თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ანონიმური მონეტები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ანონიმური მონეტები, თბილისის ზარაფხანაში სხვადასხვა დროს ჭრიდნენ ვერცხლისა და სპილენძის უსახელო მონეტებს. პირველი ასეთი მონეტა, რის ლეგენდაში ზარაფხანის სახელი აღნიშნული არ არის, VI ს. დასასრულს მიეკუთვნება. ესაა სასანური ტიპის ვერცხლის მონეტა, რის ქართ. წარმომავლობას მიგვანიშნებს მონეტაზე ჯვრის გამოსახულება. შემდგომ წლებში თბილისში მოჭრილ უსახელო მონეტებზე ყოველთვისაა მითითებული ზარაფხანის სახელი. ასეთია ომაიანთა დროის არაბ. დირჰემი, დათარიღებული ჰიჯრით 85 (704), და აბასიანთა დროის არაბ. დირჰემი, დათარიღებული ჰიჯრით 210 წ. (825). თბილ. ზარაფხანაში ანონიმური მონეტების გამოშვება განახლდა მონღოლთა ბატონობის ხანაში. XIII ს-ში მოჭრეს რამდენიმე ტიპის უსახელო ვერცხლის მონეტა [ჰიჯრით 637 (1239/40), 642 (1244/45), 643 (1245/46), 660–678 (1261/62–1279/80)]. ამ მონეტების თავისებურება არის ის, რომ მათზე მოთავსებულ მუსლ. რელიგ. სიმბოლოში არ არის მაჰმადის სახელი. სინქრონულად ჭრიდნენ სპილენძის მონეტებსაც. XVIII ს-ში აქვე უშვებდნენ ირანული ყაიდის უსახელო მონეტებს, რებზეც სპარსულად არის აღნიშნული თბილ. ზარაფხანის სახელი და მოჭრის დრო. ჰიჯრით 1160–1213 (1752/53–1798/99) თბილ. ზარაფხანაში ჭრიდნენ სხვადასხვა ნომინალის ვერცხლის მონეტებს, რ-ებზეც სპარსულადაა დაწერილი მოჭრის ადგილი და დრო. ამ მონეტებს სირმა ვერცხლს ან სირმა აბაზიანსაც უწოდებენ. 1804–33 თბილ. ზარაფხანაში იჭრებოდა ანონიმური მონეტებიც, რებზეც ქართულად წერია მოჭრის ადგილი და დრო, ხოლო რუსულად მომჭრელის ინიციალებია ამოკვეთილი. ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009. გ. დუნდუა.