თარხანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხანი (თურქ.), 1. დიდი ფეოდალის სახელი თურქული და მონღოლური მოდგმის ხალხებში; 2. გადასახადებისაგან თავისუფალი და გარკვეული პრივილეგიების მქონე პირი, რსაც ეძლეოდა თარხნობის ანუ შეუვალობის სიგელი. მონღოლთა დაპყრობითი ომების შედეგად გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და რუსეთში. საქართველოში თ. და თარხნობა თავისუფალისა და შეუვალობის მნიშვნელობით შემოვიდა (დადასტურებულია XIV ს. დოკუმენტში). იხმარებოდა აზატის (იხ. აზატები) სინონიმადაც. თარხნობას ანიჭებდნენ როგორც თავადაზნაურობას, ეკლესიამონასტრებს, დიდვაჭრებს (შეუვალობის სახით), ისე გლეხებს (ზოგიერთი გადასახადის ამოკვეთის სახით). XVII–XVIII სს. საგლეხო საგადასახადო დავთრებში თ. მსახურის სინონიმად იხმარებოდა (იგულისხმებოდა მებეგრე გლეხის `თავი ბეგრისაგან” გათავისუფლება და მსახურად დადგენა). XVII ს. 30იანი წლების ბოლოს როსტომ მეფემ გ. სააკაძის შვილს – იორამს უბოძა თარხნობა, როგორც საპატიო ტიტული, რაც სააკაძეთა გათავადებას გულისხმობდა. აქედან მომდინარეობს თარხნიშვილების გვარი. თარხნიშვილთა სათავადო სახლის უფროსი XIX სმდე თარხნის ტიტულს ატარებდა. გ. ჯამბურია.