თაღარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღარი, 1. მონღოლთა მიერ შემოღებული ნატურალური გადასახადი, რ-საც ომის დროს კრეფდნენ ლაშქრის სურსათით მომარაგების მიზნით იმ ოლქის მოსახლეობაში, სადაც ლაშქარი იდგა. თ-ის ოდენობა დადგენილი არ იყო.ის სხვადასხვა გამოსაღებისაგან შედგებოდა, დამოკიდებული იყო სახელმწიფოსა და ცალკეულ ფეოდალთა მოთხოვნილებაზე და ყველგან ერთნაირი მოცულობით არ იკრიფებოდა. კირაკოს განძაკეცის ცნობით, ჰულაგუხანმა დაპყრობილ ქვეყნებში საგადასახადო დავთრებში შეტანილ ყოველ მამაკაცს თ-ის სახით შეაწერა 100 ლიტრა ხორბალი, 50 ლიტრა ღვინო, ორი ლიტრა ბრინჯი, სამი თოფრაკი, ორი თოკი, თითო თეთრი, ისარი და ნალი, ოც სულ საქონელზე ერთი სული და 20 თეთრი. ზოგჯერ თ-ს რამდენიმე წლით ადრე წინასწარ იღებდნენ, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა გადასახადის გადამხდელთ. 2. მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი ირანსა (XIII სიდან) და საქართველოში (XVIII–XIX სს.). ირანში თ. 100 თავრიზულ მანს (83,2 კგ) შეადგენდა, საქართველოში კი – 30 ლიტრას (დაახლ. 90–100 კგ). 3. მოზრდილი, პირგაშლილი თიხის ჭურჭელი. ხმარობენ ყურძნის დაწურვის დროს. საწნახლიდან ტკბილი თავდაპირველად თ-ში გადის დასაწმენდად, შემდეგ ქვევრებში ასხამენ. ძირითადად გვხვდება აღმ. საქართველოში. კახეთში მილიანი თ-ც ყოფილა, საიდანაც ტკბილი ღარით ქვევრებში ჩადიოდა. ბოლო დრომდე ორგვარი თ. იხმარებოდა: ქუსლიან თ-ს შუაზე გადაჭრილი ქვევრის ფორმა აქვს და თითქმის ნახევრად მიწაშია ჩაფლული, ბრტყელძირა კი – მიწის ზემოთ იდგმება. ქართლში თ. ეწოდებოდა მიწაში ქვითკირით ნაშენ ტკბილის ჭურჭელსაც და საწნახლის წინ ჩაფლულ სატკბილე ქვევრსაც. თ-ს ხმარობდნენ სხვა დანიშნულებითაც: სამღებრო საქმეში – საღებავების შესაზავებლად, დაბაღები – ტყავის დასალბობად, მეჭურჭლეები – წერნაქისა და ქაშანურის დასაყენებლად. ვაზის სოკოვანი დაავადების გავრცელების შემდეგ თ. შაბიამნის დასაყენებელ ჭურჭლად გამოიყენეს. თანამედროვე ყოფაში იშვიათად გვხვდება. წყარო: ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1974. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფასსაზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკამეტროლოგია, ტფ., 1925; ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973. რ. კიკნაძე. ლ. ფრუიძე. ვ. ჯაფარიძე.