თბილისის ეროვნული პარკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ეროვნული პარკი, შეიქმნა 1973. მოგვიანებით დაკარგა სტატუსი. აღდგა 2007 ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილის და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე. ფართობი 23218,28 ჰა. პარკის ტერიტ. გეომორფოლოგიურად მრავალრიცხოვანი მთებით, ფერდობებით და ხევებით ძლიერ დასერილ რაიონს წარმოადგენს, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთების საგურამოიალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდობებზე, რებიც განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე ზ. დ. 600 – 1700 სიმაღლეზე. უმაღლესი წერტილი ზ. დ. 1766 მ-ია. თ. ე. პ-ში ძირითად ნიადაგწარმომქმნელ ქანებად წარმოდგენილია კარბონატული ქვიშაქვები და კონგლომერატები, უკარბონატო თიხაფიქლები, ალუვიური ნაფენები. ნიადაგის გავრცელებული ტიპებია: მცირე, საშუალო, დიდი სისქის ტყის ყომრალი, ტყის ღია ყომრალი, ხირხატიანი, განვითარებული უკარბონატო ქვიშაქვებისა და თიხაფიქლების გამოფიტვის პროდუქტებზე; ტყის ყავისფერი, კარბონატული, მცირე სისქის მძიმე თიხნარი, ალაგ სუსტად ჩამორეცხილი, განვითარებული კარბონატულ ქვიშაქვებზე, კონგლომერატებზე და ქვაღორღიან ნაფენებზე. ეროვნ. პარკის ტერიტ. მოქცეულია დიდი და მცირე ქედების განშტოებაზე. ხასიათდება რთული ოროგრაფიით, ზღვის დონიდან სიმაღლეთა ძლიერი ცვალებადობით, რ-აც გავლენას ახდენს კლიმ. პირობების ფორმირებაზე. თ. ე. პ. მოქცეულია ზომიერად ნოტიო ჰავის ზონაში, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ნალექები წლის განმავლობაში არათანაბარია: ნაკლებია ზამთარში, მეტია გაზაფხულზე. დამახასიათებელია ჩრდ.აღმის, ცალკეულ პერიოდში – სამხრ.დასის ქარები. პარკის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიულ ქსელს ძირითადად ქმნიან მდინარეები გლდანისხევი და თეზამი. კავკ. ტყის მცენარეული ოლქებისა და ვერტ. ზონალობის მიხედვით თ. ე. პის კორომები აღმ. საქართველოს ტყიან ნაწილში შედის. პარკის ტერიტ. მოიცავს საგურამოიალნოს და საბადურის საშუალო მთიან განედურ ქედებსა და მათ შორის მდებარე თეზამის, გლდანისხევის, თრანულის და ივრის ხეობებს. პარკის მრავალფეროვანი ფაუნა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფრით. ნათელი ტყეების სარტყელი ზ. დ. 600 მმდე, წარმოდგენილია ღვიების, ძეძვისა და სხვა დაბალტანიანი ხეებისა და ბუჩქებისაგან. 600 -იდან ხეების სარტყელი წარმოდგენილია მუხის, მინდვრის ნეკერჩხლის, ჯაგრცხილის, იფნის, რცხილისა და სხვ. სახით 1000–1600 ტყეში გავრცელებულია ნეკერჩხალი, აღმოსავლეთის წიფელი, იფანი, ქვეტყეში გვხვდება კუნელი, შინდი, ზღმარტლი, თრიმლი, წივანა, ტყის თაგვისარა, კრაზანა, ჩვეულებრივი თავშავა და სხვ. პარკში ხელოვნურადაა გაშენებული ფიჭვნარები და უნიკალური უთხოვრის კორომები. პარკში ტყეებს ვერტ. ზონალობა ახასიათებთ, ასევე გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხური ფლორის წარმომადგენლები: კოლხური ჭყორი, კოლხური და პასტუხოვის სურო, აღმოსავლეთის ძახველი, თაგვისარა, უთხოვარი, კავკასიური დეკა, წყავი და სხვ. თ. ე. პ-ში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: მელა, მგელი, ირემი, კურდღელი, ტყის კვერნა და სინდიოფალა, იშვიათად – ფოცხვერი და მურა დათვი, ფრინველებიდან გვხვდება ჩხიკვი, შაშვი და რამდენიმე სახის კოდალა, მიმინო, ბეგობის არწივი, დიდი მყივანი არწივი და ქორცქვიტა. მდ. თეზამზე გავრცელებულია მურწა, წინა კავკ. გველანა, ნაფოტა, ამიერკავკ. გველანა. პარკის ტერიტორიაზე გვხვდება ქვეწარმავალთა 12 სახეობა: ბერძნ. კუ, ბოხმეჭა, გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, მდელოს ხვლიკი, საშუალო ხვლიკი, კავკ. ჯოჯო, ჩვეულებრივი ანკარა, წითელმუცელა მცურავი, ფერადი მცურავი, კატის გველი, სპილენძა. რ. ჯაფარიძე.