თბილისის თათბირი 1722

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის თათბირი 1722, ივლისაგვისტოში ვახტანგ VI-ის მიერ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის სტრატეგიული კურსის გადასაწყვეტად მოწვეული თათბირი. XVIII ს. I მეოთხედში სამი დიდი სახელმწიფოს – რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის პოლიტ. და ეკონ. ინტერესები ერთმანეთს სამხრ. კავკასიაში შეეჯახა, სადაც ერთადერთ რეალურ სამხ.პოლიტ. ძალას ქართლის სამეფო წარმოადგენდა. ამიტომ, სამივე დაპირისპირებული დიდი ხელისუფალი ვახტანგ VI-ს თავის მხარეზე გადმოსვლას მოუწოდებდა. ქართველ პატრიოტებს ერთმორწმუნე ძლიერი რუსეთის გამოჩენა კავკასიაში აღმ. დესპოტიების უღლისაგან გათავისუფლების პირობად ესახებოდათ. მომხიბლავი ჩანდა პეტრე I-ის განზრახვაც, რიც ოსმალეთის აგრესიის შესაჩერებლად და კასპიისპირეთისაკენ გზის გადასაჭრელად ვახტანგ VI-ის სკიპტრის ქვეშ ქართ.სომხ. ბუფერული სახელმწიფოს შექმნას გეგმავდა, რაც, ფაქტობრივად, საოცნებო „ქრისტიანული კავკასიის” აღდგენასაც ნიშნავდა. ჩანს, ამ გეგმის შესაბამისად, ვახტანგ VI უკვე 1719-იდან შეუდგა ქართ.სომხ. ჯარის შექმნას და, საერთოდ, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების კონსოლიდაციას მთელ სამხრ. კავკასიაში. 1722 წ. 15 ივნისს პეტრე I-მა სპარსეთში ლაშქრობის მანიფესტი გამოაქვეყნა, ივლისში კი პეტრე I-ის ელჩი, ბაადურ თურქესტანიშვილი ეწვია ვახტანგს კონკრ. ინსტრუქციებით. თითქმის იმავდროულად, ავღანთაგან შევიწროებული შაჰი ჰუსეინი ვახტანგ VI-ს უხმობდა დასახმარებლად, ხოლო ოსმალეთი მორჩილებას მოითხოვდა მისგან. ვახტანგ VI, თავის წინამორბედთა მსგავსად, წინდაწინვე იყო განწყობილი რუსეთის მფარველობის მოსაპოვებლად, მაგრამ ასეთ რთულ პოლიტ. სიტუაციაში ქვეყნის თავკაცებთან მოთათბირებისა და მათი დასტურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩანს, მაინც არ სურდა. თბილისში შემდგარი ამ დიდმნიშვნელოვანი თათბირის შესახებ ცნობები მხოლოდ დავით გურამიშვილის „დავითიანშია” დაცული. სათათბირო სხდომა თბილ. მეფის სასახლეში „ხელმწიფის კარის გარიგების” მოთხოვნათა შესაბამისად შემდგარა: „შეკრბენ ქართველთ ბატონყმანი, ერთად თავი მოიყარეს, დასხდენ რიგით, ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს”. ეს იმას ნიშნავდა, რომ თათბირის მონაწილეებს სახელმწ. არქივიდან ამოუღიათ რუსეთთან ქართველთა ადრეული კონტაქტების მაჩვენებელი საბუთები და მის საფუძველზე გაუმართავთ მსჯელობა. კამათი რუსეთის მხარეზე გამოსვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის საკმაოდ მწვავე და ხანგრძლივი გამოდგა. სომხ. წყაროების არაპირდაპირი მოწმობით, თათბირს უნდა დასწრებოდა აგრეთვე იმ დროს თბილისში მყოფი განძასარის სომეხთა კათოლიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანცი, რიც, ცნობილი სომეხი ისტორიკოსის ლეოს მტკიცებით, ყოველნაირად ცდილობდა ვახტანგი რუსეთის წინადადებაზე დაეყოლიებინა. რუსების მომხრეთა ანგარიშით, თუკი „ქრისტიან ხელმწიფის ხელდებულნი” გახდებოდნენ, შესაძლოა არ „გაკეთებულიყვნენ”, მაგრამ არც არაფერს წააგებდნენ. ბევრად უფრო რეალისტური იყო მათი ოპონენტების არგუმენტები: „არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების, მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების, ვინემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების”. (დ. გურამიშვილი) თანამედროვეთა მოწმობით, ვახტანგ VI-ს იმდენად სჯეროდა პეტრე I-ის დაპირებებისა, რომ ოპონენტებმა ვერაფერი გააწყვეს. ვახუშტის ცნობით, ვახტანგმა „განუტევნა ყოველნი (ე. ი. უკუაგდო ყველა სხვა მოტივი) და აღირჩია რუსთ მეფე”. გ. მაისურაძე.