თბილისისათვის ბრძოლა 627–628

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისისათვის ბრძოლა 627–628, ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარე ომის (602–628) ერთერთი ეპიზოდი. ირანთან ბრძოლაში განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ იმპ. ჰერაკლემ 626 კავშირი დადო თურქთა დას. სახაკანოსთან, რის მესვეურები, თავის მხრივ, ცდილობდნენ კავკ. ქვეყნებიდან ირანი გაეძევებინათ და ამ გზით ჩინური და შუააზიური აბრეშუმი ირან. ვაჭრების შუამავლობის გარეშე გაეტანათ ბიზანტიაში. ინტერესთა ასეთმა ერთობამ განაპირობა სამხ. კავშირი ირანის წინააღმდეგ. მოკავშირეები თბილისთან 627 ზაფხულში თურქთა დას. სახაკანოს მბრძანებელთა სურვილით მოვიდნენ. ჰერაკლეს მთავარი ამოცანა ირანის დამარცხება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება იყო, თურქებს კი აბრეშუმის გზის დაუფლება აინტერესებდათ. ორთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჰერაკლემ ირანის შუაგულისაკენ გაილაშქრა (გზაში მას თურქ მოკავშირეთა ლაშქარი ნელნელა ჩამოშორდა). 627 წ. 12 დეკემბერს ქ. მოსულის ახლოს (ნინევიის ნანგრევებთან) ჰერაკლემ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. 628 ირან. ტახტზე ასულმა კავად შიროემ ბიზანტ. იმპერიას ხოსრო II-ის (591–628) მიერ დაპყრობილი ტერიტორიები (მ. შ. `ქართლის დიდი ნაწილი თბილისამდე”) დაუბრუნა. ზავი ირანთან სეპარატული იყო, რადგან ჰერაკლემ იგი მოკავშირეებთან შეუთანხმებლად დადო. 628, როცა ჰერაკლეს მოკავშირე თურქები ჯიბღუსა და შათის სარდლობით ხელახლა მოადგნენ თბილისს და ალყა შემოარტყეს, ჰერაკლე გარდაბნის მხარეში იმყოფებოდა. თბილისის დაცვას ირანელებთან ერთად ქართ. წყაროების – `მოქცევაQ ქართლისაQს” და `ქართლის ცხოვრების” – მიხედვით ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I ხელმძღვანელობდა, რ-იც ერთერთ ბრძოლაში დაიღუპა. 628 შემოდგომაზე თურქებმა თბილისი აიღეს. ქართლის ირან. ნაწილი ჰერაკლემ თურქთაგან მიიღო და ქართლის ერისმთავრად ბიზანტ. ორიენტაციის, სარწმუნოებით დიოფიზიტი ადარნასე დასვა. ლიტ.: გოილაძე ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997; მისივე, რატომ არ მონაწილეობდა იმპერატორი ჰერაკლე 628 წელს თბილისის აღებაში?, «მნათობი», 1997, # 5; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973. ვ. გოილაძე.