თბილისის დარბაზობა 1490

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის დარბაზობა 1490, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სამეფოსამთავროებად დაშლის შემდეგ ქართლის მეფე კონსტანტინე II კვლავ ცდილობდა შემოსეული მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ძალების გაერთიანებას. 1488–89, ქართლში იაყუბყაენის შემოსევების დროს, მან დახმარებისათვის მიმართა სამცხის მთავარსა და კახეთის მეფეს, მაგრამ უარი მიიღო. 1490 თბილ. განთავისუფლებისა და ქართლიდან თურქმანების განდევნის შემდეგ კონსტანტინე II აპირებდა ბრძოლის დაწყებას კახეთის, იმერეთისა და სამცხის შემოსაერთებლად. მან მოიწვია დარბაზის სხდომა, რზედაც დასვა საკითხი: `თუ რაQ ჰყონ განდგომილებისათUს ქეყანათა და ვითარ მოაგონ კალად მეფობასავე თUსსა”. დარბაზმა ერთხმად ურჩია, რომ ხელი აეღო ამ ბრძოლაზე: `ვინაQთგან მტკიცედ სდგან ერთგულებასა ზედა თUსთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთUს არა განგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მწე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა”. დარბაზის ასეთი მოთხოვნა თუ რჩევა არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა. ამრიგად, დარბაზის გადაწყვეტილებით (1490) საქართველოს სამეფოსამთავროებად დაშლა იურიდიულადაც გაფორმდა. 1491–92 ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებმა და სამცხის მთავარმა ერთმანეთს შორის საზღვრები განაწესეს. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3–4, თბ., 1973–79. ნ. ასათიანი.