თბილისში აღმოჩენილი უცხოური მონეტები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უცხოური მონეტა.png

თბილისში აღმოჩენილი უცხოური მონეტები, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი უცხოური მონეტები და მონეტების განძი. ძვ. წ. II–I სს. მიეკუთვნება აქ აღმოჩენილი ბაქტრიული და მცირეაზიული (ქალაქების ამასტრიდისა და სოლის) მონეტები. ანტ. ხანის მონეტებიდან აღსანიშნავია ძვ. წ. I ს.–ახ. წ. I ს. რომაული დენარები, პართული დრაქმები, I–III სს. აზიის ბოსფორული მონეტები და შაპურ I-ის (241–272) სასანური დრაქმა. 1904 `მაიდანზე” აღმოჩნდა სასანურბიზანტიური ვერცხლის მონეტების შერეული განძი (დაახლ. 800 ც.), რის ქრონოლ.დიაპაზონია 579–641. თბილისში მრავლადაა ნაპოვნი სხვადასხვა დროის (VI, X–XI სს.) სპილენძის, უფრო იშვიათად – ოქროს ბიზანტ. მონეტები; მიკვლეულია VIII ს. არაბ. დირჰემი და ფელსები. 1961 ბოტან. ბაღის ტერიტზე აღმოჩნდა X ს. დასასრულისა და XI ს. დასაწყისის არაბ. ვერცხლის მონეტების ნატეხების განძი. მრავლადაა ნაპოვნი XI–XIII სს. შირვანშაჰების, ილდეღიზიდებისა და სელჩუკების მონეტები. დადასტურებულია ქართ.აღმ. მონეტების რამდენიმე შერეული განძი. თბილისში აღმოჩენილია ჯალაირიდებისა და ჰულაგუიდების სახელით XIV ს-ში მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, მ. შ. განძიც. მრავლად ჩნდება ირან. და თურქ. მონეტები. აღსანიშნავია 1929–30 აბანოთუბანში აღმოჩენილი XVIII ს. ირან. ვერცხლის მონეტების დიდი განძი. თბილისში მიკვლეულია ევრ. მონეტებიც (იხ. ევროპული მონეტების განძი). ყოველივე ეს მიუთითებს, რომ თბილისს ინტენს. სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აღმოსავლეთის და დასავლეთის მრავალ ქვეყანასთან. ლიტ.: აბრამიშვილი თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის პართული მონეტების კატალოგი, თბ., 1974; მისივე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1965; ანთაძე მ., საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV–XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, თბ., 1982; ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVIII საუკუნეებში, თბ., 1971; Брашинский И. Б., К истории экономических связей Восточного Причерноморья в античную эпоху (по нумизматическим данным), «Известия Ан Грузии», 1967, т. 47, №3; Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979; Кутелия Т. С., Грузия и ცефевидский Иран, Тб., 1979. გ. დუნდუა.