თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო, დაარსდა 1329 წ. 6 თებერვალს. რომის პაპმა იოანე XXII-მ სპეც. ბულით გააუქმა თურქებისაგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და იგი თბილისში გადაიტანა, რადგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ ისევ გაერთიანებული და მონღოლთა ბატონობისგან თავისუფალი საქართველო ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კათოლიკობის პროპაგანდისათვის. ამავე დროს, XIII სიდან კათოლიკე მისიონერების პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ქართვ. კათოლიკეები. საეპისკოპოსოს მიეცა ქართულენოვანი ტიპიკონი. მისი დაარსება იმითაც იყო გამოწვეული, რომ საქართველოს სამეფო კარი და ქართ. ეკლესია კეთილგანწყობას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი. ამავე პერიოდში, ზოგიერთი წყაროს ცნობით, სოხუმშიც არსებულა კათოლ. საეპისკოპოსო. თ. კ. ს. რომის პაპმა დაუმორჩილა სპარსეთში არსებულ სულთანიეს ეპისკოპოსს. პირველი ეპისკოპოსი იყო ქართ. ენის კარგი მცოდნე, დომინიკელთა ორდენის მისიონერი იოანე ფლორენციელი (1329–48), რ-მაც ამ თანამდებობაზე 19 წელი დაყო, მეორე – ბერტანო კოლეტი (1349–56) და სხვ. თ. კ. სმ იარსება XVI ს. 10-იან წლებამდე. ამ ხნის განმავლობაში სულ 13 ეპისკოპოსი განაგებდა ეპარქიას. მისი გაუქმება განაპირობა ერთიანი საქართველოს ფეოდ. დაქუცმაცებამ და დასუსტებამ. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა არ შეწყვეტილა. ქართვ. კათოლიკეები სულთანიეს საეპისკოპოსოს მრევლად ირიცხებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1920 წ. 20 ოქტ., თ. კ. ს. კვლავ აღდგა. მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ თ. კ. ს. გააუქმეს, რომის პაპის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლ. ეკლესიებიც დახურეს. მოქმედი იყო მხოლოდ თბილ. პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რიც ლიტვის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1993 თებერვალში, თბილისში ვატიკანის წმ. ტახტის სადესპანო გაიხსნა და კვლავ აღდგა ლათ. წესის კათოლიკეთა სამოციქულო საეპისკოპოსო. დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს არაერთი კათოლ. ეკლესია, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, უდეში და ა. შ. ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995; კიკნაძე ვ., ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს შესახებ, «თსუ შრომები», 1983, ტ. 243; ლომსაძე შ., გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან. ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979; მისივე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984. ე. ბუბულაშვილი.