თბილისის კარები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის კარები, ზღუდეში დატანებული კარები, რომელთა საშუალებით თბილისი გარე სამყაროსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას ამყარებდა. თ. კის რაოდენობას განსაზღვრავდა ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობა, დროთა განმავლობაში ქალაქის ტერიტ. ზრდა ან შემცირება. თ. კის შესახებ პირველ ცნობას ვხვდებით ისტორიკოს ჯუანშერთან, როდესაც იგი მოგვითხრობს 627–628 თბილისს გარსმომდგარ ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა გაერთ. ლაშქრის ერთერთ ბრძოლაზე ქალაქის დამცველებთან: `ხოლო სტეფანოზ... დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა”. ჯუანშერის შემდეგ თ. კის შესახებ ცნობებს ვხვდებით X ს. არაბ ისტორიკოსებთან იბნ ჰაუკალთან და ალ-ტაბარისთან. იბნ ჰაუკალი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ ქალაქს პიტალო კლდის (ტინის) ორი კედელი აკრავს და სამი კარი აქვს. თ. კ-ის შესახებ უფრო სრულყოფილად მოგვითხობს ალტაბარი 853 ბუღა თურქის თბილისში ლაშქრობის აღწერის დროს. ალტაბარის ცნობით, მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე განლაგებულ თბილისს ჰქონდა ხუთი კარი: მაიდნის კარი, კარის კარი, მცირე (პატარა) კარი, რაბადის კარი და სოღდებილის კარი. ხოლო მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, სოღდებილის მედინაში ასახელებს `ჰისაქის კარს”. თ. კ-იდან ზოგიერთის რეკონსტრუქცია და მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დადგენა ხერხდება. ადრინდ. შუა საუკუნეების არაბი მთხრობლები ამა თუ იმ ქალაქის კარების ჩამოთვლისას იყენებდნენ ორ პრინციპს: საათის ისრის მოძრაობის და ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებას, რ-ის გათვალისწინებითაც ხდება მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დადგენა. ალტაბარი თ. კის დასახელებისას პირველ პრინციპს იყენებს და მათ ჩამოთვლას ქალაქის სამხრ. კედელში დატანებული კარით იწყებს: მაიდნის კარი (გვიანდ. შუა საუკუნეების აბანოს კარი). კარის კარი (მიესადაგება განჯის კარს). მესამე კარს მცირე (პატარა) კარი ჰქვია. მისი ადგილმდებარეობის ზუსტ მინიშნებას ართულებს თვით კარის რაიმე კონკრ. სახელის უქონლობა. თუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებას გავყვებით, აღნიშნული კარი ქალაქის ჩრდ.დასით უნდა ვეძებოთ, ხოლო სახელი მის მეორეხარისხოვან თ. კ-ზე უნდა მიუთითებდეს. რიგით შემდეგია რაბადის კარი, რიც ქალაქის კედელს ჩრდილოეთიდან ჰქონდა დატანებული და ქალაქს (კალას) აკავშირებდა რაბადთან (შემდგომში გარეთუბანთან). გვიანდ. შუა საუკუნეებში ქალაქის ზღუდეს ჩრდ.დასიდან 4 კარი ჰქონდა დატანებული, რაც ართულებს რომელიმე მათგანთან რაბადის კარის მისადაგებას. მეხუთე კარი ალ-ტაბართან სოღდებილის კარია, რ-იც მეტეხის ხიდთან მარცხ. სანაპიროზე მდებარე სოღდებილისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. საზოგადოდ, ქალაქის ზღუდეში დატანებული ესა თუ ის კარი იმ ტერიტორიის, ადგილის, დასახლ. პუნქტის, ქალაქის და ა. შ. სახელს ატარებდა, საითაც იყო მიმართული. თ. კ-ის შესახებ, მართალია, ზოგად, მაგრამ საინტერესო ცნობას ვხვდებით XI ს. ქართ. საისტ. თხზულებაში `მატიანე ქართლისა”. 1045 ქალაქის ბერების მოწვევით საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ის ქალაქში შემოსვლისას ,,...მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი” და `აღიხუნა კოშკი კართანი თავის კაცითა”. ამგვარად, ქალაქის ყველა კარი იკეტებოდა და თითოეულს თავისი კლიტე, თავისი დამცველი კოშკი ჰქონდა, რ-შიც იდგა მეფის მიერ დანიშნული საგანგებო მოხელე – კარის მეთვალყურე და ზედამხედველი (მეკარე და მებაჟე). ყველა კარი საღამო ჟამს იკეტებოდა და დაგვიანებული მგზავრი თუ ქარავანი იძულებული იყო ღამე ქალაქის კარს მიღმა გაეთენებინა. ჟამთააღმწერელს ჯალალედინის მიერ 1226 თბილისის აღების დროს გამართული ბრძოლების შესახებ თხრობისას რამდენჯერმე აქვს ნახსენები ქალაქის კარნი და გვამცნობს, რომ ქალაქის ერთერთი დამცველი მემნა ბოცოს ძე მოკლეს `განძის კართა კერძო”, ე. ი. განჯის კართან. XVII–XIX სს. წერილობითი წყაროები მეტად მწირ ცნობებს შეიცავს თ. კ-ის შესახებ. ამ ხარვეზს ავსებს ქალაქის გრაფ. გამოსახულებანი: 1673 (შემსრულებელი – ჟან შარდენის მხატვარი გრელო), 1701 (შემსრულებელი – ო. ტურნეფორის მხატვარი ობრიე), 1735 (ვახუშტი ბაგრატიონი), 1785 (პიშჩევიჩი), 1800 (ჩუიკო) წლებში შედგენილი თბილ. ნახატები და გეგმები. ქალაქის ეს გრაფ. გამოსახულებანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და, ამდენად, ურთიერთს ავსებს, რაც საშუალებას გვაძლევს მათი ურთიერთშეჯერებით, ასევე XVII–XVIII სს. სიგელგუჯრების მოშველიებით დავადგინოთ თ. კ-ის მეტნაკლებად ზუსტი სურათი. მტკვრის მარჯვ. მხარეს, გალავანში დატანებული იყო რამდენიმე კარი: სამხრით – აბანოს (სეიდაბადის), განჯის (ციხის); დას-ით – კოჟრის (კოჯრის, ზემო, მაღალი, მაღლა, წავკისის), ჩრდით – დიღმის (შუა), მოედნის (ზემო წყლის კარი ხიდით, მუხრანის), წყლის (ქვემო კარი ხიდით, მუხრანის); მტკვრის მარცხ. მხარეს – ავლაბრის კარი და პატარა (მცირე) კარი. გარდა ამისა, ქალაქში იყო ორი `ციხის კარი”: ერთი თვით ციტადელში, ნარიყალაში, მაღლა ციხეში შესასვლელი ციხის კარი და მეორე – როსტომ მეფის მიერ XVII ს. 40-იან წლებში ქალაქის ციხიდან წამოსული ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული ციხის კარი (მდებარეობდა თათრის, ციხის მოედანთან). ეს კარი გაუქმდა 1750 თეიმურაზ II-ის მიერ ქვემო ციხისა და ქალაქის გამყოფი კედლის აღებისას. აბანოს კარი მდებარეობდა მდ. წავკისისწყლის მარცხ. სანაპიროზე, დატანებული იყო ქალაქის ზღუდეში სამხრ.აღმ. მხრიდან. განჯის კარი მდებარეობდა ბოტან. ბაღის შესასვლელთან, წავკისისწყლის მარცხ. სანაპიროზე. იგი, თავისი დამცველი ორი კოშკით, ერთერთი მთავარი სავაჭროსატრანზ. და სტრატეგიული კარი იყო, რ-იც მეთვალყურეობდა სამხრიდან წამოსულ ქარავანსა თუ მგზავრს. კოჯრის კარი მდებარეობდა დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და ლესელიძის ქუჩის შესაყარზე. აქედან იწყებოდა გზა კოჯრისაკენ, შემდეგ კი, სამშვილდეზე გავლით – თრიალეთისა და სომხეთისაკენ. დიღმის კარი მდებარეობდა ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩათა შესაყარზე; აქედან იწყებოდა ერთერთი მთავარი სატრანზ. გზა: თბილისი–გორი–ახალქალაქი და თბილისი–ჟინვალი. აქედანვე მიდიოდა გზა რუსეთისაკენ. წყლის კარი ემსახურებოდა გარეუბნელებს და, ალბათ, ავჭალის გზით (XVII ს-ში ნუგზარ არაგვის ერისთავის მიერ მტკვარზე გადებული ხიდით) მოსულ ქალაქისპირა სოფლებსა და ჩრდილოელ მგზავრებს. ამ კარის გაუქმების შემდეგ, XVIII ს. 50-იან წლებში, `მეიდნის (მოედნის) კარს” შეერქვა `მოედნის წყლის კარი” (1751), `ზემო წყლის კარი” (1769), `მუხრანის კარი” (1800). მტკვრის მარცხ. სანაპიროზე ავლაბრის კარი დატანებული იყო შიდა ავლაბრის ზღუდეში აღმ. მხრიდან, საიდანაც იწყებოდა `ბაღების გზა”, `კახეთის გზა” (`დაღესტნის დიდი გზა”), `შუა ტბის გზა”, `ლილოს გზა” და `ავჭალის გზა”. ავლაბრის ზღუდეში ჩრდ. მხრიდან დატანებული `პატარა კარიდან” მხოლოდ `ავჭალის გზა” იღებდა სათავეს. წყარო: თბილისის ისტორიული დოკუმენტები, შეადგინეს ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილმა, თბ., 1962; ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; სიხარულიძე ე., იბნ ჰაუკალი თბილისის შესახებ, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1, თბ., 1976. ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეგანი სახის ისტორიიდან (ქალაქის კარი), «ცისკარი»,1993, #3; ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; მესხია შ., გვრიტიშვილი დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958. თ. ბერიძე.