თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, გაიხსნა 1804 წ. 31 მაისს; იგი წარჩინებული წოდების ქართველთა შვილებისათვის იყო განკუთვნილი. ამ სასწავლებლის გახსნას წინ უძღოდა ამავე სახელწოდების სასწავლებლის გახსნა 1802, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო მალევე დაიხურა. თ. კ. სში ამზადებდნენ სამოქალაქო სამსახურის მოხელეებსა და თარჯიმნებს. სასწავლებელი თავდაპირველად 2 კლასიანი იყო, ხოლო XIX ს. 20-იან წლებში 6 კლასიანი გახდა და სტრუქტურით რუს. იმპერიაში არსებულ გიმნაზიებს დაუახლოვდა. სასწავლებელს დაეკისრა აგრეთვე მოხელეთა მომზადება სამხ. უწყებისათვის. თ. კ. ს-ის მოსწავლეებით დაკომპლექტება პირველ ხანებში გაძნელდა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა მათთვის სტიპენდია დაენიშნა. 1818 სწავლობდა 148 მოსწავლე, 1828 – 248. სწავლება ქართ. და რუს. ენებზე მიმდინარეობდა; 1825 ასწავლიდნენ ქართ., რუს. და თათრულ (აზერბ.) ენებს, კატეხიზისს, საღვთო სჯულს, არითმეტიკას, ალგებრას, გეომეტრიას, გეოგრაფიას, ისტორიას, რუს. და ქართ. სიტყვიერებას (ცალკე საგნად იყო შეტანილი თარგმანი), ხატვას, ფორტიფიკაციას, გეოდეზიას, ცეკვას. თ. კ. ს. 1830 თბილ. გიმნაზიად გადაკეთდა (იხ. თბილისის პირველი გიმნაზია).