თბილური ფულუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილური ფულუსი, ქართული ფულუსი, სეფიანთა ირანის ანონიმური საქალაქო მონეტის მსგავსი სპილენძის ფული, იჭრებოდა XVII–XVIII სს. თბილ. ზარაფხანაში, საქართვ. ცენტრ. ხელისუფლების მიერ. მონეტების მიმოქცევის არე იყო ქართლისა და გარეკახეთის ტერიტორია. როსტომ მეფის დროს ერთ თ. ფზე შაჰ სეფი I-ის სახელი გაჩნდა, როგორც თანადროულ ვერცხლის მონეტებზე. როდესაც სამეფომ მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფულუსზე ქართ. ასოებით თავისი სახელები მოათავსეს ქართლის მმართველებმა – ვახტანგმა, სიმონმა, ბაქარმა. თ. ფ-ის ერთ მხარეზე რეალური ან ფანტასტიკური ცხოველი (ლომი, ირემი, ხარი, ცხენი, დრაკონი, ფარშავანგი, მარტორქა), მზე ან გემი იყო გამოსახული; მეორე მხარეზე – სპარს. წარწერა: `ფულუსი იჭედა თბილისს”, წელი ჰიჯრით. XVIII ს. შუა ხანებიდან თ. ფზე თავიანთ სახელს ათავსებენ დამოუკიდებელი ქართლკახეთის მეფეები: თეიმურაზ II, თეიმურაზ II და ერეკლე II ერთად, ერეკლე II, გიორგი XII, ბატონიშვილი დავით გიორგის ძე; მეორე მხარეზე, გარდა ცხოველებისა, ჩნდება შემდეგი გამოსახულებები: ბაგრატიონთა გერბი, ორთავიანი ან ერთთავიანი არწივი. თ. ფზე ზოგჯერ წელი ქრისტ. წელთაღრიცხვით არის მითითებული. 1640იდან 1801მდე ფულუსის სამი ნომინალი იჭრებოდა – ბისთი, ნახევარი ბისთი და ბისთის მეოთხედი ფული. ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Кутелия Т. С., Грузия и сефевидский Иран, Тб., 1979; Пахомов Е. А., Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII–XVIII вв. Отдельный оттиск, Баку, 1928. თ. ქუთელია.