თახვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თახვი (Castor fiber), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. კარგად არის შეგუებული როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე ცხოვრებას. სხეულის სიგრძე 100 სმ, მასა 30 კგ აღწევს. აქვს პატარა თავი და პატარა თვალები, მოკლე და სქელი კისერი, ყურის პატარა ნიჟარები, რებიც ჩაყვინთვისას იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს: კუდი ბრტყელია, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები მოკლეა, უკანა კიდურის თითებს შორის გადაჭიმულია საცურაო აპკი. შეფერილობით რუხი წაბლისფერია. მუცლის მხარეს ბეწვი უკეთესი ხარისხისაა. ტყავის ცვეთის ხანგრძლივობა 18 წელია. ანალურ ხვრელთან მოთავსებულია წყვილი ჯირკვალი, რიც გამოყოფს გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. გარდა ამისა, მამრს აქვს წვრილი მუშკის ჯირკვალი, რიც გამოყოფს გამაღიზიანებელ სეკრეტს. თ. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების სანაპირო ჭაობიან, ჩალიან, თხმელიან ადგილებში. შემოღრღნით ჭრის და აქცევს ხეებს, ქმნის უზარმაზარ ჯებირებს. იქვე იშენებს ბუნაგს, მაკეობს და შობს თვალახილულ და ბეწვით შემოსილ 2–4 ნაშიერს, რებიც 1–2 დღის შემდეგ უკვე ცურავენ, ხოლო 3 კვირის შემდეგ დამოუკიდებლად იკვებებიან მცენარეებით. თ. მრავლად იყო გავრცელებული ევროპაში, სამხრ. ციმბირში, შუა აზიასა და მთელ ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში მისი ძვლოვანი ნაშთები ნაპოვნია ხრამის ხეობაში, კოლხეთის დაბლობზე. როგორც ირკვევა, საუკუნის წინ მოსპეს ძვირფასი ბეწვის გამო. ამჟამად ყველგან მიმდინარეობს მისი აღდგენამოშენება. თ. შეტანილია `საქართველოს წითელ წიგნში”. ი. ელიავა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თახვი&oldid=8377-დან“