თბილისის საეპისკოპოსო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საეპისკოპოსო, დაარსდა V ს. მიწურულს, ვახტანგ I გორგასლის დროს. დვინის საეკლ. კრებაზე (506) დამსწრე ქართვ. ეპისკოპოსთა შორის იხსენიება „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა”. თბილ. ეპისკოპოსი (იგივე „ტფილელი”, „თბილელი”) XVI ს. დამდეგიდან ატარებდა მთავარეპისკოპოსის, ხოლო XVII ს. მიწურულიდან – მიტროპოლიტის წოდებას. თბილ. ეპისკოპოსს (თბილელს) აგრეთვე „სამეუფო ქალაქის საჭეთმპყრობელს” უწოდებდნენ. საკათედრო ტაძარი იყო ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი სიონი. თ. ს. მოიცავდა თბილისს თავისი გარეუბნებითურთ და ტერიტორიას ქალაქის სამხრით, მდ. ქციამდე. თ. ს-ში მოსახლე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, განურჩევლად სოც. წოდებისა, ეკლესიურად თბილელ ეპისკოპოსს ემორჩილებოდა. გამონაკლისს შეადგენდა მეფის ოჯახი (მეფე, დედოფალი და ბატონიშვილები), რ-თაც საეკლ.რელიგ. მომსახურებას პირადად პატრიარქი უწევდა, ხოლო სვეტიცხოვლის კუთვნილ ყმებს თბილისში (ვაჭარხელოსნებს, გლეხებს) – პატრიარქის ხელქვეითი სამღვდელოება. ზოგჯერ ამ კატეგორიის მოსახლეობის ნაწილი „მიბარებით” თბილ. ეპისკოპოსს გადაეცემოდა. მეფისა და პატრიარქის კართან სიახლოვე თბილ. ეპისკოპოსის ავტორიტეტს დიდად ზრდიდა. მაგრამ ისეთ პერიოდებში, როდესაც თბილისი მტრისგან შევიწროების ან სრული ოკუპაციის გამო პრაქტიკულად აღარ იყო საქართვ. დედაქალაქი, თბილელი ეპისკოპოსის გავლენაც ეცემოდა. თ. სს, როგორც ეკონ.სამეურნეო და საეკლ. ცენტრის, აღმავლობისა და დაცემის პერიოდები ემთხვევა თვით ქალაქის ისტორიას. გარეშე მტერი ქვეყნის დაპყრობას მისი სატახტო ქალაქის აღებით და იქ ფეხის მოკიდებით იწყებდა. ხშირი თავდასხმები და დროდადრო ოკუპაციაც პირველ რიგში აზიანებდა ქალაქის ქრისტიან მოსახლეობას და ეკლესიებს, ნადგურდებოდა ეკლესიებში დაცული ისტ. დოკუმენტებიც; საქართველოში მუსლიმანთა ბატონობის პერიოდებში, მით უფრო მაშინ, როდესაც თბილისი ტერიტორიულად მთლიანად ან ნაწილობრივ მტერს ეკავა, მისი ეროვნ. თვითმყოფობის შენარჩუნებაში დიდი როლი ეკისრებოდა აქ მოქმედ ქრისტ. ეკლესიებს. თ. ს-ში, მიუხედავად ცალკეული ეკლესიების მტრისაგან დანგრევისა, დაცარიელებისა და მრევლის ფიზიკურად შემცირებისა, არ შეწყვეტილა ქართ. მღვდელმსახურება და კულტ.საგანმან. საქმიანობა. XVIII ს-ში თ. ს-ში შემავალი ეკლესიები და მათი მრევლი განუწყვეტელი თავდასხმების გამო ძალზე შემცირდა. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) წერს: „ყოფილან ძველად მრავალნი ეკლესიანი ტფილისს, კალასა და ისანს, არამედ აწ შემუსვრილნი არიან”. თ. ს-ში ახ. ეკლესიების მშენებლობასა და ძველის აღდგენაგანახლების საქმეს XVII–XVIII სს-ში ღვაწლი დასდეს პატრიარქებმა: დომენტი III-მ (1660–76); ნიკოლოზ VIIმ (1678–88; 1692–95), თბილელმა მთავარეპისკოპოსებმა: იოსებმა (XVI ს.), ელისემ (1628–59); მეფეებიდან: ლუარსაბ I-მა, როსტომმა, მისმა მეუღლემ მარიამმა და სხვ. თ. ს-ში ცალკეული სამრევლო ეკლესიების გაჩენას უძველესი დროიდანვე ხელს უწყობდა მისი გეოგრ. სიახლოვე მცხეთასთან, შემდეგ კი – მისი სატახტო ქალაქად ქცევა. XVIII ს-ში თბილისში (საკუთრივ თბილისი, ისანი, კალა, გარეთუბანი) მოქმედებდა 14-მდე მართლმადიდებელი სამრევლო ეკლესია [ახალგაუქმებული იყო ერთი მონასტერი (მეტეხის) და 2 ეკლესია], მ. შ. აღსანიშნავია: სიონის ღვთისმშობლის მიძინების, ანჩისხატის (ძვ. წმ. მარიამის), იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნიკოლოზის, კალოუბნის წმ. გიორგის, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიები, მთაწმინდის წმ. დავითის სავანე და სხვ. ქალაქის მოსაზღვრე სოფლებში მოქმედი სამრევლო ეკლესიებიდან ცნობილია: სოფ. ვერეში – ლურჯი მონასტერი და წმ. ევსტატეს ეკლესია; მახათას მთაზე – წმ. ელიასი (ილია), თაბორის მთაზე – ფერისცვალებისა; ძვ. ავლაბარში – დარეჯან დედოფლის კარის ეკლესია („მოწამეთა ირაკლი და დარეჯანისა”), წმ. გიორგისა; სოფ. ნავთლუღში – წმ. გიორგის (ამჟამად მის ადგილზეა წმინდა ბარბარეს ეკლესია, XIX ს.); სოფ. ჩუღურეთში – კვირაცხოვლის, წმ. ნიკოლოზის; სოფ. კუკიაში – ორი ეკლესია; სოფ. დიდუბეში – ღვთისმშობლის ეკლესია [ახლანდ. ღვთისმშობლის შობის ეკლესიის (1884) ადგილზე]. თ. ს. მსხვილ ფეოდ.სამეურნეო ორგანიზაციას წარმოადგენდა. მის შემოსავალს ქმნიდა საეკლ. გადასახადები ეპარქიიდან და საკუთარ ყმა გლეხთა საბატონო ბეგარაგადასახადები. თ. ს-ს მეურნეობაში დიდი ადგილი ეჭირა სავაჭროაღებმიცემობის საქმეს. საამისოდ თბილელს ქალაქში ჰქონდა დუქნები და სახელოსნოები. თ. ს-მ ერთგვარ ეკონ. აღმავლობას მიაღწია მამაშვილის – თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მეფობის დროს. XIII ს. დოკუმენტის („განგება დარბაზობისა”) ცნობით, თბილელ ეპისკოპოსს საქართველოს მღვდელმთავართა სიაში 29-ე ადგილი ეჭირა, XVIII ს. შუა წლების დოკუმენტის ცნობით კი – მე-9 ადგილი, ქიზიყელბოდბელი მიტროპოლიტის შემდეგ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თ. ს. გაუქმდა (1811). თბილ. სიონის ტაძარი საქართვ. ეგზარქოსის კათედრად იქცა. საქართვ. ეგზარქოსი იყო იმავე დროს მცხეთის, თბილისის, ქართლის მიტროპოლიტი. საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917) თ. ს-ც აღდგა. დღეს თ. ს. და მცხეთის საპატრიარქო კათედრები გაერთიანებულია, მას განაგებს საქართვ. კათოლიკოსპატრიარქი, წოდებით – სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთისა. საკათედრო ტაძრებია: მცხეთის სვეტიცხოველი და თბილ. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. ბ. ლომინაძე.