თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეოლოგიური გათხრები დედა ციხეზე.png

თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები, სისტემატური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1966 შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით (გ. ლომთათიძე, ი. გძელიშვილი, ო. ტყეშელაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. გვერდწითელი). ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ციხის ხელში ჩასაგდებად გამართული ბრძოლების შედეგად იგი მრავალგზის არის დანგრეული, დაზიანებული, აღდგენილი და გადაკეთებული. ამის გამო ზღუდეებისა და გოდოლების პერანგს ჭრელი აღნაგობა აქვს. გამოვლენილია შუა ფეოდ. ხანის მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა (აღმოჩენილი ნაშთების უმეტესობა გვიანფეოდალურ ხანას ეკუთვნის), ქვათლილებით შემოსილი და უხვად მოჩუქურთმებული ტაძრის (შიდა ფართობი – 10,5 X17,5 ) ნაშთი, რ-იც XII–XIV სს-ში უნდა იყოს აგებული. გამოვლინდა აგურის სხვა ნაგებობებიც, მ. შ. ერთი, შიგნიდან კარგად შელესილი, კერამ. მონაპოვრის მიხედვით რუსთაველის ხანისაა. აქვე აღმოჩნდა ჩუქურთმიანი ქვის ნატეხი, რ-იც დიდი ტაძრის დეტალებისაგან განსხვავდება და უფრო ადრინდელია. არქეოლოგების ვარაუდით დედაციხის შიგნით ადრევე არსებობდა საყდარი, რ-ის საძირკველზე შუა ფეოდ. ხანაში დიდი გუმბათიანი ტაძარი აუგიათ. დედაციხეზე მრავალრიცხოვან საგანთა შორის ნაპოვნია მოუჭიქავი და ცისფრად მოჭიქული კრამიტი და შორენკეცები, მოჭიქული ჯამჭურჭელი, ქაშანურისა და თეთრი თხელი ფაიფურის მდიდრული იმპორტ. ჯამჭურჭელი, მინის მდიდრული ჭურჭელი (ნაწილობრივ იმპორტ.), ქალის ძვირფასი ფეხსაცმელი, თითოოროლა სამკაული, ქვისა (უფრო ძველი) და თუჯის (საარტილერიო) უამრავი სატყორცნი ბირთვი (მათი ნაწილი ციხისთვის ნასროლია, ნაწილი – ციხის მარაგის ნაშთია), თიხის ყალიონები, რკინის ხელსაწყოიარაღი, დიდი რაოდენობის ქართ. და უცხ. (მეტწილად სპილენძის) მონეტები, მოყოლებული რუსუდან მეფის დროიდან რუს. იმპ. ეკატერინემდე, ზოგი – უფრო ახალიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა `მეფეთა საკადრისი”, ძვირფასი ქაშანურისა და მინის სუფრის უნიკალური ჭურჭელი. ლიტ.: ლომთათიძე გ., საქართველოს მოსახლეობის კულტურა და ყოფა I–XIII სს. ( არქეოლოგიური მასალების მიხედვით), თბ., 1971; ლომთათიძე გ., ტყეშელაშვილი ო., გძელიშვილი ი., პირველი არქეოლოგიური კამპანია თბილისის დედაციხეზე, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის XVI სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1966 წ. საველეარქეოლოგიური კვლევაძიების შედეგებისადმი, თბ., 1977. ე. გოგაძე.