თბილური დრამა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილური დრამა ყაანური ვერცხლი.jpg

თბილური დრამა, VIII–XIV სს. თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის მონეტების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: 1. VIII–X სს. ომაიანთა და აბასიანთა დირჰემები. ერთ მხარეზეა მუსლიმური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანის სახელწოდება და მოჭრის თარიღი; მეორეზე – ზედწერილები ყურანის სურებიდან). 2. თბილისის ჯაფარიანი ამირების ვერცხლის ფული (შუბლზე რელიგ. ფორმულაა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე – ხალიფისა და ჯაფარიანი ამირას სახელები). 3. XII ს. 30–40-იანი წლების პირველი ანონიმური მონღოლური მონეტები (მშვილდისა და მხედრის გამოსახულებით, წარწერით: `მონღოლთა დიდი ულუსბექი”). 4. მანგუყაენის დირჰემები (შუბლზე, ცენტრში არაბული წარწერაა: `მანგუყაანი, უზენაესი, სამართლიანი”, გარშემო – მოჭრის ადგილი, ზურგზე – მაჰმადიანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანა და მოჭრის თარიღი). 5. ყაანურები. 6. ქართ.ჰულაგუიანური დირჰემები. 7. ქართველ მეფეთა დრამები: დავით VI ნარინის (შუბლზე – ცხენოსანი მეფე, სახელის მონოგრამა, თარიღი ქორონიკონით; ზურგზე – დავითის სახელის შემცველი სპარს. ზედწერილი და მოჭრის ადგილი); დავით VII ულუს (შუბლზე – დავითის სახელის შემცველი არაბ. ზედწერილი და ზარაფხანის სახელწოდება; ზურგზე – მანგუყაენის სახელის შემცველი ზედწერილი სპარსულად, მოჭრის თარიღი – არაბულად); დავით VIII-ის (შუბლზე – ყაზანყაენის სახელის შემცველი ლეგენდა, ზურგზე – ქრისტ. ლოცვა არაბულად: `სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ღმერთისა ერთისა” და დავითის სახელის მონოგრამა ქართულად, გარშემო – მოჭრის თარიღი); ვახტანგ III-ის (შუბლზე – ყაზანყაენის სახელის შემცველი ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი, ზურგზე – ქრისტ. ლოცვა, ჯვარი და ვახტანგის სახელის მონოგრამა, გარშემო – თარიღი). 8. 1300–1355 მოჭრილი ილხანთა საერთო ჰულაგუიანური ტიპის დირჰემები (შუბლზე – ილხანის სახელი და ეპითეტების შემცველი ზედწერილი; ზურგზე – შიიტური სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის ადგილი და დრო). ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Джалагания И. Л., Из истории монетного дела в Грузии XIII в., Тб., 1958; Пахомов Е. А., Монеты Грузии, ч. 1, СПб., 1910. ი. ჯალაღანია.