თბოტექნიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბოტექნიკა, ტექნიკის დარგი, რომლის ამოცანაა თბური ენერგიის მიღება სხვადასხვა წყაროდან და მისი გამოყენება, მართვა და განაწილება, როგორც უშუალოდ (სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის), ისე არაუშუალოდ, კერძოდ, მისი გარდაქმნა მექან. მუშაობად. თ-ის ამოცანაა, აგრეთვე, თბური მანქანების, დანადგარებისა და აპარატების გაანგარიშება, დაპროექტება, დამონტაჟება, გამართვა და ექსპლუატაცია; ამ მოწყობილობებისათვის მუშა ნარევების (ორგ. სათბობის ჰაერთან ნარევის) მომზადება და მიწოდება, წვის პროდუქტების უტილიზაცია, ასევე, დანადგარებიდან სითბოს, მ. შ. ჭარბი ნარჩენი სითბოს არინება; დანადგარების გაწმენდა ორგ. სათბობის წვის ნარჩენებისგან და მინადუღისგან; კოროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სხვ. თ. განიხილავს სითბოს გამოყენების ორ პრინციპულად განსხვავებულ მიმართულებას: ენერგეტ. და ტექნოლოგიურს. ენერგეტ. მიმართულება გულისხმობს თბური ენერგიის გარდაქმნას მექან. მუშაობად (იხ. სტ. თბოენერგეტიკა), ხოლო ტექნოლ. მიმართულება – მის გამოყენებას და მართვას სხვადასხვა ნივთიერებებისა და სხეულების სტრუქტურისა და მექან., ქიმ. და ფიზ. თვისებების შეცვლის მიზნით [გამყარება, შეცხობა, დნობა (იხ. სტატია მეტალურგია), გაშრობა და სხვ.]. თბური ენერგიის მექან. მუშაობად გარდაქმნა ემყარება მუშა სხეულის (ორთქლის ან აირის) უნარს, გაფართოვდეს სითბოს გადაცემის პროცესში. თმდში მეორდება თერმოდინამიკური ციკლი, ანუ მუშა სხეულის მდგომარეობის შეცვლის ისეთი პროცესი, რის დასასრულს ის უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. ყოველი ასეთი ციკლის შედეგად სითბოს წყაროს – სახურებელს – აერთმევა სითბო Q1, რის ნაწილი Q2<Q1 გადაეცემა მაცივარს, ამასთან სხვაობა (Q1-Q 2) გარდაიქმნება მექან. მუშაობად. თ-მდში მაცივრის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია ბუნების უზოგადესი კანონით – თერმოდინამიკის მეორე კანონით, რის თანახმად, შეუძლებელია ქაოსური მოძრაობის ენერგიის (კერძოდ, თბური ენერგიის) მოწესრიგებული მოძრაობის ენერგიად (კერძოდ, მექან. მუშაობად) სრულად გარდაქმნა. მაცივრის როლს ხშირად ასრულებს გარემო. თმდს აქვს მუშა სხეულისათვის სითბოს მოწოდების სისტემა და სითბოს ან მუშა სხეულის გარემოში არინების სისტემა. საქართველოში თის განვითარება უკავშირდება გ. ნიკოლაძის, ვ. გომელაურის, ფ. თავაძის, ს. ქუთათელაძის და სხვ. მეცნიერთა სახელებს. კვლევები თ-ში მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფ. თავაძის სახ. მეტალურგიის ინსტიტუტში და სხვ. ლიტ.: გომელაური ვ., სითბოს და მასის გადაცემის თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1974; ყიფშიძე მ., ჯიშკარიანი თ., არაბიძე გ., საქვაბე დანადგარები, თბ., 2000; Бровман М. Я., Рамишвили Ш. Д., Римен В. Х., Тавадзе Ф.Н., Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1987; Кутателадзе С. С., Анализ подобия в теплофизике, Новосиб., 1982. გ. არაბიძე.