; ბიბილეიშვილი მ., გერონტი ქიქოძე – ფრანგული ლიტერატურის კრიტიკოსი და მთარგმნელი, თბ., 1978; ბრეგაძე ლ., პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს, თბ., 1984; გაჩეჩილაძე გ., მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, თბ., 1959; ინწკირველი დ., დანტე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1985; კავთიაშვილი ვ., ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1978; კეკელიძე კ., მთარგმნელობითი მეთოდი ძველ ქართულ ლიტერატურაში და მისი ხასიათი, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; მისივე, უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, იქვე, ტ. 5, თბ., 1957; მისივე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1960; ლაშქარაძე დ., გოეთე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1985; მენაბდე ლ., ძველი ქართველი მწერლები ლიტერატურულ ურთიერთობათა და მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ, «საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობითი აკადემიის შრომები», I, თბ., 1997; მერაბიშვილი ი., პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბ., 2005; მისივე, თარგმანი – კულტურათა დიალოგი, თბ., 2005; ფანჯიკიძე დ., თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბ., 1988; მისივე, ენა, თარგმანი, მკითხველი, თბ., 2002; მისივე, ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები, თბ., 2005; ჭილაძე ე., ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., 1996. ე. ბეზარაშვილი. დ. ფანჯიკიძე.