თეატინელები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატინელები (ქიეტინელები, კვიეტინელები, პავლინელები), რომის კათოლიკური ეკლესიის მონაზვნური კონგრეგაცია (Ordo regularum theatinum), დააარსეს 1524 კიეტის (ლათ. Thiatinus) ეპისკოპოსმა ჯან პიეტრო კარაფამ (შემდგომში პაპი პავლე IV) და წმ. გაეტან თიენელმა. 1540 დაამტკიცა პაპმა პავლე III-მ. ორდენმა მიიღო ავგუსტინელი ბერების წესდება. იგი დაარსდა კონტრრეფორმატული მოძრაობის დროს და მიზნად ისახავდა სამღვდელოების ზნეობის ამაღლებას, კათოლ. აღმსარებლობის განმტკიცებას და გავრცელებას, ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლას. უარყოფდნენ რა ყოველგვარ საკუთრებას, ცხოვრობდნენ ღმერთს მინდობილნი, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ ავადმყოფთა და მომაკვდავთა მიმართ, ამიტომაც მათ მოციქულებრივ სამღვდელოებასაც უწოდებდნენ. ორდენის ძირითადი სამყოფელი იყო ნეაპოლი და ვენეცია, საიდანაც გავრცელდნენ მთელ იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში. მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში, სპარსეთსა და ინდოეთში. პაპ ურბან VIIIის და სჯულის პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით თ. 1628 ჩამოვიდნენ საქართველოში, მოღვაწეობდნენ ქართლში (გორი), სამეგრელოსა და გურიაში. მათი ცნობილი მოღვაწენი იყვნენ: პ. ავიტაბილე, კ. კასტელი, ა. ლამბერტი, ა. ბორომეო, კ. გალანო და სხვ. ლიტ.: თამარაშვილი მ. , ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ..., ტფ., 1902. მამა ზაზა (თევზაძე).