თბილისის მეტროპოლიტენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის მეტროპოლიტენი, მიწისქვეშა რკინიგზა, საქალაქო ტრანსპორტის ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სახეობა. 1951 წ. 29 სექტემბერს სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება თ. მის მშენებლობის შესახებ. მეტროპოლიტენის მშენებლობა 1952 დაიწყო. თ. მ. მსოფლიოში ოცდამეექვსე, სსრკში – მეოთხე, ხოლო კავკასიაში – პირველია. მეტროპოლიტენის მშენებლობა ქალაქის განლაგებით (სიგრძე – 40 კმ, სიგანე – 4 კმ), მისი ვიწრო ქუჩებით იყო გამოწვეული, რაც მიწისზედა ტრანსპორტის განვითარებას ზღუდავდა. ქალაქს ზოგ შემთხვევაში ერთადერთი ქუჩა აკავშირებდა ახალგაშენებულ ვრცელ საცხოვრ. რნებთან. ქუჩების გასაკვალავად ჭრიდნენ მთის მასივებს, აშენებდნენ ხელოვნურ ბურჯებსა და საყრდენებს. გარდა ამისა, თბილისი მნიშვნელოვანი კულტ. და პოლიტ. ცენტრი იყო და მას თანამედროვე სწრაფი ტრანსპორტი ესაჭიროებოდა.

მეტროპოლიტენი სქემა.jpg

მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის შეიქმნა სპეცსამმართველო `თბილმეტრომშენი” (შემდგომში `თბილგვირაბმშენი”), რ-საც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თ. მის ერთერთი ფუძემდებელი ვ. გოცირიძე. საპროექტო სამუშაოების შესრულება `კავგიპროტრანსს” (შემდგომში `საქტრანსპროექტი”) დაევალა. მეტროპოლიტენის დაპროექტებასა და მშენებლობაში ადგილ. კადრებთან ერთად მონაწილეობდნენ მოსკოვის, ლენინგრადის (ახლანდ. სანქტპეტერბურგი) და კიევის მეტრომშენებლები. მშენებლობა რთულ გეოლ. პირობებში მიმდინარეობდა (მიწისქვეშა მცოცავი ქანები, აგრესიული და თერმული წყლები და სხვ.). წარმოქმნილი სიძნელეების გამო მშენებლობაზე დაინერგა ბევრი ტექ. სიახლე – მექანიზებული ფარი „105თბილისი”, რის შემქმნელებს (ბ. ფაჩულია, ა. ყურაშვილი, ი. კოშელევი და სხვ.) სსრკ სახელმწ. პრემია მიენიჭათ (1973); სულფატმედეგი ცემენტის ინიექცია მიწისქვეშა აგრესიულ და თერმულ წყლებთან საბრძოლველად და სხვ. აიგო უნიკალური სადგურები, გადასარბენი გვირაბები, დეპოები და სხვა საინჟ. ნაგებობები. თ. მის მშენებლობაში ჩაბმული იყო დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის საწარმოები. მშენებლობასთან ერთად საჭირო იყო მეტროპოლიტენის ექსპლუატაციისათვის მზადება, რ-ისთვისაც საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წ. 8 თებერვლის N78 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა თ. მის სამმართველო შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებით. 1968 ვაგზლის მოედანზე აშენდა თ. მის ადმ. შენობა (არქიტექტორები: ე. კვერნაძე გ. მელქაძე). გრძივი, ჰორიზონტალურად დანაწევრებული რკინაბეტონის ზოლური სარტყლები, რ-ებიც ამავე დროს მზისგან დამცავი სისტემაცაა, გასდევს შენობის ფასადს და ქმნის ადმ.ტექ. ნაგებობის თავისებურ, ნეიტრალურ, ლაკონიურ და ერთიან სახეს. 1965 წ. 28 ნოემბერს „დიდუბის” სადგურიდან საცდელ რეისში გავიდა პირველი მატარებელი. თ. მის პირველი რიგის პირველი უბანი, „რუსთაველი” – `დიდუბე”, 1966 წ. 11 იანვარს გადაეცა საექსპლუატაციოდ. პარალელურად მუშაობა სხვა უბნებზეც მიმდინარეობდა, მწყობრში დგებოდა მომდევნო მონაკვეთები: 1967 წ. 7 ნოემბერს – თ. მის პირველი რიგის მეორე უბანი (`რუსთაველი”–`300 არაგველი”), ხოლო 1971 წ. 10 მაისს – მესამე უბანი (`300 არაგველი”–`სამგორი”), რ-ითაც დამთავრდა თ. მის პირველი რიგის 12,6 კმ მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობა. თ. მ-ის სადგურების არქიტ. გაფორმების პროექტები დამუშავდა `'[თბილქალაქპროექტსა და `კავგიპროტრანსში”. თ. მის ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზზე განლაგებულია შემდეგი სადგურები:

მეტროსადგური დიდუბე.jpg

„დიდუბე”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს (არქიტექტორები: ნ. ლომიძე, გ. მოძმანიშვილი); მიწისზედა სადგური წარმოადგენს ღია პლატფორმას რკინაბეტონის გადახურვით. პლატფორმის ნაწილზე აღმართულია ორსართულიანი ვესტიბიული – მსუბუქი რკინაბეტონის კარკასი დიდი შემინული ღიობებით. სადგური ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებულია კიბეებითა და გადასასვლელებით. სადგურში შესასვლელი ორი მხრიდანაა (თორნიკე ერისთავის ქუჩიდან და დიდუბის ავტობუსების ქვედა სადგურიდან). `გოცირიძე” (ყოფ. „ელექტროდეპო”, სახელი გადაერქვა 2011 წ. აპრილში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს (არქიტექტორები: ნ. ლომიძე, გ. მოძმანიშვილი). იგი წარმოადგენს მიწისზედა სადგურს გვერდითი ბაქნებით, განთავსებულს მონოლითური რკინაბეტონის ესტაკადაზე. მიწისზედა სადგურის არქიტექტურა სადაა და ლაკონიური, რკინაბეტონის საყრდენებზე განლაგებული ბაქნების ბოლოს მოთავსებულია პავილიონის ტიპის ვესტიბიული, რ-იც კიბით უკავშირდება სალაროების დარბაზს და ქალაქში გასასვლელს (ზესტაფონის ქუჩაზე). „ნაძალადევი” (ყოფ. „ოქტომბერი”, სახელი გადაერქვა 1991 წ. აპრილში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს (ვესტიბიულისა და სამგზავრო დარბაზის არქიტექტორები: თ. თევზაძე, რ. კიკნაძე). სადგურის ზედა ნაგებობა მთლიანად შემინულია. სამგზავრო დარბაზი სამ ნაწილადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა პილონებით (სვეტები). გადახურვა არქიტრავულია. პილონები მოპირკეთებულია მონაცრისფრო მარმარილოთი, იატაკი – რუხი გრანიტის ფილებით. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან (ც. დადიანის ქუჩა) აქვს. მიწისზედა ვესტიბიულის კედელზე წარმოდგენილია ძველი თბილისის პანო (ავტორები – არქიტექტორები: რ. კიკნაძე, რ. ბერიძე, თ. თევზაძე), ხოლო სამგზავრო დარბაზში ქალაქის მოტივებზე შესრულებული დეკორატიული პანოს ავტორია მხატვარი ა. გურგენიძე. მოსაცდელ დარბაზში ტორსული კედელი ადრე დეკორირებული იყო რევოლუციის თემაზე შექმნილი პანოთი (მხატვარი ნ. იგნატოვი), რიც 1993 აიღეს. 2007 სადგურში ჩატარდა კაპიტ. შეკეთება.

მეტრო სადგური ვაგზლის მოედანი.jpg

`სადგურის მოედანი1” (ყოფ. „ვაგზლის მოედანი1”, სახელი გადაერქვა 2011 წ. აპრილში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს. ვესტიბიული ჩაშენებულია მეტროპოლიტენის ადმ. შენობაში (რკინიგზის სადგურთან ვესტიბიულის არქიტექტორები: ე. კვერნაძე, გ. მელქაძე; ც. დადიანის ქუჩაზე გამავალი ვესტიბიულის – არქიტ. გ. მოძმანიშვილი). ქვედა სადგურის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად თაღებით, რიც ეყრდნობა მარმარილოთი მოპირკეთებულ პილონებსა და კედლებს. იატაკზე დაგებულია გრანიტის ფილები (სამგზავრო დარბაზის არქიტ. ვ. აბრამიშვილი). `სადგურის მოედანი1-ს” შესასვლელი სამი მხრიდან (ცენტრ. – რკინიგზის სადგურის მხრიდან, გადასასვლელით `ბავშვთა სამყაროს” მხრიდან და ც. დადიანის ქუჩიდან) აქვს. სადგური ორი დახრილი საესკალატორო გვირაბით უკავშირდება მიწის ზედაპირს, გადასასვლელი დერეფნით კი – საბურთალოს (მე-2) ხაზს. ესკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა წარწერით: `ოდეს მაშვრალს მოსწყურდების”.

მეტრო სადგური მარჯანიშვილი.png

„მარჯანიშვილი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს (სამგზავრო დარბაზის არქიტექტორები: გ. მელქაძე, თ. მიქაშავიძე, ნ. ქვარცხავა, ი. ყავლაშვილი). ვესტიბიული (არქიტ. მ. მელია) ჩაშენებულია ყოფ. საპროექტო ინ-ტის „თბილქალაქპროექტის” შენობაში. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან (კ. მარჯანიშვილის მოედანი) აქვს. ინტერიერი სადაა, მოპირკეთებულია წითელი და რუხი მარმარილოთი; ვესტიბიული მიწისქვეშა დარბაზს უკავშირდება საესკალატორო დახრილი გვირაბით. მიწისქვეშა სადგურში კამარისა და კედლების თეთრ ფონზე კონტრასტულად გამოირჩევა შავი პოლირებული გრანიტის იატაკი და რუხი მარმარილოთი მოპირკეთებული თაღები. მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე კოტე მარჯანიშვილის სკულპტურული პორტრეტია (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), რ-ის სახელსაც ატარებს სადგური.

მეტრო სადგური რუსთაველი.jpg

`რუსთაველი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს. მიწისზედა ვესტიბიული ცილინდრული ფორმის ნაგებობაა (არქიტ.: ო. კალანდარიშვილი). ქვედა დარბაზში (არქიტ. ლ. ჯანელიძე) კამარა ეყრდნობა წითელი მარმარილოთი მოპირკეთებულ მასიურ პილონებს. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან (მ. კოსტავას ქუჩა) აქვს. `რუსთაველი” ყველაზე ღრმა სადგურია ყველაზე გრძელი ესკალატორით. შესასვლელის თავზე მოთავსებულია შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილი ფრიზი, ხოლო მოსაცდელი დარბაზი ვეფხისა და მოყმის რელიეფური გამოსახულებითაა შემკული (მოქანდაკე ე. ამაშუკელი). „თავისუფლების მოედანი” (ყოფ. „ლენინის მოედანი”, სახელი გადაერქვა 1990 წ. ოქტომბერში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1967 წ. 7 ნოემბერს (სამგზავრო დარბაზის არქიტექტორები: ვ. ალექსიმესხიშვილი, ქ. კობახიძე). მიწისზედა ვესტიბიული (არქიტექტორები: რ. ბაირამაშვილი, დ. მორბედაძე) შედის ყოფ. უნივერმაღ „თბილისის” კომპლექსში. მიწისქვეშა დარბაზში, რიც ვესტიბიულთან დაკავშირებულია ესკალატორით, თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული პილონების რიგია; იატაკზე დაგებულია წითელი მარმარილოს ფილები. `თავისუფლების მოედანი” ერთერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თ. მ-ში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება `რუსთაველს”. სადგურში შესასვლელი ერთი მხრიდანაა (შოთა რუსთაველის გამზირი). მოსაცდელ დარბაზში ომის, მშვიდობისა და შრომის თემაზე შექმნილი ოთხი რელიეფური პანოა (მხატვრები: ა. რატიანი, ვ. ჭუმბურიძე). 2006 სადგურში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ნაწილობრივ შეიცვალა დიზაინი, განახლდა ინტერიერი.

მეტორასდგური ავლაბარი.jpg

„ავლაბარი” (ყოფ. „26 კომისარი”, სახელი გადაერქვა 1991 წ. აპრილში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1967 წ. 7 ნოემბერს (არქიტექტორები: ვესტიბიულის – ს. რევიშვილი, შ. ჩაჩანიძე; სამგზავრო დარბაზის – შ. ჩაჩანიძე). სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან (ავლაბრის მოედანი) აქვს. ვესტიბიული სამგზავრო დარბაზს უკავშირდება ესკალატორით. მიწისქვეშა დარბაზი გადახურულია კამარით, რიც ეყრდნობა შავი მარმარილოთი მოპირკეთებულ პილონებს. 2006 სადგურს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია – ვესტიბიულში, საესკალატორო დახრილ გვირაბში და ქვედა პლატფორმაზე ნაწილობრივ შეიცვალა დიზაინი, განახლდა ინტერიერი. სადგურის შესასვლელის წინ იდგა 26 კომისრისადმი მიძღვნილი ქანდაკება (მოქანდაკე დ. სიხარულიძე), ხოლო ქვედა დარბაზში იყო ქვაში გამოკვეთილი რელიეფური გამოსახულება (მხატვარი ზ. ლეჟავა), რებიც აიღეს 1992.

მეტრო სადგურითავისუფალების მოედანი.jpg

„300 არაგველი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1967 წ. 7 ნოემბერს (სამგზავრო დარბაზის არქიტ. – გ. ბათიაშვილი). მიწისზედა ვესტიბიული (არქიტ. თ. თევზაძე) რკინაბეტონის ნაგებობაა, აქვს დიდი შემინული ღიობები. ქვედა დარბაზი თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, პილონები გადახურულია კამარით. სადგურს შესასვლელი ორი მხრიდან (ქეთევან დედოფლის გამზირი და წინანდლის ქუჩა) აქვს. სამგზავრო დარბაზში არსებული ჭედური პანოს `არაგველების” ავტორები არიან მოქანდაკე თ. გიგაური და მხატვარი გ. გიგაური. „ისანი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1971 წ. 10 მაისს (არქიტექტორები: ვესტიბიულის – ნ. ლომიძე, სამგზავრო დარბაზის – გ. მოძმანიშვილი). მდებარეობს ქეთევან დედოფლის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის შესაყართან. შესასვლელი სადგურს ერთი მხრიდან (ქეთევან დედოფლის გამზირი) აქვს. მიწისზედა პავილიონი ორიგინ. გადახურვით გამოირჩევა და ქვედა სადგურს საესკალატორო დახრილი გვირაბით უკავშირდება. მიწისქვეშა დარბაზში გადახურვის კამარა დაყრდნობილია გეგმით ექვსკუთხა სვეტების ორ რიგზე. იატაკი შავი გრანიტისაა. ვესტიბიულის მთელ კედელზე კერამიკული პანოა – `თამარ მეფის ნადირობა ისნის ველზე” (მხატვრები: მ. ბერიაშვილი, ვ. წერეთელი, ვ. ჭუმბურიძე), ხოლო სამგზავრო დარბაზში, სალიანდაგო ხაზის კედლებზე – ლითონში შესრულებული ოთხი დეკორატიული კარი (ავტორი მოქანდაკე ი. ქოიავა). 2006 სადგურს ჩაუტარდა კაპიტ. შეკეთება.

მეტრო სადგური სამგორი.jpg

„სამგორი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1971 წ. 10 მაისს (არქიტ. ნ. ლომიძე). მდებარეობს თბილისის რკინიგზის საკვანძო სადგურის `ნავთლუღის” შენობასთან. აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. მიწისქვეშა სადგურს უკავშირდება კიბით. ქვედა დარბაზში თეთრი სვეტების ორ რიგზე დაყრდნობილი კოჭოვანი გადახურვაა, ჭერი თეთრია, კედლები – კონტრასტულად წითელი. სადგური მოსკოვის გამზირიდან ორი შესასვლელით უკავშირდება სამგზავრო დარბაზს ექვსი ჩასასვლელის (ოთხი – მოსკოვის გამზირიდან, ორი – კახეთის გზატკეცილიდან) მეშვეობით. სადგურიდან კახეთის გზატკეცილზე გამავალი მიწისქვეშა გასასვლელი (აგებული რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ) აღჭურვილი იყო სსრკში პირველი მოძრავი ჰორიზონტალური ესკალატორით (მოძრავი ტროტუარი; ავტორები – არქიტ. ნ. ლომიძე და ინჟინერი ლ. აბაშმაძე). აღარ ფუნქციონირებს 1990 წ. ივლისიდან. სადგურის კედლები შემკობილია რელიეფური გამოსახულებებით. სამგზავრო დარბაზში კერამიკული პანოების – `სოფელი” (წარწერით `ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ”) და `ქალაქი” – ავტორები არიან მხატვრები: რ. თორდია, ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, ხოლო კახეთის გზატკეცილზე ამოსასვლელის მხარეს არსებული კერამიკული პანოს – `ჰიმნი შრომას” – ავტორია მხატვარი ი. ტაბიძე. სალიანდაგო ხაზის კედლებზე ლითონში შესრულებული ორი კარია (მხატვარი თ. ციცქიშვილი). „ვარკეთილი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1985 წ. 9 დეკემბერს (არქიტექტორები: ვ. ბახტაძე, ა. სურვილაძე). მდებარეობს ჯავახეთისა და რ. ხომლელის ქუჩების გადაკვეთაზე. აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს, ქუჩებს უკავშირდება მიწისქვეშა გადასასვლელებით. სადგურს ჯავახეთის ქუჩიდან ერთი შესასვლელი აქვს სამი ჩასასვლელით ამავე ქუჩიდან. მიწისქვეშა დარბაზი წარმოადგენს თაღით გადახურულ ერთიან სივრცეს. იატაკზე კურსების გრანიტის ფილებია დაგებული. 2007 სადგური კაპიტალურად შეკეთდა. „ღრმაღელე”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1985 წ. 7 ნოემბერს (არქიტექტორები: მ. თურქაძე, თ. კალანდაძე). მდებარეობს სანზონის უბანში. მიწისზედა პავილიონი არა აქვს. მეტროს ერთი შესასვლელი აქვს დ. გურამიშვილის გამზირიდან. ვესტიბიული დახრილი საესკალატორო გვირაბით უკავშირდება ქვედა ბაქანს. სადგური აგებულია ღია წესით. კედლები მოპირკეთებულია ურალის მარმარილოთი, იატაკი – კურსების გრანიტით. მოსაცდელი დარბაზის კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებაა (მხატვარი ზ. წერეთელი).

მეტრო სადგური გურამიშვილი.jpg

„გურამიშვილი” (ყოფ. „თემქა”, სახელი გადაერქვა 1995 წ. მარტში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1985 წ. 7 ნოემბერს (არქიტ. ნ. ლომიძე). მდებარეობს ელმავალმშენებელ ქნასთან. მიწისზედა პავილიონი არა აქვს. სადგურში შესასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელიდანაა (დ. გურამიშვილის გამზირი). სადგური ღია წესითაა აგებული, კედლები მოპირკეთებულია სალიეთის წითელი და ურალის ღია ფერის მარმარილოთი, იატაკი – კურსების გრანიტით და მოლითის მარმარილოს ფილებით. სადგურში არსებული რელიეფური პანოების (`საქართველო” და `შრომა”) ავტორები არიან მხატვრები: ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, თ. ცხომელიძე. 1989 გლდანის მასივის მიმართულებით ამოქმედდა კიდევ ორი სადგური – `დავით გურამიშვილი” (ახლანდ. „სარაჯიშვილი”) და „ახმეტელის თეატრი”. `სარაჯიშვილი” (ყოფ. `დავით გურამიშვილი”, სახელი გადაერქვა 1995 წ. მარტში), ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1989 წ. 15 იანვარს (არქიტექტორები: ვესტიბიულის – ნ. ლომიძე, სამგზავრო დარბაზის – გ. მოძმანიშვილი). სადგურს ერთი შესასვლელი აქვს დ. გურამიშვილის გამზირიდან. აგებულია ღია წესით. ვესტიბიული საესკალატორო დახრილი გვირაბით უკავშირდება სამგზავრო დარბაზს. სადგურის კოლონები და კედლები მოპირკეთებულია ღია ფერის მარმარილოთი, ბაქნის იატაკი კი – კურსების გრანიტით. `ახმეტელის თეატრი”, ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერება. გაიხსნა 1989 წ. 15 იანვარს (არქიტექტორები: ს. ბოლოთაშვილი, გ. მოძმანიშვილი, გ. რაზმაძე). სადგურს აქვს ერთი შესასვლელი, რიც მდებარეობს მიწაში ჩაღრმავებულ ტაფობში და ამფითეატრის ფორმის ქვის კიბეებით უკავშირდება ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩებს. სადგურის ვესტიბიული საესკალატორო დახრილი გვირაბით დაკავშირებულია სამგზავრო დარბაზთან. აგებულია ღია წესით. სადგურის კოლონები და კედლები მოპირკეთებულია ღია ფერის მარმარილოთი, ბაქნის იატაკი კი – კურსების გრანიტით. სამგზავრო დარბაზში ქალაქის გასასვლელისკენ არსებულ კერამიკულ პანოზე ასახულია რელიეფური გამოსახულებები ქართული ტაძრებიდან, ხოლო სალიანდაგო ხაზის კედლებზე ოთხი დეკორატიული კარია ქართული ანბანის გამოსახულებით (მხატვარი ი. ტაბიძე). 2007 სადგური განახლდა, ნაწილობრივ შეიცვალა ვესტიბიულის, საესკალატორო გვირაბის დიზაინი, აგრეთვე ინტერიერი.

მეტროს სადგური ისანი.jpg

1979 ექსპლუატაციაში შევიდა თ. მის მეორე რიგი, ე. წ. საბურთალოს ხაზი, რმაც სადგური `ვაგზლის მოედანი1” (ახლანდ. `სადგურის მოედანი1”) საბურთალოსთან დააკავშირა. `სადგურის მოედანი2იდან” „ვაჟაფშაველას” მიმართულებით განლაგებულია შემდეგი სადგურები: `სადგურის მოედანი2” (ყოფ. `ვაგზლის მოედანი2”, სახელი გადაერქვა 2011 წ. აპრილში) (გადასასხდომი), საბურთალოს ხაზის ბოლო გაჩერება. გაიხსნა 1979 წ. 15 სექტემბერს (არქიტ. თ. კალანდაძე). აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. სადგური 60მეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელითა და კიბეებით დაკავშირებულია `სადგურის მოედანი1თან”. მიწისქვეშა დარბაზი კამარით გადახურული ერთიანი სივრცეა, კედლები მოპირკეთებულია შავი გრანიტით. იატაკზე დაგებულია რუხი გრანიტის ფილები. მოსაცდელი დარბაზის ორივე მხარეს კედლები მოწითალოყვითელი ფერის ქვაში შესრულებული ჰორელიეფითაა შემკული. მხატვრული პანოების (`მშვიდობა” და `სიუხვე”) ავტორია მხატვარი ი. ქოიავა. „წერეთელი”, (ყოფ. `წერეთლის გამზირი”, სახელი გადაერქვა 2011 წ. აპრილში), საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1979 წ. 15 სექტემბერს (არქიტექტორები: ვესტიბიულის – ს. კაციტაძე, შ. ყავლაშვილი; სამგზავრო დარბაზის – ვ. აბრამიშვილი, დ. მორბედაძე; აკაკი წერეთლის სკულპტურული პორტრეტის ავტორი – მოქანდაკე ე. ამაშუკელი). აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. ქუჩებთან დაკავშირებულია მიწისქვეშა გადასასვლელითა და კიბეებით. ქვედა დარბაზი ლაბრადორის ქვით მოპირკეთებული, მრავალწახნაგა სვეტების ორი რიგია, გადახურულია კამარით. იატაკი კურსების გრანიტისაა. მგზავრების მიღება ხორციელდება ორი მხრიდან (აკაკი წერეთლის გამზირი და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა). 2006 სადგურში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ნაწილობრივ შეიცვალა ინტერიერი, განახლდა დიზაინი.

მეტროს სადგური წერეთელი.jpg


„ტექნიკური უნივერსიტეტი” (ყოფ. `პოლიტექნიკური ინსტიტუტი” – 1979–2005; `პოლიტექნიკური” – 2005–2011; ახლანდ. სახელი ეწოდა 2011 წ. აპრილში), საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1979 წ. 15 სექტემბერს (არქიტექტორები: ვესტიბიულის – დ. იოსავა, სამგზავრო დარბაზის – გ. მოძმანიშვილი). აგებულია ღია წესით. მიწისზედა პავილიონი არა აქვს. სადგურში შესასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელებით ორი მხრიდანაა (პეკინის გამზირი და მ. კოსტავას ქუჩა). ქვედა დარბაზის ერთიანი სივრცე გადახურულია კამარით. სადგურის კედლები მოპირკეთებულია ღია ფერის მარმარილოთი, ბაქნის იატაკი – გრანიტით. მოსაცდელი დარბაზის კედლები მოზაიკური ჰორელიეფური გამოსახულებებითაა შემკული. კერამიკული პანოების (`ხელოვნება და სპორტი”, `მეცნიერება და შრომა”) ავტორები არიან მხატვრები: რ. თორდია, ი. ტაბიძე, ა. ხარებავა. „სამედიცინო უნივერსიტეტი” (ყოფ. „კომკავშირელი” – 1979–91; `სამედიცინო ინსტიტუტი” – 1991–2011; ახლანდ. სახელი ეწოდა 2011 წ. აპრილში), საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1979 წ. 15 სექტემბერს (არქიტექტორები: დ. იოსავა, ნ. ლომიძე გ. მოძმანიშვილი; კომპოზიციის – `ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი” – მხატვარია ი. ტაბიძე). მდებარეობს ვაჟაფშაველას გამზირის დასაწყისში. აგებულია ღია წესით. მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდება გამზირის ორივე მხარეს. ქვედა დარბაზში მარმარილოს სვეტების ორ რიგზე კოჭოვანი გადახურვაა, შეკიდული ჭერით. კედლები თეთრია, ხოლო იატაკზე მოწითალო ფერის გრანიტია დაგებული. მოსაცდელი დარბაზიდან ამოსასვლელი სახელმწიფო არქივის მხარეს ქვის კიბითაა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს მგზავრები ადიან ორი ესკალატორით და ჩადიან ქვის კიბით. „დელისი” (სადგურს 1995–2006 ერქვა „ვიქტორ გოცირიძე”, ხოლო 2007 კვლავ დაუბრუნდა პირვანდელი სახელი), საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 1979 წ. 15 სექტემბერს (არქიტ. ნ. ლომიძე). სადგური აგებულია ღია წესით. ვაჟაფშაველას გამზირთან დაკავშირებულია მიწისქვეშა გადასასვლელებით ორივე მხრიდან. სადგურს დახრილი გვირაბები არ გააჩნია და მოსაცდელ დარბაზს ქვის კიბეებით უკავშირდება. სამგზავრო დარბაზის ერთიანი სივრცე გადახურულია კამარით. კედლები თეთრი და შავი მარმარილოს ფილებითაა მოპირკეთებული, იატაკი – რუხი გრანიტით. სალიანდაგო ხაზის კედლებზე ორი ლითონის კარია რელიეფური კომპოზიციებით (მხატვარი თ. ცხომელიძე). „ვაჟაფშაველა”, საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური. გაიხსნა 2000 წ. 3 აპრილს (არქიტ. ნ. ლომიძე). აგებულია ღია წესით. ვესტიბიული და ქვედა დარბაზი ერთი სივრცის ქვეშაა მოქცეული. სადგურს აქვს ერთი გამოსასვლელი, რიც მიწისქვეშა გადასასვლელით ვაჟაფშაველას გამზირის ორივე მხარეს უკავშირდება. კედლები თეთრი მარმარილოს ფილებითაა მოპირკეთებული, იატაკი – რუხი გრანიტით. `სახელმწიფო უნივერსიტეტი” (მშენებარე ობიექტი, საპროექტო სახელი `უნივერსიტეტი”), საბურთალოს ხაზის ერთერთი სადგური (არქიტ. გ. მოძმანიშვილი). მშენებლობა დაიწყო 1986 და უნდა დამთავრებულიყო 1995, მაგრამ XX ს. 90იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გამო სადგურის დასრულება ვერ მოხერხდა. მშენებარე უბანზე სამუშაოების 90% შესრულებულია. სამუშაოები 2000იდან შეჩერებული იყო, განახლდა 2014იდან.

მეტროს სადგური დელისი.jpg

თ. მ. რთული და მრავალდარგოვანი საინჟ. ნაგებობაა. შედგება ორი ხაზისაგან: ახმეტელის თეატრი–ვარკეთილი და საბურთალოს ხაზი. მისი ხაზების სიგრძე 27,1 კმ-ია (2014 წ. 1 იანვრის მდგომარეობით) და თავისი 22 სადგურით ქალაქის დიდ ნაწილს მოიცავს. 17 სადგური ერთამოსასვლელიანია, დანარჩენი – ორამოსასვლელიანი. ყოველდღიურად ხაზზე საშუალოდ მატარებლის 25 შემადგენლობა გამოდის, რსაც დღეში დაახლოებით 210–260 ათ. მგზავრი გადაჰყავს. მეტროპოლიტენში არის ორი დეპო – `ნაძალადევი” და `გლდანი”, რებიც ემსახურება 195 ვაგონს. ვაგონების უმეტესი ნაწილი მოდერნიზებულია ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ახმეტელის თეატრი–ვარკეთილის ხაზზე მუშაობს 4ვაგონიანი შემადგენლობები, ხოლო საბურთალოს ხაზზე – 3-ვაგონიანი. ვაგონები აღჭურვილია თანამედროვე ტექ. საშუალებებით, მ. შ. სიჩქარის ავტომატიზებული რეგულირების სისტემით. სადგურებში 59 ესკალატორი მოქმედებს, რთა გაშლილი სიგრძე 10 კმ აღწევს. ყველაზე ღრმა (60 ) სადგურია `რუსთაველი”, ხოლო ყველაზე გრძელი – `რუსთაველის” მეორე ესკალატორი (123 მ). იგი 671 საფეხურისაგან შედგება. ესკალატორის გარეშე ფუნქციონირებს 4 სადგური (`დიდუბე”, `გოცირიძე”, `დელისი”, `ვაჟაფშაველა”). ხაზზე მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების და სიჩქარის ავტომ. რეგულირების მოწყობილობები. მეტროპოლიტენში 20 სარელეო და 84 საისრე გადამყვანია. მიწისქვეშა მიკროკლიმატის პარამეტრების დასაცავად თ. მში ძირითადი და ადგილ. განიავების 300ზე მეტი სისტემა მუშაობს. მიწისქვეშა ნაგებობებიდან 42 ძირითადი და ადგილ. სადრენაჟო წყალსაქაჩის მეშვეობით ყოველდღიურად იტუმბება 19 ათას მ3-ზე მეტი შემოსული გრუნტის წყალი. დაგებული ლიანდაგების გაშლილი სიგრძეა 63,5 კმ, მათი ტექ. მდგომარეობა სისტემატურად ისინჯება ლიანდაგმზომი ვაგონისა და დეფექტოსკოპური ურიკების მეშვეობით. ურთიერთშეთანხმებული მუშაობისათვის თ. მში კავშირის რამდენიმე სისტემა მოქმედებს: 1000ნომრიანი ადგილ. სატელეფონო სადგური, საგვირაბო და ოპერატ. სადისპეტჩერო კავშირი, აგრეთვე სამატარებლო და სამაუწყებლო ხმამაღლამოლაპარაკე რადიოკავშირი. მეტროპოლიტენის მრავალ სადგურში სტაბილურად ფუნქციონირებს მობილური სატელეფონო კავშირიც. თ. მს ელექტროენერგია მიეწოდება სააქციო საზბა `თელასის” 17 ქვესადგურიდან მეტროს 24 (წევის 3), დამადაბლებელი 10 და შერეული 11 ქვესადგურის მეშვეობით. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს თ. მში არსებული 2 სადიზელო, სადაც დამონტაჟებულია 6 აგრეგატი (საერთო სიმძლავრით 7,8 ათ. კვტ). სადისპეტჩერო სამსახურები თანამედროვე კომპიუტერული სისტემითაა აღჭურვილი. ორივე ხაზის დისპეტჩერები მოძრაობას არეგულირებენ მონიტორებით და სადისპეტჩერო რადიოკავშირის მეშვეობით. დანერგილია ტელეხედვით სადგურებიდან მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება ცენტრ. სადისპეტჩერო პუნქტში. მეტროპოლიტენის ყველა ობიექტიდან ხდება სელექტორული ჩანაწერების არქივირება კომპიუტერულ მაგნიტოფონზე, რის საშუალებით შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევაში პერსონალის მოქმედების სისწორის დადგენა (ე. წ. `შავი ყუთი”). 2005 წ. მეტროპოლიტენი აღიჭურვა კომპიუტერული ქსელური სისტემით, რთა საშუალებით მრავალი საკვანძო საკითხი ქსელის თითოეული პირისათვის ხელმისაწვდომი გახდა. ბუხჰალტრული აღრიცხვისა და ხელფასების დარიცხვა ხდება კომპიუტერული სისტემით. სადგურებში ავტომატურ გამშვებ პუნქტებთან მგზავრთა ნაკადს აკონტროლებს ვიდეოკონები (ცენტრ. პუნქტში ყველა სადგურიდან მიღებული გამოსახულების ვიდეოჩანაწერით ხდება ოპერატორის მიერ ყველა დარღვევის გაშიფრვა). 2000 წ. ქალაქის ყველა სახის საერთო სარგებლობის სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის 60–70% თ. მზე მოდიოდა, 2013 წ. კი მისი ხვ. წ. 48,2 % იყო. თ. მით 2000 წ. 105,4 მლნ. მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2013 წ. – 96,2 მლნ. მგზავრმა. 1996 თბილისში მწყობრში ჩადგა მოსკოვისა და თ. მების მიერ დაფუძნებული ვაგონების შემკეთებელი ქნა, რიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და რეგიონალური მნიშვნელობის სარემონტო ბაზას წარმოადგენს. მეტროპოლიტენის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს შემდეგი ძირითადი საექსპლუატაციო სამსახურები: მოძრაობის, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის, ელექტრომომარაგების, სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა, ელექტრომექან. სამსახურები, ორი ელექტროდეპო; აგრეთვე შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სატრანსპ.სამეურნეო, სამშ. სამსახურები; ცენტრ. საწყობი, გაერთიანებული სახელოსნოები და სტამბა. 1997–98 დაინერგა მგზავრთა მიღების ახ. საგამშვებო სისტემა, რიც ძირითადად პასუხობს მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტებს. თ. მმ-ა, რიც მართვის ავტომატიზებული სისტემით მუშაობს, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაში არსებითი ცვლილებები შეიტანა: გაუმჯობესდა მოსახლ. სატრანსპ. მომსახურება, შესაძლებელი გახდა ყველა სახის ტრანსპ. რაციონალური გამოყენება და სხვადასხვა სახის ტრანსპ. მუშაობაში პარალელების ლიკვიდაცია. ლ. აბრამიშვილი. მ. ჩადუნელი. კ. ჯაში.