თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, ქალთა პირველი ღია პედაგოგიური სასწავლებელი ამიერკავკასიაში (დიდი მთავრის ოლღა ალექსანდრეს ასულის უწყებისა). დაარსდა 1865, იღებდნენ 8–18 წლის ასაკის გოგონებს, რებსაც საშინაო და დაწყ. კლასების მასწავლებლებად ამზადებდნენ. სწავლების კურსი 3საფეხურიანი იყო: ელემენტარული (I–II კლასები), ზოგადი განათლების (III–IV კლასები), სპეც. პედაგოგიკის (V–VI კლასები). სწავლება ფასიანი იყო (წელიწადში 200 მანეთამდე), არასავალდებულო საგნების (გერმ., ფრანგ., სომხ., აზერბ. ენები, ცეკვა, მუსიკა) შესწავლისათვის ქირას დამატებით იხდიდნენ. უკანასკნელი (მაღალი) კლასის მოსწავლეები დაწყებით კლასებში პედ. პრაქტიკის გავლის, საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ საშინაო მასწავლებლის წოდებას ღებულობდნენ. 1870 სასწავლებელს დაემატა VII პედ. კლასი და გადაკეთდა ქალთა პირველ გიმნაზიად. 1873 გიმნაზიასთან გაიხსნა პროგიმნაზია. კურსდამთავრებულები იღებდნენ საშ. განათლებას უმაღლეს სასწავლებლებში შესვლის უფლების გარეშე. ვ. გაგუა.