თასი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თასი.jpg

თასი, 1. ოქროს, ვერცხლის ან სხვა ლითონის პირგაშლილი სასმისი. ქართ. წერილობით წყაროებში X სიდან გვხდება. ფეოდ. საქართველოში მეფედიდებულთა და თავადაზნაურთა ნადიმებზე ღვინის სმა უმთავრესად ოქროს ან ვერცხლის სასმისებით იყო მიღებული. საყურადღებოა, რომ აღმ. საქართველოს მთიელებში საქორწილო ლხინში სადღეგრძელოს გადალოცვის უფლებას `თასი” ერქვა. არქეოლ. გათხრების შედეგად საქართვ. ტერიტორიაზე მრავალი თ. არის აღმოჩენილი: თრიალეთის გორასამარხში – ერთი ძვირფასი თვლებით მოჭედილი ოქროს თ., მეორე – ვერცხლისა, რზეც რიტუალური სცენაა გამოსახული; მესხეთში – ძვირფასი ქვებით მოჭედილი, ყურძნის მტევნებისა და ვაზის ფოთლების გამოსახულებით შემკული ვერცხლის თ. და სხვ.; 2. ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებელი ხის, თიხის და სხვ. ლითონის ჯამის ფორმის საოჯახო ჭურჭელი; 3. ძვირფასი ლითონის, ბროლის ან ფაიფურის დეკორ. ჭურჭელი გამარჯვებულ სპორტსმენთა და ხელოვანთა დასაჯილდოებლად. ლიტ.: ლეკიაშვილი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; ფრუიძე ლ., მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, წგ. 1, თბ., 1974; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 5, თბ., 1982. ლ. ფრუიძე. თასრაყვა, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტის აბღარხუქის თემში (აფხაზეთის არ), მდ. დოხვართის (ააფსთის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 150 მ, გუდაუთიდან 5 კმ. 192 მცხ. (1989).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თასი&oldid=8152-დან“