თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობისა, საბალეტო კადრების მომზადების ძირითადი კერა საქართველოში. 1916 იტალ. ბალერინამ მარია პერინიმ თბილისში დააარსა საბალეტო სტუდია, რ-შიც აღიზარდნენ ბალეტის ცნობილი ოსტატები: ვ. ჭაბუკიანი, ნ. რამიშვილი, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. გვარამაძე, ე. ჩიკვაიძე, თ. ჭაბუკიანი, მ. ბაუერი, ი. ალექსიძე, ს. ვეკუა, ა. წერეთელი და სხვ. სტუდიამ დიდი როლი ითამაშა ქართ. პროფ. ბალეტის განვითარებაში. 1934 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიქმნა ქორეოგრ. სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი). 1936 ორივე სტუდია გაერთიანდა სახელმწ. ქორეოგრ. სტუდიად, რის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1936–50 იყო დ. ჯავრიშვილი, 1951–72 – ვ. ჭაბუკიანი. 1957 სტუდიას ეწოდა თბილ. სახელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი; ეს სასწავლებელი დაამთავრეს: ზ. კიკალეიშვილმა, ვ. გუნაშვილმა, ბ. მონავარდისაშვილმა, ე. ჭაბუკიანმა, ლ. მითაიშვილმა, ზ. ამონაშვილმა, ვ. აბულაძემ, ი. ჯანდიერმა, ნ. არობელიძემ და სხვ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მთლიანად თ.ს.ქ.ს-ის კურსდამთავრებულებითაა დაკომპლექტებული. თ.ს.ქ.ს-ში საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდნენ ჩაჩნეთინგუშეთის და ადიღეს წარმომადგენლები. 1977–90 თ.ს.ქ.ს-ის სამხატვრო ხელმძღვ. იყო გ. ალექსიძე, მ-თ. კონსულტანტი ვ. ჭაბუკიანი, დირექტორი – ბ. ბარამიძე, 1978იდან თ.ს.ქ.ს-ს კავშირი ჰქონდა მოსკოვის, ლენინგრადის, პერმის, კიევის, ერევნისა და ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებლებთან. იქვე მოღვაწეობდნენ რუს. სკოლის გამოჩენილი პედაგოგმეთოდისტები: ს. გოლოვკინა, ლ. სახაროვა, ვ. მეი, ლ. ტიუტინა, ფ. ბალაბინა, ნ. ზოლოტოვა, ბ. რახმანინი, ნ. სილვანოვიჩი, პ. პესტოვი, ე. ფარმანიანცი; თბილისელი პედაგოგები: თ. ვიხოდცევა, მ. გრიშკევიჩი, ს. ვეკუა, ა. წერეთელი და სხვ. ამ პერიოდში სასწავლებელმა საერთაშ. კონტაქტები დაამყარა აშშ-თან, ლათ. ამერიკის, შვეიცარიის, საფრანგეთის საბალეტო ცენტრებთან (მოსწავლეთა გაცვლა, პედაგოგთა დახელოვნება, მოკლევადიანი პედ. კურსები). თ.ს.ქ.ს. წარმატებით მონაწილეობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელთა საკავშ. დათვალიერებებში (ლენინგრადი, 1980; რიგა, 1981; მოსკოვი, 1984; პერმი, 1988). 1992, ვ. ჭაბუკიანის გარდაცვალების შემდეგ, სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა. 1996იდან თ.ს.ქ.სის მართვის უმაღლესი ორგანოა გამგეობა, რის თავრეა გ. ალექსიძე. 1996-იდან ბალეტის მსახიობის სპეციალობას დაემატა ანსამბლის მსახიობის სპეციალობაც. თ.ს.ქ.სთან ფუნქციონირებს ზოგადსაგანმან. საბაზო სკოლა (I–IX კლასები). 1996-იდან გაიხსნა კერძო დაფინანსების სექტორი, აქვს მუზეუმი (ქართ. ბალეტის ისტ. საგამოფენო მასალის ექსპოზიცია). 1985 სექტემბერში თ.ს.ქ.ს. დავით აღმაშენებლის პროსპექტიდან გადავიდა ახ. შენობაში, სადაც გაუმჯობესებულია სწავლის მატერ.ტექ. ბაზა. სტუდიის ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ: მ. პერინი (კერძო საბალეტო სტუდია, 1916–20, სახელმწ. საბალეტო სკოლის გამგე და წამყვანი მასწავლებელი 1920–34, 1934–38 თანამშრომლობდა დ. ჯავრიშვილთან), 1935-იდან სახელმწ. ქორეოგრ. სტუდიას სათავეში ედგნენ დ. ჯავრიშვილი (1936–50), ვ. ჭაბუკიანი (1951–72; 1957-იდან თბილ. სახელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), ს. ვეკუა (1973–77); ბ. ბარამიძე (1977–90); ნ. მახათელი (1991–92); 1992–2001 დირექტორი იყო ბ. ბარამიძე, 2001–04 – თ. ვაშაკიძე, 2004-იდან (დღემდე) სასწავლებლის მმართველია ზ. ბაქრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ნ. ანანიაშვილი. 2004 თბილისში დაბრუნდა მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაბალერინა ნ. ანანიაშვილი და შეუდგა აქტ. შემოქმედებით და პედ. მოღვაწეობას თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სასწავლებლის კურსდამთავრებულები მრავალი საერთაშ. ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატები, მსოფლიოს საბალეტო ხელოვნ. ვარსკვლავები არიან. ესენია: ნ. ანანიაშვილი, თ. (ჩ.) ლიოვინა, ი. ნიორაძე, ი. ზელენსკი, ნ. ცისკარიძე, დ. მახათელი, ე. გლურჯიძე, დ. კანდელაკი, მ. ზურაშვილი და სხვ.