თბილისის განძები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის განძები, აღმოჩენილია თბილისში სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე და შედგება ქართული და უცხო სახელმწიფოთა მონეტებისაგან. 1. 1917 თბილისში, ბოტან. ბაღთან მდებარე მაჰმადიანთა სასაფლაოზე, აღმოჩნდა ქართ. და ილდეღიზიდური მონეტების განძი, რ-იც შედგებოდა გიორგი III-ის, თამარ მეფის, გიორგი IV ლაშას სახელით მოჭრილი და სინქრონული ილდეღიზიდური მონეტებისაგან. მონეტები გაიფანტა. 2. 1935 თბილისის ძვ. უბანში – კრწანისში – აღმოაჩინეს ქართ. და უცხ. სპილენძის მონეტების განძი (1319 მონეტა). მის შემადგენლობაში იყო: 1 ც. გიორგი III-ის, 1312 ც. რუსუდანის, 1 ც. ჯალალედინის, 1 ც. ბიზანტ. იმპ. ანასტასიოს Iის (491–518), 1 ც. ალექსი I კომნენოსის (1081–1118), 3 ც. ილდეღიზიდი ათაბაგის აბუ ბაქრის (1195–1210) სახელით მოჭრილი მონეტები. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII ს. 30-იან წლებში. 3. 1936 თბილისში, ავლაბარში, აღმოჩნდა ქართული და ილდეღიზიდური სპილენძის მონეტების განძი, რ-იც შედგებოდა თამარისა და დავით სოსლანის მიერ ქორონიკონს 420 (1200) მოჭრილი (4 ც.), გიორგი IV ლაშას მიერ `ჯავახთუფლის” ტიტულით მოჭრილი (1 ც.), რუსუდანის მიერ ქორონიკონს 447 (1227) მოჭრილი, რუმის სელჩუკიანი სულთნის ქეიქაუსის (1210–19) სახელით მოჭრილი (1 ც.), ილდეღიზიდ უზბეკის (1210–25) სახელით მოჭრილი (1 ც.) მონეტებისაგან. განძი ჩაფლულია XIII ს. 20-იან წლებში. 4. 1937 თბილისში, ორბელიანების კუნძულზე, აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი, რ-იც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. განძი გაიფანტა. შემორჩენილია გიორგი III-ის სახელით მოჭრილი მონეტა და 1226 წ. ქართ. მონეტებიდან გადაჭედილი ჯალალედინის მონეტა. ლიტ.: აბრამიშვილი თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1965; Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979. გ. დუნდუა.