თეატრალური სარდაფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური სარდაფი, კერძო თეატრი. დამფუძნებლები არიან რეჟისორები: გ. მარგველაშვილი, ლ. წულაძე, ა. ვარსიმაშვილი, ო. ეგაძე; პროდიუსერი გ. ხარაბაძე (შვილი); მხატვარი შ. გლურჯიძე; მსახიობი გ. ხარაბაძე; აღმასრულებელი დირექტორი – ე. მაზმიშვილი. თეატრი გაიხსნა 1997 წ. 31 მარტს რეჟ. ა. ვარსიმაშვილის სპექტაკლით – ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა” (მონაწილეობდნენ მსახიობები: რ. ჩხიკვაძე, გ. საღარაძე, ნ. ფაჩუაშვილი, კ. კავსაძე). თ. ს. წარმოადგენდა დამოუკიდებელ შემოქმედებით სივრცეს ახ. ტიპის ორგანიზაციული მოდელით – თეატრს არ ჰყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, საბჭო, მსახიობთა მუდმივი დასი. არ ჰქონდა მუდმივი რეპერტუარი, სახელმწ. დაფინანსება და მთლიანად სალაროს შემოსავალზე არსებობდა. თ. ს. მუშაობდა ანტრეპრიზის პრინციპით (ყოველი სპექტაკლისათვის ახ. დასის მოწვევა). 1998 თ. სმა საკუთარი სახსრებით ააშენა თეატრის ფოიე და პატარა კაფე „მცირე დარბაზი”, სადაც სპექტაკლის ანტრაქტებში გამოდიოდნენ ქუჩის მუსიკოსები. 1999-იდან თ. ს-ში დაფუძნდა თეატრის „ორშაბათები”, რებზეც ხდებოდა ახალგაზრდა რეჟისორებისა და დრამატურგების შეხვედრა, გამოფენების წარდგენა, წიგნების პრეზენტაცია, პოეტები კითხულობდნენ ლექსებს. თ. ს. სპექტაკლის დასადგმელად იწვევდა ყველა პროფესიონალ რეჟისორს, რიც ვერ ახორციელებდა თავის იდეას აკად. თეატრებში. 1997-იდან თ. სში დაიდგა სპექტაკლები: რეჟ. ლ. წულაძე – ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა”, ა. შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება”, ბ. ბარათაშვილის „აკუსტიკა”, თ. მანის „მარიო და ჯადოქარი”, რეჟ. ო. ეგაძე – კ. მანიეს „ბლეზი”, ე. იონესკოს „ორთა ბოდვა”, ი. სოლომონაშვილის `ქვირითობა; რეჟ. ა. ვარსიმაშვილი – უ. შექსპირის `ჰამლეტი” და ბ. ბრეხტის „მესამე იმპერიის შიში და სასოწარკვეთა”; რეჟ. გ. ქაჩიბაია – ი. სამსონაძის `პაწაწინა ციცქნა გოლიათი”; რეჟ. დ. ქვარცხავა და სხვ. 1999 აქ წარმოდგენები გამართა სოხუმის დრამ. თეატრმა. თ. ს-ში სტუმრად იყო ბერეგოვოს (უკრაინა) ეროვნ. თეატრი, ბულგარული დასი `კრედო”, ბერლინის პლასტ. დრამის თეატრი უ. შნიტკეს ხელმძღვანელობით, ქუთაისის თეატრსტუდია, ბათუმის `თითების თეატრი”. 2000 თეატრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშ. ფესტივალებზე ლონდონში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და სხვ.