თბილისობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისობა.jpg

თბილისობა, თანამედროვე ქალაქური დღესასწაული. ტარდება 1979-იდან ოქტომბრის ბოლო კვირას. დღესასწაული თავისი ხასიათით, შინაგანი სოც. ბუნებით და დანიშნულებით ხალხთა მეგობრობის, ძმობისა და ერთობის მასობრივი თეატრალიზებული სანახაობაა. გამოყენებულია ბერიკაობის, ყეენობის, თელეთობის, მაისობისა და სხვა ქართ. დღესასწაულების ტრადიციები, რ-თა მეოხებითაც ცოცხლდება XIX ს. ქალაქური ცხოვრების სურათები. დღესასწაულზე დიდი ადგილი უჭირავს ხალხ. ხელოსნური ნაწარმის (კერამიკა, ჭედურობა, ხის და სპილენძის ნაკეთობა, ნართისა და შინნაქსოვი ქსოვილის, ხალიჩის, ფარდაგის, გობელენის) გამოფენაგაყიდვას. დღესასწაულის ოფიც. ნაწილი ეთმობა სამოქალაქო რიტუალებს: ძეობას, ქორწინების რეგისტრაციას, ხელოსნის მიერ შეგირდის ოსტატად ხელდასხმას და სხვ. ირჩევენ ქალაქის საპატიო მოქალაქეებს. მათ ოფიციალურად გადასცემენ ჯილდოს – ქალაქის სიმბოლურ გასაღებს. თ. დედაქალაქში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქის დღესასწაულია. ძვ. ქალაქის რეკონსტრუირებულ უბანში, რიყეზე, იმართება დიდი საზეიმო კონცერტი, სკვერებსა და ქუჩებში – სახალხო სეირნობა, ღია ცის ქვეშ მუზეუმში – ფოლკლორისტთა და ხალხ. შემოქმედთა საღამო. 1991–96 ქალაქში შექმნილი ექსტრემალური ვითარების გამო დღესასწაული არ გამართულა. 1997-იდან თ. კვლავ აღდგა.