თბილისის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე თბილისის სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში, მდ. წავკისისწყლის მარცხენა მხარეს, სოლოლაკის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე, მტკვრისკენ სოლივით შეჭრილ მაღალკლდოვან თხემზე. IV–XVIII სს. ქართ. და უცხოენოვან საისტ. წყაროებში გვხვდება კალის, შურისციხის, ტფილისის ქალაქის, ციხის, მაღლაციხის, ნარიყალის სახელწოდებით. ვარაუდობენ, რომ ციხის ადგილზე დასახლება ძველთაგანვე იყო (აღმოჩენილია ძვ. XIII–XII სს. ბრინჯაოს სატევარი).

თბილისის ციხე.jpg

ძვ. ქართ. საისტ. წყაროები და მემატიანეები, კერძოდ ლეონტი მროველი, თ. ც-ის დაარსებას სპარსთა მეფის პიტიახშს, 368 ქართლში მოსულ ქრამ ხუარ ბორზარდს მიაწერს: `და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისად”. `ქართლის ცხოვრების” ერთერთ ვარიანტში შესაბამისი ადგილი ასე იკითხება (ს): `აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის შურისციხედ ციხედ მცხეთისად”. `ქართლის ცხოვრების” ძვ. სომხური თარგმანი კი გვამცნობს, რომ სპარსელებმა `ააგეს ციხე ტფილისის კარს მცხეთის საწინააღმდეგოდ”. მაშასადამე, თბილისი სპარსელი პიტიახშის ადგილსამყოფელი იყო, საიდანაც მას მცხეთაში მყოფი ქართლის მეფის კონტროლი უნდა განეხორციელებინა შურისციხის მეშვეობით. ამასვე იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი, ოღონდ `კართა შორის ციხის” ნაცვლად მას `შურისციხეს” უწოდებს. იგი თ. ც-ს `მაღალ ციხედაც” მოიხსენიებს: `... მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმინდის ნიკოლოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდდიდნი და შუენიერნი”. რაც შეეხება ტერმინ `ნარიყალას”, იგი პირველად XVII ს-ში გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ XVII–XVIII სს. ყველა მნიშვნელოვან ციხეს (დმანისის, გორის, სიღნაღის და ა. შ.) ჰქონია თავისი ნარიყალა, შემდგომში კი ეს სახელი მხოლოდ თ. ც-ს შემორჩა. VI ს. II ნახევარში თბილ. პოლიტ.ეკონომიკურად მომძლავრებასთან ერთად გაიზარდა თ. ცის სტრატეგიული მნიშვნელობაც. იგი წარმოადგენდა ფეოდ. ქალაქის დომინანტს, მის ძირითად თავდაცვით ნაგებობას. თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მან მტრის არაერთი დამანგრეველი შემოსევა განიცადა. პირველი დიდი განსაცდელი თბილისსა და მის ციხეს 627 დაატყდა, როდესაც მას ალყა შემოარტყა ბიზანტ. კეისარ ჰერაკლესა და ხაზართა ხაკან ჯიბღუს გაერთ. ლაშქარმა. სპარსთა დამხმარე რაზმით გაძლიერებულმა ქალაქის დამცველებმა უკუაგდეს მტერი. 628 მოკავშირეებმა კვლავ შემოუტიეს კალას, ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს იგი და დაანგრიეს. მომდევნო საუკუნეებში ქალაქსა და მის ციხეს არაბთა ბატონობის ხანგრძლივი პერიოდი დაუდგა. XI ს-ში ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილ. გათავისუფლება. 1045 ქალაქის ბერების მიერ მიწვეულმა ბაგრატმა პირველ რიგში თბილ. მთავარი ციტადელი აიღო, რ-იც მემატიანეს დარიჯელის სახელით აქვს მოხსენიებული. 1122 დავით აღმაშენებელმა ქალაქთან ერთად თ. ც-ც შემოიმტკიცა და მას შემდეგ, მთელი საუკუნის განმავლობაში, ციხესიმაგრეს აღარ განუცდია მტრის შემოტევა. 1226 თბილისს დიდი ძალებით შემოუტია ჯალალედინმა. ქალაქის მაჰმადიანთა დახმარებით, რ-ებმაც ღალატით მოკლეს ციხისთავი მემნა ბოცოს ძე და მტერს გალავნის კარი გაუღეს, ჯალალედინმა მოახერხა ქალაქის აღება (იხ. აგრეთვე სტ. ხვარაზმელები საქართველოში). შემდეგი დიდი შემოსევა თ. ც-მ განიცადა 1386, თემურლენგის I ლაშქრობის დროს. ნოემბერში მან ალყა შემოარტყა თბილისს. მტერს გაუჭირდა ძლიერ გამაგრებული ციხის აღება. ქალაქის დამცველები მეფე ბაგრატ V-ის მეთაურობით ციხის გალავნიდან გამოდიოდნენ და მის მისადგომებთან ებრძოდნენ მტერს. მაშინ, თემურლენგის ბრძანებით, ქალაქის ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები განალაგეს და 21 ნოემბერს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, აიღეს ქალაქი და მისი ციხე (იხ. აგრეთვე სტ. თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). 1522 თ. ც., ციხისთავის ღალატით, ორი წლით დაიპყრო შაჰ ისმაილ I-მა (ზოგი მოსაზრებით, მისმა მხედართმთავარმა დივსულთანმა). 1541 თბილისზე ილაშქრა შაჰ თამაზ I-მა, ამჯერადაც ციხისთავი გულბაათი მოღალატე აღმოჩნდა და ციხე მტერს ჩააბარა. 1578 თ. ც-ს დაეუფლა მუსტაფა ლალაფაშა და 1606-მდე ციხეში ოსმალთა გარნიზონი იდგა, შემდეგ კი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი ყიზილბაშებს ეპყრათ.

თბილისი ციხე ნარიყალა.jpg

როსტომის მეფობის დროს (1632–58) ხიდისყურიდან კალის ციხემდე ზღუდე გაუვლიათ და ქალაქი და ციხე გაუყვიათ. ამის შემდეგ გაჩნდა მიკროტოპონიმი `დაბლა ციხე” – `მაღლა ციხის” საპირისპიროდ. სწორედ ამ ხანებში თბილისში იმყოფებოდა თურქი მოგზაური ევლია ჩელები, რმაც დაგვიტოვა ციხის აღწერილობა: `...დიდი ციხე მდინარე მტკვრის სამხრეთითაა... ციცაბო კლდეზე... აშენებული. დიდი ციხის გარშემოწერილობა ექვსი ათასი ნაბიჯია, მაგრამ ძველი ნაშენია. კედლის სიმაღლე სამოცი წყრთაა. სამოცდაათი ბურჯი და სამი ათასი ქონგური აქვს. მდინარე მტკვარს წყლისათვის განკუთვნილი ერთი ხვრელიანი კოშკი გადაჰყურებს; ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურვილს. გალავნის შიგნით ექვსასი ბანიანი სახლია. ხანის სასახლე ამ ციხეშია. ჯამე, ქარვასლა, აბანო და მცირე ბაზარი აქვს... დიდი ციხის აღმოსავლეთით ბუნებრივი ცხელი წყალია”. როგორც ჩანს, თ. ცის აღწერისას ევლია ჩელების სწორედ `დაბლა ციხე” ჰქონდა მხედველობაში. გაზვიადებულად უნდა მივიჩნიოთ მის მიერ მოწოდებული ციხის გალავნის სიმაღლეც. 1747–48 ციხესიმაგრეები: თაბორი, მეტეხი, ნარიყალა აბდულაბეგის მომხრე ყიზილბაშებს ეკავათ. ერეკლე II-მ თავდაპირველად თაბორის და მეტეხის ციხეები აიღო, შემდეგ – დაბლა ციხე, ბოლოს კი ნარიყალაც დაიკავა და ყიზილბაშებს საბოლოოდ ამოუკვეთა ფეხი ამ ადგილებიდან. უკანასკნელი დამანგრეველი შემოსევა თ. ც-მ 1795, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობისას, განიცადა. კრწანისის ომის დროს `სახელოვანი აღალუა ციხისთავი... ნარიყალას ბურჯებიდან ყუმბარას აყრიდა სეტყვასავით სპარსთა რაზმებს...” სპარსელებმა ქალაქის აღების შემდეგ აიკლეს და გაავერანეს ნარიყალა. 1796 სარაიდარებმა ფარსადანამ და სტეფანემ აღადგინეს ბრძოლების დროს დანგრეული ციხის კედლები (იხ. აგრეთვე კრწანისის ბრძოლა 1795). ქართლკახეთის სამეფოს რუს. იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თ. ც-მ დაკარგა ადრინდ. მნიშვნელობა. 1827 მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა და დაანგრია ციხის კედლები, ბურჯები და კოშკები, შეიწირა სტამბოლის გოდოლის დიდი ნაწილიც. XIX ს. I ნახევარში ციხის ერთერთ შენობაში დენთის საწყობის აფეთქების შედეგად დაინგრა თ. ც-ის თითქმის ყველა ნაგებობა, მ. შ. წ-მ. ნიკოლოზის ეკლესიაც. საუკუნეთა განმავლობაში ციხე ბევრჯერ დანგრეულა, ასევე ბევრჯერ აღუდგენიათ და გადაუკეთებიათ. ჩვენამდე მოაღწია XII–XIII სს. და XVII ს. ნაგებობათა სახით. თ. ც. შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ძირითადი ნაწილისაგან. აღმ. ნაწილი გეგმით კვადრატულია (70 X

70 ), დასავლეთისა – სწორკუთხა (60 X 20 ); ციხის კედლები (სისქე 1,5 მ – 2,0 მ) გამაგრებული იყო მრგვალი და სწორკუთხედი კოშკებით და ბურჯებით. ციხის კედლებში შემორჩენილია 2 კარის ნაშთი. ერთი, `განჯის კარად” წოდებული, ახლანდელი ბოტან. ბაღის მხარეს, მეორე, უფრო დიდი – ციხის ჩრდ.აღმ. მხარეს. ამ კართან თ. ც-ის უძველესი (ადრინდ. შუა საუკუნეების ხანის) თლილი ქვის დიდი კვადრებით ნაგები კედლის ნაშთია. ციხის დანარჩენი ნაწილი ნაგებია კვადრ. ფორმის ქართ. აგურით და ნატეხი ქვით, გაჯისა და კირის ხსნარზე. თ. ც. მიუდგომელი იყო. მთაგორიან რელიეფზე განლაგებული საციხო ნაგებობები რთულ სისტემას ქმნიდა. შედარებით ადვილად შესაღწევი გზა დასიდან იყო, რის გამოც ციტადელი ამ მხარეს უფრო მეტად იყო გამაგრებული. ციხის წყლით მომარაგება საგანგებო სისტემით ხდებოდა, არხისა და აკვედუკის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გამოსახულია თბილ. ტურნეფორისეულ (1701) ნახატზე. ციხის ეკლესია დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ 1735 გეგმაზე, უფრო გვიან, 1800 კი – ჩუიკოს მიერ შედგენილ გეგმაზეც. ციხის ტერიტორიაზე XX ს. 60–80-იან წლებში ჩატარდა არქეოლ. გათხრები [იხ. თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები], გამოვლინდა შუა საუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, აგრეთვე კერამიკა, მინა, მონეტები. 70–80-იან წლებში მიმდინარეობდა ციხის სარესტავრაციო სამუშაოები. 90-იან წლებში XII–XIII სს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ძვ. საფუძველზე აშენდა ახ. ეკლესია. წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ. შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, 4, თბ., 1955–73; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: კვირკველია თ., ძველთბილისური დასახლებანი, თბ., 1985; მესხია შ., გვრიტიშვილი დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958; ჯანაშია ს., თბილისის ისტორია, შრომები, [ტ.] 1, თბ., 1949. თ. ბერიძე.