თაყაიშვილი სესილია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს თაყაიშვილი.png

თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული (17. IX. 1906, ბათუმი, – 21. V. 1984, თბილისი), მსახიობი, რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი. საქართვ. (1950) და სსრკ (1966) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. (1983) და საქართვ. სახელმწ. (1985) პრემიების ლაურეატი. 1926 დაამთავრა სათეატრო ინტი თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც 1930მდე იმუშავა ს. ახმეტელის ხელმძღვანელობით. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა (თ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე”). 1930–66 თ. კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იგი დიდი სცენური სიმართლითა და გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო; ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის პერსონაჟებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა დახვეწილი ფორმით, მკვეთრი თვითმყოფადი იუმორით, გრძნობისა და განცდის უშუალობით. თის მიერ მაღალი ოსტატობით განსახიერებული 120მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტინე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია”), ნაყომი (გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ”), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის „შიში”), პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო”), ძიძა, კატარინა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, „ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი”), პრიუდანსი [ა. დიუმას (შვილი) „მარგარიტა გოტიე”], ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”) და სხვ.

მე ბებია ილიკო და ილარიონი.jpg

დიდია თის ღვაწლი ქართ. კინემატოგრაფიაში, სადაც 1948იდან მოღვაწეობდა. როლები: ვასასი („ჩვენი ეზო”, 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი”, 1957), ელისაბედი („სხვისი შვილები”, 1958), ოლღა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, 1962), ბორდოხანი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969–70), მარადია („ნატვრის ხე”, 1976), ასინეთა („დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, 1983) და სხვ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არჩეულია თბილ. საპატიო მოქალაქედ (1982).

ნატვრის ხე.jpg

ლიტ.: თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978; მარჯანიშვილის თეატრი (ალბომი), თბ., 1979.