თბილისის დაცვა 1921

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის დაცვა 1921, ერთკვირიანი (17–25 თებ.) ბრძოლები თბილისთან რუსეთსაქართველოს 1921 წლის ომის დროს. ომის პირველ ეტაპზე (11–16 თებ., 1921) მოულოდნელი თავდასხმით რუს. ბოლშევიკურმა ჯარმა თავიდანვე დიდ უპირატესობას მიაღწია და მდ. ხრამზე ქართ. ჯარის დამარცხების შემდეგ გზა გაეხსნა დედაქალაქისაკენ. თბილისთან ბრძოლებში მცირერიცხოვანი ქართ. ჯარი (10 ათასამდე ხიშტი, 500 ხმალი, 46 ქვემეხი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ჯავშანავტომობილი და თვითმფრინავი; მთავარსარდალი გენ. გ. კვინიტაძე) წინ აღუდგა სხვადასხვა შენაერთებით გაძლიერებულ რუსეთის მე-11 არმიას (დაახლ. 36 ათასი ხიშტი, 4,3 ათასი ხმალი, 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 7 ჯავშანმატარებელი, 3 ჯავშანავტომობილთა რაზმი, 4 ტანკი, 50 თვითმფრინავი, სომხ. კავალერიის ბრიგადა და 2 სომხ. ქვეითი პოლკი; მთავარსარდალი ა. ი. გეკერი). 16 თებერვალს ხრამზე კატასტროფული მარცხის შემდგომ ქართ. ჯარიდან მხოლოდ 700მდე მებრძოლმა მიაღწია თბილისამდე. გ. კვინიტაძე ასე აფასებდა მდგომარეობას: `თბილისის ბედი გადაწყდა წითელ ხიდთან და ხრამზე ბრძოლებში. 16 თებერვალს მოწინააღმდეგეს თუნდაც მხოლოდ კავალერიით რომ განევითარებინა დევნა, ღამით მას დაუბრკოლებლად შეეძლო თბილისში შემოსვლა”. მიუხედავად ამისა, მთავარსარდალმა სწრაფი და ენერგიული ქმედებით შეძლო თ. დის ორგანიზება. მან ფრონტის ხაზი სექტორებად დაყო: ა) მტკვრის მარცხ. ნაპირზე, ორხევის მონაკვეთზე დააჯგუფა გვარდიის დარჩენილი ნაწილები გენ. ა. ჯიჯიხიას სარდლობით; ბ) მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, ტაბახმელამდე, სოღანლუღის ფრონტის უფროსად დანიშნა გამოცდილი გენ. გ. მაზნიაშვილი; გ) ტაბახმელიდან კოჯრამდე მონაკვეთი ჩააბარა გენ. ა. ანდრონიკაშვილს და აქ განალაგა სამხ. სკოლა. გ. კვინიტაძემ გამოიცნო მტრის შეტევის მთავარი მიმართულება და ძირითადი ძალები ფრონტის სოღანლუღის მონაკვეთზე დააჯგუფა. გ. მაზნიაშვილის ხელქვეით აღმოჩნდა 2,5 ათასამდე ხიშტი, 5 ბატარეა – ჰაუბიცები და საარმიო არტილერიის მსუბუქი ქვემეხები, 1 ჯავშანმატარებელი და 2 ჯავშანავტომობილი. 18 თებერვალს, საღამოს, რუსეთის ჯარის ნაწილები სოღანლუღთან გამოჩნდნენ. წინა წარმატებით გათამამებულმა მე-11 არმიის სარდლობამ შეცდომა დაუშვა – ღამით მოუმზადებლად შეუტია დაუზვერავ პოზიციებს. ქართ. ნაწილები მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ მტერს, გამთენიისას კი ჯავშანავტომობილებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სასტიკი მარცხი აგემეს რუსებს (ხელთ იგდეს 1600 ტყვე), გაქცეულებს არტილერიით შეუტიეს და თვითმფრინავები დაადევნეს. მიუხედავად მარცხისა, მოწინააღმდეგემ დაუყოვნებლივ შეცვალა მიმართულება და 19 თებერვალს ტაბახმელაზე მიიტანა იერიში. მათ ვერ შეძლეს სამხ. სკოლის (სულ 160 იუნკერი და 350 ნაცვალი) ფრონტის გარღვევა (იხ. კოჯორტაბახმელას ბრძოლები 1921).

თბილისის დაცვის სქემა.jpg


19–20 თებერვალს ორხევის სექტორში საარტილერიო ორთაბრძოლა და უმნიშვნელო შეტაკებები მიმდინარეობდა. 21 თებერვალს მტერმა სცადა მარცხენა ფრთის შემოვლა. ქართველებმა კონტრიერიშით უპასუხეს. ქართ. სარდლობამ შექმნა მოიერიშე ჯგუფი 5 გვარდიული ბატალიონისა და ცხენოსანი ბრიგადისაგან გენ. ა. ჯიჯიხიას მეთაურობით და სოფ. ლილოდან შეტევაზე გადავიდა. ორხევიდან მტერს ფრონტალურად შეუტია გვარდიის ორმა ბატალიონმა. რუსები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ქართ. ჯარმა 10 კმ-ით წაიწია წინ, მაგრამ 23 თებერვალს, მარცხენა ფლანგზე რუსების ცხენოსანი დივიზიის გამოჩენის შემდეგ, ძვ. პოზიციებზე დაბრუნდა. 22 თებერვალს წითლების კავალერიამ მარჯვენა ფლანგიდან შემოუარა ფრონტს, დაიკავა მანგლისი და ზურგიდან დაემუქრა თბილისს. ქართველები იძულებული გახდნენ წყნეთამდე გაეგრძელებინათ ფრონტის ხაზი. 24 თებერვალს ფრონტი კიდევ უფრო გაგრძელდა: შეიქმნა ლილოს საბრძოლო უბანი, პოლკ. ნ. გედევანიშვილის მეთაურობით. მე-11 არმიას განუწყვეტლივ ემატებოდა დამხმარე ძალები და იმავე დღეს, ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტი საარტილერიო შეტევა წამოიწყო. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმ. ბრიგადა უკვე სამხ. სკოლის მცირერიცხოვან მეომრებს დაუპირისპირდა, მაგრამ იუნკრებმა მრავალგზის უკუაქციეს მტერი ხიშტებით და მთელი დღის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიეს უკან. სოღანლუღის ფრონტზე რუსებმა მაზნიაშვილის პოზიციები გაარღვიეს და 6 საათზე ე. წ. ტრიგონომეტრიულ პუნქტს დაეუფლნენ, მაგრამ ქართველებმა, უკანასკნელი რეზერვების ბრძოლაში ჩართვით, მტერი უკუაგდეს და სიმაღლე დაიბრუნეს. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე შეტევისას რუსებმა ბრძოლაში ჩააბეს 5 ჯავშანმატარებელი (1 ქართველებმა მწყობრიდან გამოიყვანეს), 3 ტანკი და ჯავშანავტომობილები. ტანკების დახმარებით ბოლშევიკებმა ორხევის სანგრები დაიკავეს, მაგრამ გვარდიის ნაწილებმა კონტრშეტევით აღადგინეს თავდაპირველი მდგომარეობა და მტერი პოზიციებიდან გარეკეს. ქართ. ჯარმა ფრონტის მთელ ხაზზე მოიგერია მე-11 არმიის შეტევები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო გაშიშვლებულ ფლანგებზე მეტად სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა. წითლების კავალერიამ ორივე ფლანგიდან შემოუარა ფრონტს. განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა ლილოს სექტორში. მტრის ცხენოსნებმა პოლკ. ნ. გედევანიშვილის მარცხენა ფლანგს შემოუარეს, მცირერიცხოვანმა ქართ. კავალერიამ სოფ. ნორიოსთან შეტაკებით სცადა მათი შეჩერება, მაგრამ წითლებმა დაიკავეს სოფლები მამკოდა, გლდანი და ბოლოს – ავჭალა. ქართველებმა ავჭალის სადგური დაიბრუნეს ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის დახმარებით. 25 თებერვლისათვის მდგომარეობა კრიტიკული იყო – ფრონტის ცალკეულ მონაკვეთზე, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ამოიწურა უკანასკნელი რეზერვები. მე-11 არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქალაქის დამცველთა რიგებს, ბრძოლის ველზე კი რუსების კავალერია დომინირებდა, რსაც ადვილად შეეძლო მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა. ასეთ ვითარებაში ბრძოლის გასაგრძელებლად და ჯარის გადასარჩენად მთავარსარდალმა მიიღო გადაწყვეტილება და თბილისიდან უკან დაიხია. ქალაქის დაცვის ერთკვირიანი გმირული ეპოპეა დასრულდა, 25 თებერვალს საქართვ. დედაქალაქი მე-11 არმიამ დაიკავა. ლიტ.: მაზნიაშვილი გ., მოგონებანი. 1919–1925, თბ., 1937; კვიტაიშვილი ა., რუსეთსაქართველოს ომი 1921 წელს, ჟურნ. «კავკასიონი», პარიზი, 1967; Квинитадзе Г. И., Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921, Париж, 1985; Директивы командования фронтов Красной Армии (1917–1922 гг.), т. 3, М., 1974; Кадинцев А. Б., Интервенция и гражданская война в Закавказье, М., 1960. მ. წურწუმია.