თაქ-ქილისას სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაქქილისას სამაროვანი.png

თაქ-ქილისას სამაროვანი, რკინის ხანის (ძვ. წ. X–VI სს.) ძეგლი თრიალეთში, წალკის ზეგანზე, მდ. ხრამის მარჯვ. ნაპირას. 1937, 1948 გაითხარა (ხელმძღვ. ბ. კუფტინი) 67 სამარხი, რებიც წარმოადგენდა 6–8 ფილაქვისაგან აგებულ, ზემოდან 2 ან მეტი მასიური, ბრტყელი ქვით გადახურულ ყუთებს. მათი ძირი გრუნტზე მდებარეობდა. სამარხები, ძირითადად, ინდივიდ. იყო, იშვიათად – 2–3 მიცვალებული თითო ყუთში. დაკრძალული იყვნენ მჯდომარე ან გვერდზე ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში. ადრინდ. (ძვ. წ. X–IX სს.) სამარხებში, ძირითადად, გვხვდება მორგვზე დამზადებული, რუხი ფერის, კერამ. ჭურჭელი (უმეტესად ორნამენტირებული დოქები, ქვაბქოთნები, კოჭბები და სხვ.), ლითონის ნაწარმი (ბრინჯაოს შუბები, გრძელყუნწიანი ისრისპირები, ორთითა, ბუნიკები, სარტყლის ფრაგმენტები, სამაჯურები, რკინის შუბები და სხვ.), სარდიონის მძივები. გვიანდ. (ძვ. წ. IX – VI სს.) სამარხებში აღმოჩნდა მრავალფეროვანი, ჩარხზე დამზადებული კერამიკა (ჭდეული და ნაპრიალები ზოლებით შემკული ჭურჭელი), ლითონის ნაწარმი (ბრინჯაოს ლაგმები, ვარდულები, სამაჯურები; რკინის გრძელმასრიანი შუბები, სამაჯურის ფრაგმენტები), სარდიონის, თეთრი პასტისა და სხვადასხვა ფერის მინის მძივები. ხეობაში ზედაპირულად აკრეფილია პალეოლითის ხანის მასალა (ობსიდიანის 1000-ზე მეტი ნაწარმი). გვხვდება ამოღარული და ლევალუაზური ანატკეცები, ბრტყელი და ამორფული ნუკლეუსები, საჭრისები, ლამელები, საფხეკები, რთა დიდი ნაწილი მცირე ზომის ანატკეცებისაგანაა დამზადებული; აგრეთვე მიკროსეგმენტი და მიკროტრაპეცია, მუსტიეური წვეტანები და მცოცავი რეტუშით დამუშავებული ისრისწვერი. მოპოვებულია აგრეთვე ნუშისებური მოყვანილობის გვიანდ. აშელური ხანის ხელნაჯახი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა დროის პეტროგლიფები. წალკის სამხრ.დასით 10 კმ-ზე, ხეობის მარჯვ. ნაპირზე, კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე აღმოჩენილია (1976, მ. გაბუნია) ამოკაწრული ცხენის, ირმის, ჯიხვის, მელიის, შვლის, ორკუზიანი აქლემის, ლომისა და სხვ. ცხოველთა გამოსახულებანი. გვხვდება ფანტასტიკური ცხოველებიც (ორკუზიანი ცხენი, ფრინველისფეხებიანი კუ), აგრეთვე კომპოზიციები – შვლის ნუკრი, რიც დედის ძუძუს წოვს, და ადამიანთა გამოსახულებანი – კაცები ჯოხით ხელში და მშვილდისრით გვერდზე, გვხვდება მზისა და ჯვრის გამოსახულებაც და გაურკვეველი დანიშნულების გეომ. ფიგურები. თ.ქ. სის პეტროგლიფებში შეიმჩნევა ზურტაკეტის ბრინჯაოს ხანის გორასამარხების მშენებლობაში გამოყენებული ნიშნიანი ქვებისა და სვანეთში მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული გრაფ. ხელოვნების ტრადიციული ნიმუშები. ლიტ.: გაბუნია მ., უნიკალური ძეგლი, {კომუნისტი}, 1976, 22 ოქტ.; ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969; Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, Тб., 1941. მ. გაბუნია. მ. მენაბდე.