თბური ტუმბო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბური ტუმბო, სითბოს ტრანსფორმატორი, რომელიც შებრუნებული თერმოდინამიკური პროცესის განხორციელებისას უზრუნველყოფს სითბოს დაბალი პოტენციალიდან (გარემომცველი გარემოს – ჰაერი, წყალი, ტექ. სითბოს ნარჩენები) თბური ენერგიის გადატანას სითბოს მომხმარებლისაკენ. ამ პროცესის განხორციელებას ემსახურება მუშა ნივთიერება (მაგ., ფრეონები), რ-ის ცირკულირებას უზრუნველყოფს თ. ტს კომპრესორი ამაორთქლებლის და კონდენსატორის გავლით. თ. ტ. შედგება კომპრესორის, ელექტროძრავის, ამაორთქლებლისა და კონდენსატორისაგან. მუშა ნივთიერება ორთქლდება ამაორთქლებელში გარემოს დაბალტემპერატურული სითბოს ხარჯზე. შემდეგ მისი ტემპრა მაღლდება კომპრესორში და გადადის კონდენსატორში, სადაც იგი კონდენსირდება – გადასცემს რა სითბოს მომხმარებელს უფრო მაღალი ტემპერატურით. თ. ტ-ს უმარტივეს მაგალითს წარმოადგენს ინდივიდ. კონდიციონერი შენობაში ჰაერის გაგრილების (ზაფხულში) და გათბობის (ზამთარში) უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ერთი და იგივე დანადგარი უზრუნველყოფს შენობის სიცივით და სითბოთი დაკმაყოფილებას. თ. ტს ძირითადი ენერგეტ. მახასიათებელია ე.წ. სითბოს ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, რის პრაქტ. მნიშვნელობაა 2–4, რაც ნიშნავს იმას, რომ თ. ტ. მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგორესურსებს. ამიტომაც მსგავსი თ. ტები ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (იაპონია, ჩინეთი და სხვ.). საქართველოში დღეისათვის დანერგილია თ. ტ-ს დანადგარები: სოხუმის სავაჭრო ცენტრის, ბიჭვინთის საკონცერტო დარბაზისა და სანატორიუმების კორპუსების სითბოსიცივით მომარაგებისათვის; სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში ჩაის ფოთლის ცივად შესანახად და ჩაის საშრობ აგრეგატებში (პირველი დანადგარი ყოფ. სსრ კავშირში, 1974, ვ. [[გომელაური]], ო. ვეზირიშვილი); საგარეჯოს რძის კომბინატში რძის პასტერიზაციისა და პროდუქციის ცივად შესანახად. უახლოეს 10–20 წელიწადში მსოფლიოში ნავარაუდევია თ. ტს დანადგარების მასობრივი გამოყენება სითბოსიცივით მომარაგების სისტემაში. ლიტ.: ვეზირიშვილი ო., სათბობენერგეტიკული კომპლექსის განვითარების მიმართულებები, თბ., 2005; ვეზირიშვილი ო., პაპავა ლ., თბომასაგადამცემი დანადგარები და თბოფიკაცია, თბ., 2009. ო. ვეზირიშვილი.