თბილისის არქეოლოგიური ძეგლები,

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის არქეოლოგიური ძეგლები.jpg


თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, საკულტო ძეგლებისა და სახელოსნოების ნაშთები, ნახიდურები, ნაარხალები (200-ზე მეტი). არქეოლ. ძეგლთა ასეთი სიმრავლე თბილისისა და მისი შემოგარენის განსაკუთრებული გეოგრ. მდებარეობით აიხსნება. ძვ. დროიდან დაწყებული აქ იკვეთებოდა კავკასიაზე გამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო გზები, რითაც დასისა და აღმის კულტურები ერთმანეთს უკავშირდებოდა, აღმ. ევროპის მომთაბარე ტომთა კულტურა კი კავკასიის სამხრით მდებარე წინა აზიის ცივილიზაციას ეზიარა. მოგვიანებით (ძვ. წ. II ს-იდან) თბილისზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზის ჩრდ. განშტოებაც, იგი ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა. უძველესი ცხვრის გზა კი, რ-იც დღესაც ფუნქციონირებს, თბილისის გავლით აკავშირებდა შირაქის ზამთრის საძოვრებს ჩრდ. კავკასიონის საზაფხულო საძოვრებთან. თბილ. შემოგარენში მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები იყო. თბილ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის ცხოვრების ნაშთი 6000-ზე მეტი წლისაა. ენეოლითური ხანის (დაახლ. ძვ. წ. V ათასწლ. II ნახ.) ნასახლარი დადასტურდა თანამედროვე დელისის უბანში. კერამ. ნაწარმის ნაშთებისა და ქვის სამიწათმოქმედო იარაღის გარდა, აღმოჩენილია სპილენძისა და კალის შენადნობისაგან (ანუ ბრინჯაოსაგან) დამზადებული ნივთებიც. დელისის ლითონის ნივთები უმდიდრესი ნიმუშებია მთელ ძვ. სამყაროში. არქეოლ. ძეგლებით განსაკუთრებით დიღმის ველია დატვირთული (თანამედროვე დიღმის მასივისა და დიდი დიღმის ტერიტორია). აქ მდებარეობს მთელ კავკასიაში ყველაზე დიდი, ე. წ. თრელიგორების ნასახლარი, რ-იც 3 ბუნებრივ ბორცვზეა განთავსებული და დაახლ. 1,5 კმ-ზეა გადაჭიმული საქართვ. სამხ. გზის გასწვრივ, მის მარცხ. მხარეს. თრელიგორებზე ადამიანს ძვ. წ. IV ათასწლ. შუა წლებიდან ადრეფეოდ. ხანის ჩათვლით უცხოვრია. გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ამ ნასახლარის სამაროვანი (თრელის სამაროვანი). გათხრილია ბრინჯაორკინის ხანის 200-მდე სამარხი. ნასახლარზე აღმოჩენილი უძველესი ფენები მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. დღეისათვის ცნობილ მტკვარარაქსის კულტ. ძეგლთა შორის უადრესია ღრმახევისთავის (დმანისის მუნიციპალიტეტი) და ხიზანაანთგორის E ფენის გამოვლენილ ძეგლებთან ერთად. თბილისში მომდევნო დროის ე. წ. დიდუბეკიკეთის ჯგუფის ძეგლებიცაა აღმოჩენილი.

თბილისის არქეოლოგიური გათხრები.jpg

მარტყოფში გაითხარა ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. დიდი ყორღანული სამარხები. აღმოჩენილი მდიდრული სამარხეული მასალა მეტყველებს, რომ თბილისი და მისი შემოგარენი ადრეულ ხანაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თბილისში აღმოჩენილმა შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებმა ნათელი მოჰფინა აღმ. ამიერკავკასიისა და წინა აზია – ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის საკითხებს ძვ. წ. II ათასწლ. I მეოთხედში. ამ ურთიერთობის ამსახველია ლილოში აღმოჩენილი ბრინჯაოს გრძელი საძგერებელი მახვილი (რაპირა) და თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი კანთარსოსის ფორმის თიხის სასმისები. თბილისში მრავლადაა წარმოდგენილი გვიანდ. ბრინჯაოადრერკინის ხანის ძეგლები. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე (ძვ. წ. XV–XIV სს. ე. წ. ლჭაშენწითელგორის არქეოლ. კულტურა) გვხვდება ქვის წრეებით შემოვლებული ორმოიანი ყორღანები, რთა სამარხეული მასალა უახლოეს მსგავსებას პოულობს კახეთის, თრიალეთისა და დას. სომხეთის ნივთებთან. ძვ. წ. XIV ს. ბოლოდან ჩნდება სამარხთა ახ. ტიპი – ქვაყრილიანი ორმოსამარხები, რებიც ძვ. წ. VI სმ-დე არსებობდა. ამ სამარხებში აღმოჩენილი ნივთები პარალელებს სამთავროს სამაროვნის ძეგლებთან პოულობს (ე. წ. სამთავრული არქეოლ. კულტურა). თბილ. და მისი შემოგარენის მნიშვნელოვან გეოგრ. მდებარეობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ გვიანდ. ბრინჯაოს ხანის აღმ. ამიერკავკასიის ზემოაღნიშნულ ორ უმსხვილეს კულტურას შორის საზღვარი სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა. თრელის სამაროვანზე გათხრილ სამარხთა შორის სიმდიდრით გამოირჩევა ძვ. წ. VIII–VII სს. დასაკრძალავდარბაზიანი კრემაციული სამარხები, ზოომორფული და მოჭიქული ჭურჭელი და სხვ., რებიც კონსტრუქციით, დაკრძალვის წესით, სიმდიდრით და აღმოჩენილი ნივთებით ნაწილობრივ განსხვავდება საქართვ. სინქრონული ძეგლებისაგან და გარკვეულ თავისებურებებს იჩენს აზერბ. და ჩრდ.დას. ირანულ ძეგლებთან. ერთი დასაკრძალავი დარბაზის ფართობი 70 2 აღწევდა. თბილისი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კლასიკურ ხანაშიც. ამაზე მეტყველებს საბურთალოს რეგიონში შემთხვევით აღმოჩენილი ძვ. წ. III–II სს. მდიდრული სამარხეული ნივთები და ახ. წ.III ს. II ნახ. წარჩინებული მეომრის სამარხი თრელის სამაროვნიდან. თბილისში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური მასალა მოწმობს, რომ გვიანანტ. ხანაში ეს ტერიტორია მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას ასრულებდა. მცხეთასთან შედარებით თბილისსა და მის შემოგარენს ურბანიზაციისათვის უფრო ხელსაყრელი გეოგრ. პირობები ჰქონდა. წინაფეოდ. ხანაში ისტ. ვითარებაც უკეთესი იყო. ამან ხელი შეუწყო თბილისის გადედაქალაქებას. ერეკლე II-ის მოედანთან ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად კარგად გამოჩნდა თბილ. საქალაქო ცხოვრების სტრატიგრაფია V ს-იდან XX სმ-დე. გამოვლინდა სამეურნეო და საცხოვრებლო ნაგებობების, წყალსადენების, კერამ. საწარმოს ნაშთები. სამეურნეო დანიშნულების ნივთების გარდა, აღმოჩნდა მინის, ლითონის, ქვის სამკაული და იარაღსაჭურველი. შუა საუკუნეების მეორე მნიშვნელოვანი ძეგლია `განჯისკარის” კერამ. სახელოსნო, სადაც ქართ. მხატვრული კერამიკის მრავალი ახ. სახეობა გამოვლინდა.

არქოლოგიური გათხრები ოქროს საყურე.jpg

თბილისის ისტ. შესწავლაში დიდი როლი შეასრულა ე. წ. თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიურმა გათხრებმა. გამოვლინდა XIII ს. ტაძარი, აბანო და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაწილი. აქ აღმოჩენილი მრავალფეროვანი თეთრკეციანი მოჭიქული იმპორტ. კერამიკა მიუთითებს, რომ XVII–XVIII სსში ქალაქს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქვეყნებთან. თ. ა. ძის შესწავლაში დიდი და ნაყოფიერი სამუშაო აქვთ ჩატარებული დ. ქორიძეს, გ. ლომთათიძეს, ი. გძელიშვილს, ო. ტყეშელაშვილს. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის რ. აბრამიშვილს, რის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1968იდან დაიწყო თ. ა. ძის სისტემ. შესწავლა. ლიტ.: აბრამიშვილი რ., თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; გძელიშვილი ი., ტყეშელაშვილი ო., თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1961; ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები თბილისში 1948 წ. ზამთარში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1–2, თბ., 1955–58; ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, [ტ.] 2, თბ., 1970; ჯაფარიძე ო., `განჯისკარის” 1948 წ. არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1Abramis c h w i l i R. und M., Archäologishe Denkmäler im Stadtgebiet von Tbilisi. Unterwegs zum Goldenen Vlies, «Archäologische Funde aus Georgien», Saarbrücken, 1995 მ. აბრამიშვილი.