თეატრალური განათლება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური განათლება, პროფესიული მომზადება თეატრალური მოღვაწეობისათვის: სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში მსახიობების, რეჟისორების, თეატრალური მხატვრების, თეატრმცოდნეების, თეატრალური პროდიუსერებისა და მენეჯერების, სადადგმო ნაწილის სპეციალისტების სისტემური აღზრდა. თეატრ. სპეციალობების ასათვისებლად ისწავლება: მსახიობის ოსტატობა, სასცენო მეტყველება, სასცენო მოძრაობა, რიტმიკა, ცეკვა, სიმღერა, მსოფლიოს ხალხთა თეატრის ისტორია და თეორია, სცენოგრაფია, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორია და თეორია, თეატრ. საქმის ორგანიზაცია. თ. გის ფორმებსა და მოცულობას განსაზღვრავს თეატრ. კულტურის განვითარების დონე ამა თუ იმ ქვეყანაში. თ. გ-მ უძველესი ეპოქიდან მოიკიდა ფეხი, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში. ჯერ კიდევ ძვ. წ. აღრიცხვამდე შექმნილ ინდურ ტრაქტატში `არტხაშასტრა” აღწერილია მსახიობთა აღზრდის მეთოდები. იაპონელი მსახიობების აღსაზრდელად უკვე VII ს-იდან ყალიბდებოდა აღმზრდელობითი სისტემები. მსახიობები ეუფლებოდნენ დეკლამაციას, პლასტიკას, სიმღერას, ცეკვას, პანტომიმას. კაბუკის თეატრის მომავალი მსახიობები ოჯახშივე მცირე ასაკიდან იწყებდნენ პროფესიის ათვისებას. ძვ. ჩინეთში VIII–X საუკუნეებში ჩამოყალიბდა `ღრუბლების მელოდიებისა” და `ლაჟვარდოვან საბურველთა” დასები. მსახიობებს მოეთხოვებოდათ პროფ. ჩვევების სრულყოფა, ამიტომ მათ მცირე ასაკიდან ასწავლიდნენ დეკლამაციას, ცეკვას, სიმღერას, სასცენო მოძრაობას, სამხ. საჭურვლის ვირტუოზულ ხმარებას, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას; სწავლების მეთოდებს პროფესიონალი მსახიობები გამოიმუშავებდნენ და დასში ახალმიღებულ მსახიობებს გადასცემდნენ. ევროპაში თ. გ. ძველ რომში ჩაისახა. ძვ. წ. I საუკუნეში არსებობდა ცნობილი კ. როსციუსის სკოლა. შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის თეატრში მსახიობთა აღზრდა საკუთრივ დასებში ხდებოდა, რასაც დასის ხელმძღვანელები და დრამატურგები ახორციელებდნენ. მსახიობთა აღზრდის საკითხში უდიდესი წვლილი შეიტანა იტალ. ნიღბების თეატრმა `კომედია დელ’არტემ”, ასევე უნტებში დანერგილმა `სწავლულმა კომედიამ”, რაშიც სტუდენტები და პროფესურა მონაწილეობდა. ახ. სამსახიობო ამპლუებისა და ძვ. კანონიკური სასცენო წესების თანდათანობითმა ცვლილებებმა საჭირო გახადა ახლებური სასწ. მეთოდოლოგიების შემუშავება. ამის კვალობაზე იწერებოდა ტრაქტატები თეატრის შესახებ, მაგ.: ლოპე დე ვეგას `ჩვენს დროში კომედიის წერის ხელოვნება”, ფ. ლანგეს `განსჯა სცენური თამაშის შესახებ”, უფრო მოგვიანებით დ. დიდროს `პარადოქსი აქტიორზე”, ი. ვ. გოეთეს `წესები მსახიობთათვის”, გ. ე. ლესინგის `ლაოკოონი”. ფართო პედ. მოღვაწეობას ეწეოდნენ ცნობილი მსახიობები: პ. ლ. პრევილი, ფ. ჟ. ტალმა, დ. გარიკი და სხვ. XVII–XVIII სს-ში გახსნილ სასკოლო თეატრებში ჩამოყალიბდა მწყობრი პედ. სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთი, სადაც ჩაისახა კლასიცისტური დრამა და დრამის მსახიობთა მკაცრად რეგლამენტირებული საშემსრულებლო მანერა, რ-იც თ. გის სისტემ. განვითარებას მოითხოვდა. ამიტომაც შეიქმნა 1784 სიმღერისა და დეკლამაციის სამეფო სკოლა, მომავალში – პარიზის კონსერვატორია; ამას დაემატა სხვა თეატრ. სასწავლებლები: ვენის კონსერვატორიის დრამ. განყოფილება, თეატრ. სკოლა ვარშავაში, ხელოვნების აკადემია ფლორენციაში და სხვ. რუსეთში თეატრ. სწავლება დაიწყო XVII–XVIII სსიდან. XVIII ს-ში შეიქმნა ცეკვის სამეფისკარო სკოლა, რმაც სათავე დაუდო თეატრ. სასწავლებელსაც. წლების განმავლობაში რუს. სცენის ოსტატები ედგნენ სათავეში თ. გს. დაგროვდა დიდი შემოქმედებითი გამოცდილება. მასზე დაყრდნობითაც თვალსაჩინო რუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და თეატრალურმა მოღვაწემ კ. ს. სტანისლავსკიმ ჩამოაყალიბა თ. გ-ის მწყობრი `სისტემა”, რ-იც დღესაც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა სათეატრო სკოლაში. საქართველოში თ. გის დაწყების პირველი ნიშნები თელავის (1782) და თბილ. (1855) სემინარიებს უკავშირდება. სემინარიის წესდება ნებას რთავდა კვირაში ერთხელ `კომედიის ან რაიმე საჩინო თამაშობის” ჩვენებას. თეატრის განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის გაბრიელ მაიორსაც, რსაც რუსეთში ჰქონდა განათლება მიღებული და არტილერიის პარალელურად თეატრ. დასის ხელმძღვანელობაც დაევალა. ისტ. ვითარების გამო საქართველო მჭიდრო კავშირში იყო რუს. იმპერიასთან და ქვეყნის კულტ. განვითარების თეატრ. ასპექტიც რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა. თეატრისა და თ. გის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა დრამატურგმა და საზ. მოღვაწემ გ. ერისთავმა, რის მიერ 1850 აღდგენილი თეატრი 6 სეზონის განმავლობაში მართავდა წარმოდგენებს; მსახიობთა აღზრდა თავად დასის წიაღში ხდებოდა. თ. გ-ის განვითარებაში დიდია მუდმივმოქმედი ქართ. თეატრის მსახიობის ვ. აბაშიძის ღვაწლი. იგი თავის `მსახიობის ჩანაწერებში” არტისტის აღზრდის საკმაოდ მწყობრ სისტემას გვთავაზობს. ქართ. პროფ. თ. გ-ს ფუნდამენტური სათავე დაუდო გ. ჯაბადარმა. მან 1918 შექმნა დრამ. სტუდია, სადაც ისწავლებოდა მსახიობის ოსტატობა, სასცენო მეტყველება და სასცენო მოძრაობა. პედაგოგებად მიწვეული იყვნენ: ვ. შალიკაშვილი, მ. ქორელი, კ. შათირიშვილი, ა. ფაღავა, ვ. ყუშიტაშვილი. სტუდიამ 1920-მდე იარსება. 1922 რეჟისორ ა. ფაღავასა და მსახიობ გ. მიქელაძის თაოსნობით გაიხსნა დრამ. სტუდია, რ-ის ამოცანა იყო – მსახიობთა მაღალპროფესიულ დონეზე აღზრდა. 1923 სტუდია სახელმწ. ინ-ტად გამოცხადდა და შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. აქ იყო შემდეგი განყბები: დრამ. სტუდია, საოპერო სტუდია, საოპერო გუნდის კლასი, პლასტიკისა და რიტმული გიმნასტიკის კლასი. 1926 ინ-ტი დაიშალა. 1927 რუსთაველის თეატრთან გაიხსნა დრამ. სტუდია, ხოლო 1939 – სასცენო ხელოვნების კურსები და იმავე წელს ორივეს ბაზაზე აღდგა თეატრალური ინტი სამსახიობო, დრამის სარეჟისორო და თეატრმცოდნეობის ფაკტებით. დროთა ვითარებაში დაემატა კინომცოდნეობის, კინოსარეჟისორო, კულტსაგანმანათლებლო, ტელეჟურნალისტთა, ტელესარეჟისორო, საოპერატორო, დრამატურგთა, თეატრ. მენეჯერთა და სხვ. ფაკტები. 1992იდან ეწოდა საქართვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინტი, ხოლო 2002 გადაკეთდა უნივერსიტეტად. მომავალი მსახიობების პროფ. დაოსტატებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1983 სასწ. თეატრის გახსნას. თეატრალური ინტი ეწეოდა დიდ სამეცნ.კვლ. მოღვაწეობას: ფუნქციონირებდა თეატრისა და კინოს ისტ. და თეორიის სამეცნ.კვლ. სექტორი (ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს – დ. ჯანელიძე, გ. ჯავაშვილი, დ. მუმლაძე); ხალხთა თეატრ. ურთიერთობების კაბინეტი (ხელმძღვ. ნ. ურუშაძე, გ. ჩართოლანი). ინტის არსებობის განმავლობაში აქ პედ. მოღვაწეობას ეწეოდნენ: კ. მარჯანიშვილი, ა. ახმეტელი, გ. ტოვსტონოგოვი, დ. ალექსიძე, მ. თუმანიშვილი, ე. იოსელიანი, მ. კუჭუხიძე, გ. ლორთქიფანიძე, შ. გაწერელია, თ. ჩხეიძე, რ. სტურუა, გ. ჟორდანია, გ. მარგველაშვილი, ლ. წულაძე, გ. კაპანაძე, ა. შალუტაშვილი, კ. მახარაძე, თ. ჭილაძე, ლ. გვარამაძე, კ. ბადრიძე, ვ. გამსახურდია, გ. საღარაძე, გ. ალექსიძე, გ. ნიკოლაიშვილი, ლ. კაპანაძე, მ. ბერიკაშვილი. სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობის პედაგოგების გარდა თეატრალურ ინტში ასწავლიდნენ დიდი მეცნიერმკვლევრები და თეატრის თეორეტიკოსები: ი. ჯავახიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, გ. რობაქიძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, გ. კიკნაძე, ვ. ბერიძე, მ. აბულაძე, დ. ჯანელიძე, ნ. ურუშაძე, ე. გუგუშვილი, ნ. შალუტაშვილი, ნ. გურაბანიძე, ვ. კიკნაძე. ინტის რექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ა. ფაღავა, ა. ხორავა, დ. ალექსიძე, მ. კვესელავა, ლ. კიკნაძე, ი. თავაძე, ე. გუგუშვილი, ლ. ჟორდანია, გ. ლორთქიფანიძე, გ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი. ლიტ.: ქართული დრამატული თეატრის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 2001; История западноевропейского театра, под общей ред. С.С. Мокульского, т. 1–2, М., 1956–57; Театральная энциклопедия, т. 1–5, М., 1961–67. დ. ხურცილავა.