თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრი (ბერძნ. ­theatron – სანახაობისთვის განკუთვნილი ადგილი, სანახაობა), ხელოვნების დარგი. თ., ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, მის ისტორიასა და კულტურასთან. თ-ის მთავარი ფიგურა მსახიობია, რიც პიესის მიხედვით ქმნის მხატვრულ სახეს სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად. ამავე დროს, მსახიობი გვევლინება როგორც დამოუკიდებელი შემოქმედი, რ-იც სცენაზე ადამიანის რთულ და ღრმა მხატვრულ სახეს განასახიერებს. თეატრალური ხელოვნების სათავეები უკავშირდება ხალხურ დღესასწაულებს, წესჩვეულებებსა და თამაშობებს. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობები შეიქმნა ჩინეთში, ინდოეთში, ძვ. აღმოსავლეთში და სხვ. თეატრ. წარმოდგენების მაღალი დონე გამოვლინდა ძვ. საბერძნეთსა (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და სხვ.) და რომში (პლავტუსი, ტერენციუსი, სენეკა და სხვ.). შუა საუკუნეებში დას. ევროპის თეატრ. ხელოვნებას ქმნიდნენ მოხეტიალე მსახიობები. რენესანსის ეპოქაში თ-ის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ცნობილმა დრამატურგებმა (უ. შექსპირი, ლოპე დე ვეგა, ჟ. ბ. მოლიერი და სხვ.). XX ს. თეატრ. ხელოვნებამ განიცადა ბ. შოუსა და ბ. ბრეხტის დიდი გავლენა. მსოფლიო თის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის წამყვანი რეჟისორების (კ. სტანისლავსკი, ვ. ნემიროვიჩდანჩენკო, ე. ვახტანგოვი და სხვ.) შემოქმედებამ. თანამედროვე თმა შეინარჩუნა ტრადიციული სახე, ამავე დროს შეივსო მიუზიკლით, როკოპერით, ექსპერიმენტული თ-ის სხვადასხვა სახეობით (თლაბორატორია, ქუჩის თ. და სხვ.). ქართული სათეატრო ხელოვნების საწყისები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. თეატრ. ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანა) გამოსახულია მისტერია – ნიღბოსანთა ფერხული, ხოლო სამადლოში ნაპოვნ ღვინის ჭურჭელზე – ფერხულში ჩაბმული 10 მამაკაცი. ხალხ. ეპოსში, სახიობებსა და მისტერიებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან (`ამირანი”, `აბესალომ და ეთერი”, `ავთანდილი”, `თავფარავნელი ჭაბუკი”). კოლხეთის სამეფოში ძვ. წ. VIII ს-ში ქუთაიას (ახლანდ. ქუთაისი) მახლობლად აშენებული იყო არენა, სადაც ეწყობოდა სპორტ. შეჯიბრებები და სხვა სანახაობანი. ბიზანტ. ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში (გონიო) იყო თეატრის შენობა და იპოდრომი. მცხეთის, უფლისციხის, სარკინის, ძალისის, ვანის, ბიჭვინთის არქეოლ. გათხრების დროს ნაპოვნი დიონისეს და მისი თანმხლები სილენეს, სატირებისა და სხვათა მოზაიკური და სკულპტურული გამოსახულებანი. ბრინჯაოსა და ტერაკოტის სარიტუალო ნიღბები ცხადყოფს, რომ ძვ. საქართველოში გავრცელებული იყო დიონისეს კულტი. ვანში, სარკინეთსა და ძალისში აღმოჩენილ დიონისეს ტაძრებში, აგრეთვე კლდეში ნაკვეთ ქ. უფლისციხეში (ძვ. წ. III–II სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათი და მაყურებელთათვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძვ. საქართველოში იცნობდნენ ანტ. თეატრ. კულტურას. შუა საუკუნეების ქართ. ისტ. და მხატვრული ლიტრის ძეგლებში აღმოჩენილია ძვ. ქართ. დრამ. პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა. ამავე ძეგლებში მიკვლეულია მრავალი ქართ. თეატრ. ტერმინი, მაგ., გლოვის მგოსანი – ტრაგიკოსი; სიმღერაკომოსი – კომედია; სახიობა – პოეტური სიტყვის, მუს. და ცეკვის სინთეზი; მსახიობელი – სახიობის შემსრულებელი; სახილველი – თეატრი და სხვ. ძვ. ქართ. თეატრ. ტერმინები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობდა ანტ. თეატრის მიღწევებისა და საკუთრივ ქართ. თვითმყოფადი თეატრ. სანახაობის საფუძველზე შექმნილი თეატრ. ხელოვნება. ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30–40-იანი წლები) წარმართული პოეზია განადგურდა და შეიქმნა საეკლ. თეატრი და დრამა, პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. თეატრ. სანახაობები – ბერიკაობა და ყეენობა.

ბერიკაობა.jpg ყეენობა.png

შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი ანუ სახიობა – ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით, შეჯიბრი მცირე ფორმის თეატრ. სანახაობების ჟანრში. წარმოდგენები იმართებოდა სახიობისათვის განკუთვნილ შენობებში (`სახლი სათამაშო”, `სახლი სალხინო”), სასახლის დარბაზებში. სახიობაში წარმოადგენდნენ ფეოდალებისა და მეფეებისადმი მიძღვნილ ქებას – პოეტურ ნაწარმოებებს, რებსაც მსახიობები დიალოგის სახით ასრულებდნენ, დგამდნენ სარიტუალო სცენებს და სხვ. ცნობილია XII ს. დრამ. პოეტის ბისტიკას სახელი. გვიანი ფეოდ. ხანის (XIV–XVII სს.) დრამ. პოეზიაში შენარჩუნებულია სახიობის ეროვნ. დრამატურგიის ტრადიციები. თეიმურაზ I-მა (1589–1663) და არჩილ II-მ (1647–1713) სახიობისათვის შექმნეს დიალოგები, პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები. პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. დრამა. XVII ს-ში შეიქმნა ხალხ. დრამა `შავლეგო”, რ-შიც აისახა ქართვ. ხალხის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ. XVIII ს-ში სახიობის დრამ. პოეზიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა დ. გურამიშვილმა (დიალოგები – `სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა” და `კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და ბჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება”). თბილ. (1756) და თელავის (1780) სემინარიების გახსნის შემდეგ აღორძინდა სასკოლო თეატრი, რის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო თელავის სემინარიის ხელმძღვანელი დავით რექტორი. XVIII ს. 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან შეიქმნა საერო თეატრი. მას სათავეში ჩაუდგა გ. ავალიშვილი. ორიგინ. ნაწარმოებების პარალელურად (გ. ავალიშვილის `მეფე თეიმურაზი”, დ. ჩოლოყაშვილის `იფიღენია”) იდგმებოდა რუსულიდან თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები. მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი – სახიობა, რ-საც სათავეში ედგა მსახიობი დ. მაჩაბელი. 1795 ამ თეატრის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში. XIX ს. დასაწყისში შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრეები, რთაც ხელმძღვანელობდნენ ა. ჭავჭავაძე, მ. ორბელიანი, ვ. ჯამბაკურორბელიანი (თბილისი). დ. მეღვინეთუხუცესი (გორი), ო. წერეთელი (სოფ. გორისა), ხოლო ქუთაისსა და ოზურგეთში – ბატონყმური თეატრები და ორკესტრები. 1845 საქართველოში დაარსდა რუს. დრამ. თეატრი, ხოლო 1850 მოწინავე ქართვ. საზ. მოღვაწეთა თაოსნობით აღორძინდა ქართ. პროფ. თეატრი (1850–1856), რ-ის ფუძემდებელი იყო გ. ერისთავი. მან თავისი კომედიებით (`გაყრა”, `დავა”, `ძუნწი” და სხვ.) თეატრსა და დრამატურგიაში განავითარა რეალისტური მიმდინარეობა, ამხილა ვაჭრები, მევახშეები, თავადაზნაურები. გ. ერისთავისა და ზ. ანტონოვის დემოკრ. პრინციპები განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა პოლემიკურ პიესებსა და ისტ. დრამებში (გ. ერისთავის `ყვარყვარე ათაბაგი”, ზ. ანტონოვის `ქოროღლი”). გ. ერისთავისა და მისი სკოლის დრამატურგები ფართოდ იყენებდნენ სახიობისა და ბერიკაობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ამკვიდრებდნენ პოეტური სიტყვის, სიმღერისა და ცეკვის სინთეზს, კომედიებში იყენებდნენ სალაპარაკო ენას, ჟარგონებსა და დიალექტებს.

ანტიკური თეატრი.jpg

XIX ს. 60-იან წლებში ქართ. დრამატურგიაში დამკვიდრდა კრიტ. რეალიზმი. ამ მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი. ისინი დიდ საზ.აღმზრდელობით მნიშვნელობას ანიჭებდნენ თეატრს, მის როლს დემოკრატიზაციის განმტკიცებისათვის, ხალხის ეროვნ. და სოც. დაცვისათვის ბრძოლაში. XIX ს. 60–70-იან წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენები, ხოლო ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლისა და სხვა ქართვ. მოღვაწეთა თაოსნობით 1879 თბილისში, ერთი წლის შემდეგ კი – ქუთაისში, მუშაობა განაახლა ქართულმა პროფ. თეატრმა. თეატრების რეპერტუარში იყო გ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ცაგარლის, რ. ერისთავის, ა. ყაზბეგის, დ. ერისთავის, გ. შერვაშიძის დრამ. ნაწარმოებები. ქართ. თეატრმა და დრამატურგიამ განვითარება განაგრძო გმირულრომანტიკული (დ. ერისთავის `სამშობლო”, ა. წერეთლის `პატარა კახი”, ა. ყაზბეგის `ქეთევან დედოფალი”) და რეალისტურკომედიური (ა. ცაგარლის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის კომედიები და ვოდევილები) მიმართულებით. კრიტ. რეალიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპია ა. ცაგარლის შემოქმედება. კომედიებში `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1878), `ხანუმა” (1882), `ციმბირელი” (1886) და სხვ. ასახულია ქალაქის ღარიბ ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა წიაღიდან გამოსული პერსონაჟების ცხოვრება. XIX ს. 80–90-იან წლებში ქართ. თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხ. კლასიკური დრამატურგია. შექსპირის ტრაგედიების ივანე მაჩაბლისეულმა თარგმანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართ. თეატრის პროფ. დონის ამაღლების საქმეში.

თეატრონი მცხეთა.jpg

თბილ. და ქუთაისის თეატრებში აღიზარდნენ რეალისტური სამსახიობო სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვ. აბაშიძე, ლ. ალექსიმესხიშვილი, ნ. გაბუნია, მ. საფაროვააბაშიძე, კ. ყიფიანი, კ. მესხი, ვ. გუნია, ე. ჩერქეზიშვილი, ე. კლდიაშვილი, ე. მესხი, ნ. ჩხეიძე, ა. იმედაშვილი, ნ. გოცირიძე, ი. ზარდალიშვილი, გ. არადელიშხნელი და სხვ., რებიც ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით აგრძელებდნენ ეროვნ. თეატრის საუკეთესო ტრადიციებს, იყენებდნენ რუს. და ევრ. პროგრ. თეატრების მიღწევებს. ვ. აბაშიძემ, კ. ყიფიანმა და ვ. გუნიამ თეორ. შრომებში განაზოგადეს თავიანთი თაობის მსახიობთა შემოქმედებითი გამოცდილება. ვ. აბაშიძემ დააარსა და რედაქტორობდა პირველ ქართ. თეატრ.გაზეთ `თეატრს” (1885). ამ პერიოდიდან თეატრ. კრიტიკას მეთაურობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ი. მაჩაბელი, გ. წერეთელი და სხვ. XIX–XX სს. მიჯნაზე ქართ. სცენაზე ფსიქოლ. რეალიზმი განავითარა დ. კლდიაშვილმა (პიესები `ირინეს ბედნიერება”, `დარისპანის გასაჭირი”, `უბედურება”). ამავე პერიოდში მკვიდრდება მოდერნისტული მიმართულება, იქმნება ნატურალისტური და სიმბოლისტური დრამატურგიის ნიმუშები (ტ. რამიშვილი, ი. გედევანიშვილი, შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი).


XX ს. დასაწყისიდან ქართ. თეატრში პროფ. რეჟისურის პრინციპებს ამკვიდრებენ პირველი თაობის პროფესიონალი რეჟისორები: ა. წუწუნავა, მ. ქორელი, ვ. შალიკაშვილი, კ. ანდრონიკაშვილი და სხვ. დას. ევრ. კლასიკური პიესების პარალელურად დგამდნენ ქართვ. ავტორთა ნაწარმოებებს (შ. დადიანის `გუშინდელნი”, `როს ნადიმობდნენ”, პ. ირეთელის `დამარცხებულნი”, ნ. ნაკაშიძის `ვინ არის დამნაშავე?” და სხვა), აგრეთვე მ. გორკის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, ჰ. იბსენის, მ. მეტერლინკის, გ. ჰაუპტმანის პიესებს. რეჟისორებმა გ. ჯაბადარმა და ა. ფაღავამ შექმნეს თეატრ. სტუდიები (1919, 1922). ა. ფაღავას სტუდიის ბაზაზე 1923 დაარსდა სათეატრო ინტი. 1921 წ. 25 ნოემბერს თბილ. ქართ. დრამ. თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა (იხ. რუსთაველის თეატრი). ქართ. თეატრის აღმავლობა, ახ. სათეატრო აზროვნების, პროფ. რეჟისურის პრინციპების დამკვიდრება დაკავშირებულია კ. მარჯანიშვილის და ს. ახმეტელის სახელებთან. 1922, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კ. მარჯანიშვილი სათავეში ჩაუდგა რუსთაველის სახ. თეატრს. ამ პერიოდში ქართ. სცენის ოსტატების გვერდით თეატრში მოვიდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები: ვ. ანჯაფარიძე, თ. ჭავჭავაძე, ც. წუწუნავა, ე. დონაური, ა. ხორავა, ა. ვასაძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე, მ. გელოვანი, გ. დავითაშვილი, ა. ჟორჟოლიანი; რეჟისორები: დ. ანთაძე, კ. პატარიძე; მხატვარი ი. გამრეკელი; კომპოზიტორი თ. ვახვახიშვილი. კ. მარჯანიშვილის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული რევ. პათოსით აღსავსე სპექტაკლი – ლოპე დე ვეგას `ცხვრის წყარო” (პრემიერა შედგა 1922 წ. 25 ნოემბერს), უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად, ქართ. თეატრის საეტაპო წარმოდგენად იქცა. 1923 წელს კ. მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა ზ. ანტონოვის `მზის დაბნელება საქართველოში”, რშიც მონაწილეობდნენ ქართვ. მსახიობთა სამი თაობის წარმომადგენლები, მ. შ. იმჟამად თბილისში მყოფი მოსკოვის მცირე თეატრის ხელმძღვანელი ა. სუმბათაშვილიიუჟინი. კ. მარჯანიშვილის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი თვისებები – თანამედროვე ჟღერადობა, ემოციურობა, მხატვრული უბრალოება, მონუმენტურობა, ჭეშმარიტი თეატრალობა – განსაკუთრებით გამოვლინდა უ. შექსპირის `ჰამლეტში” (1925; ჰამლეტი – უ. ჩხეიძე, კლავდიუსი – ა. ვასაძე, ოფელია – ვ. ანჯაფარიძე). ნოვატორული მიღწევების მხარდაჭერისა და შენარჩუნების მიზნით 1924 რუსთაველის თეატრში შეიქმნა მოდერნისტული გაერთიანება – კორპორაცია `დურუჯი”, რთანაც შემდგომში კ. მარჯანიშვილს მოუხდა დაპირისპირება და იგი 1926 წავიდა რუსთაველის თეატრიდან. 1926–35 თეატრს ხელმძღვანელობდა რეჟ. ს. ახმეტელი. იგი გაბედულად შეუდგა ახ. თეატრ. ფორმების ძიებას. მან თითქმის ზედიზედ შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლები, როგორიც იყო `ანზორი” (1928), `რღვევა” (1929), `ლამარა” (1930), ცოტა მოგვიანებით – ფ. შილერის `ყაჩაღები” (1933). ამ სპექტაკლებმა გაამდიდრა თეატრ. ხელოვნება და ქართ. თეატრს პირველი საერთაშ. აღიარება მოუპოვა. დრამ. თეატრის ისტორიაში, იმ რეჟისორთა შორის, რთა შემოქმედებამაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა XX ს. მსოფლიო თეატრ. ხელოვნების განვითარებაში, მოხსენიებულია ს. ახმეტელიც. 1928 ქუთაისში კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახ. თეატრი, რსაც თბილისში გადმოსვლის შემდეგ (1930) კ. მარჯანიშვილის სახელი ეწოდა (1933) (იხ. მარჯანიშვილის თეატრი). აქ დაიდგა: ე. ტოლერის `ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” (1928), კ. გუცკოვის `ურიელ აკოსტა” (1929), პ. კაკაბაძის `ყვარყვარე თუთაბერი” (1929) და სხვა მნიშვნელოვანი სპექტაკლები. 1930 წარმატებით ჩატარდა რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში, მარჯანიშვილის თეატრისა – ხარკოვსა და მოსკოვში, რ-ის შემდეგაც ქართ. თეატრი ჩადგა მსოფლიოს მოწინავე თეატრების რიგში. ქართ. თის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა შექსპირის დრამატურგიამ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა `ოტელოს” (1937, რუსთაველის თეატრი), რ-შიც ა. ხორავამ (ოტელო) და ა. ვასაძემ (იაგო) ბრწყინვალე მხატვრული სახეები შექმნეს. 20–30იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ მსახიობები: ს. თაყაიშვილი, ვ. გოძიაშვილი, ს. ზაქარიაძე, გ. შავგულიძე, პ. კობახიძე, თ. წულუკიძე, გ. საღარაძე, ა. ომიაძე, ა. კვანტალიანი, თ. ბაქრაძე, ნ. ლაფაჩი, ა. გომელაური, ს. ჯაფარიძე და სხვ.; რეჟისორები: ვ. ყუშიტაშვილი, ა. ვასაძე, ა. თაყაიშვილი, დ. ანთაძე, ი. თუმანიშვილი, ა. ჩხარტიშვილი, დ. ალექსიძე, ს. ჭელიძე, პ. ფრანგიშვილი, შ. აღსაბაძე, გ. ღვინიაშვილი, ვ. სულიაშვილი, ვ. აბაშიძე, გ. ჟურული, ვ. ტაბლიაშვილი, მ. კვალიაშვილი, ნ. გოძიაშვილი, შ. ინასარიძე და სხვ. 1937 წლის მასობრივ რეპრესიებს შეეწირა 19 მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი, მათ შორის ს. ახმეტელი. თანამედროვეობა აისახა 40იანი წლების დასასრულსა და 50-იანი წლების დასაწყისში შექმნილ სპექტაკლებში: ი. მოსაშვილის `მისი ვარსკვლავი” (1951, სსრკ სახელმწ. პრემია, 1952), მ. მრევლიშვილის `ხარატაანთ კერა” (1949), მ. ბარათაშვილის `მარინე” (პიესა `ჭრიჭინა”, 1960, ყველა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში). შოთა რუსთაველის სახ. თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა მ. გორკის პიესები: `მტრები” (1951, რეჟ. ა. ვასაძე), `ვასა ჟელეზნოვა” (1951, რეჟ. დ. ალექსიძე), ხოლო მარჯანიშვილის თეატრში `ფსკერზე” (1955, რეჟ. ლ. იოსელიანი). ქართ. კლასიკის სრულყოფილი ინსცენირების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება სპექტაკლები: `ნინოშვილის გურია” (1933, ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით, რეჟ. დ. ანთაძე), `კაციაადამიანი!?” (1946, ი. ჭავჭავაძის მიხედვით, რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), `სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (1940, ლ. არდაზიანის მიხედვით, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, ყველა მარჯანიშვილის თეატრი), `პირველი ნაბიჯი” (1948, გ. წერეთლის მიხედვით) და `გლახის ნაამბობი” (1955, ი. ჭავჭავაძის მიხედვით, ორივე დ. ალექსიძის დადგმა, რუსთაველის თეატრი). ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ვ. გოძიაშვილი (ლუარსაბ თათქარიძე), შ. ღამბაშიძე (სოლომონი), ა. ვასაძე (პეპია), ს. თაყაიშვილი (ქრისტინე), ც. წუწუნავა (მაჭანკალი), ვ. ანჯაფარიძე (გინატრე), გ. გეგეჭკორი (ბახვა ფულავა) და სხვა. შემდგომი პერიოდის მნიშვნელოვანი სპექტაკლებია: ნ. გოგოლის `რევიზორი” (რეჟ. ა. თაყაიშვილი, 1951, მარჯანიშვილის სახ. თეატრი), ა. ოსტროვსკის `უდანაშაულო დამნაშავენი” (რეჟ. ა. ვასაძე, 1959), `ზოგჯერ ბრძენიც შეცდება” და გ. სუნდუკიანის `პეპო” (ორივეს რეჟ. დ. ალექსიძე; 1944, 1951; სამივე დაიდგა რუსთაველის თეატრში). 50-იან წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ქართ. თეატრში. დრამატურგთა, რეჟისორთა და მსახიობთა ახ. თაობა გამოვიდა რუსთაველის თეატრის გმირულრომანტ. ტრადიციების ვულგარიზაციის წინააღმდეგ. ამ მხრივ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ა. დვალიშვილის სპექტაკლს `ჩვენებურები” (1956). მასში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ახალგაზრდა რეჟისორთა სწრაფვა, ყოველგვარი ცრუ რომანტ. პათოსის გარეშე შეექმნათ ღრმად ფსიქოლ. სპექტაკლები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია რუსთაველის თეატრის სპექტაკლები: გ. ქელბაქიანის `ახალგაზრდა მასწავლებელი” (1953), ვ. როზოვის `გზა მშვიდობისა” (1955, ორივეს რეჟ. ა. დვალიშვილი), ი. ფუჩიკის `ადამიანებო, იყავით ფხიზლად!” (1951), ჯ. ფლეტჩერის `ესპანელი მღვდელი” (1954, ორივეს რეჟ. მ. თუმანიშვილი). ახ. შემოქმედებით ძიებას გამოხატავდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებიც: ს. კლდიაშვილის `დაბრუნება” (1952) და ვ. გაბისკირიას `უფსკრულთან” (1953, ორივეს რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), რ. თაბუკაშვილის `რაიკომის მდივანი” (1947) და ვ. გაბისკირიას `გაზაფხულის დილა” (1952, ორივეს რეჟ. ლ. იოსელიანი). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რეჟისორების ა. დვალიშვილის, მ. თუმანიშვილის, გ. ლორთქიფანიძის და ლ. იოსელიანის როლი გამომსახველობის, მხატვრულსტილისტური საშუალებების განახლებაში. ამ წლებში დიდი წარმატება მოიპოვეს თეატრის მხატვრებმა ს. ვირსალაძემ, ფ. ლაპიაშვილმა, ი. სუმბათაშვილმა, დ. თავაძემ, ნ. ყაზბეგმა, დ. თაყაიშვილმა. წამყვან თეატრებში ძირითადად მოღვაწეობდნენ თეატრ. ინტის კურსდამთავრებულები. შემდგომ წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს საქართვ. სხვადასხვა ქალაქის თეატრებმა, რ-ებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართ. თეატრ. ხელოვნების განვითარებაში. იმ პერიოდში მაღალი პროფესიონალიზმით, ჭეშმარიტი არტისტიზმით გამოირჩეოდნენ მსახიობები: ი. კობალაძე, მ. ხინიკაძე (ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ი. ჭავჭავაძის სახელობისა), ლ. ჭედია, მ. ჩუბინიძე, თ. ბოლქვაძე (სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი კ. გამსახურდიას სახელობისა), ვ. მეგრელიშვილი, მ. გელაშვილი, ქ. კოლხიდელი, შ. პირველი, შ. ხაჟალია, ვ. გვენცაძე, ი. ხვიჩია (ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი ლ. მესხიშვილის სახელობისა), მ. ვაშაძე, გ. ტყაბლაძე (ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრი ა. წერეთლის სახელობისა), შ. ხერხეულიძე (გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი გ. ერისთავის სახელობისა), თ. ბურბუთაშვილი, პ. ახვლედიანი, ა. კუპატაძე, ე. ვერულაშვილი (თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვაჟაფშაველას სახელობისა). 60-იან წლებში რუსთაველის თ-ში თავი იჩინა მხატვრულ შემოქმედებითი ძიებების ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებმა. გმირულრომანტ. ტრადიციების შენარჩუნებას ან ძველი ტრადიციების შეხამებას ღრმა ფსიქოლოგიზმთან და მსოფლიო თეატრ. ხელოვნების შემოქმედებით სიახლეებთან მხარს უჭერდნენ ცნობილი რეჟისორები: დ. ალექსიძე, მ. თუმანიშვილი, ა. ჩხარტიშვილი, რასაც ადასტურებს მათ მიერ დადგმული სპექტაკლები: ვაჟაფშაველას `ბახტრიონი” (ინსცენირება დ. გაჩეჩილაძე) (1960), გ. ნახუცრიშვილის `ფიროსმანი” (1961), ბ. ბრეხტის `სამგროშიანი ოპერა” (1964, სამივეს რეჟ. დ. ალექსიძე), მ. ელიოზიშვილის `ბებერი მეზურნეები” (1969), ვ. ვიშნევსკის `ოპტიმისტური ტრაგედია” (1958, ორივეს რეჟ. ა. ჩხარტიშვილი), ლ. ქიაჩელის `გვადი ბიგვა” (1967), ჟ. ანუის `ანტიგონე” (1968), ჟ. რასინის `ფედრა” (1969), ა. ჩხაიძის `ხიდი”, გ. ნახუცრიშვილის `ჭინჭრაქა” (1963, ხუთივეს რეჟისორი მ. თუმანიშვილი). ქართ. თეატრი ასახავს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას, ამხელს ჩრდილოვან მხარეებს, რითაც მაყურებელს ეხმარება თანამედროვე ცხოვრების რთული მოვლენების სწორად შეფასებაში. ეს ტენდენციები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა რეჟისორების რ. სტურუას, თ. ჩხეიძის, ლ. მირცხულავას, ი. კაკულიას, გ. ჟორდანიას, გ. ქავთარაძის, შ. გაწერელიას, ნ. ხატისკაცის, ნ. დემეტრაშვილის, ს. მრევლიშვილის, მ. კუჭუხიძის, ა. შალიკაშვილის შემოქმედებაში. თეატრ. კულტურის ზრდა დაადასტურა რუსთავის თეატრის (ამჟამად რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი გ. ლორთქიფანიძის სახელობისა), მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის (მთ. რეჟ. ნ. დემეტრაშვილი), თბილ. ახალგაზრდული თეატრსტუდიის (სამხატვრო ხელმძღვ. ს. მრევლიშვილი), გლდანის თეატრის (ხელმძღვ., ლ. პაქსაშვილი ამჟამად ახმეტელის სახელობისა), პანტომიმის (ხელმძღვ. ა. შალიკაშვილი), მარიონეტების (ხელმძღვ. რ. გაბრიაძე) და მინიატიურების (ხელმძღვ. თ. ჩანტლაძე) სახელმწ. თეატრების შექმნამ. 1975 წელს კინოსტუდია `ქართული ფილმის” ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა დრამატული თეატრი, რლის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვ. გარდაცვალებამდე იყო მ. თუმანიშვილი. ქართულმა თეატრმა ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშ. არენაზე. ნ. დუმბაძის, ო. იოსელიანის, ა. ჩხაიძის, გ. ხუხაშვილისა და სხვათა პიესები წარმატებით დაიდგა საზღვარგარეთის თეატრების სცენაზე. საზღვარგარეთ გასტროლების დროს დიდი წარმატება ხვდა წილად რ. სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლებს. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია გ. ლორთქიფანიძის მიერ ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1961), `მე ვხედავ მზეს” (1963); პ. კაკაბაძის `კახაბერის ხმალი” (1965), ა. გეწაძის `წმინდანები ჯოჯოხეთში” (1967), `მთვარის მოტაცება” (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით, ორივეს რეჟ. ლ. მირცხულავა, 1968). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვ. გოძიაშვილის მიერ დადგმული ა. ცაგარლის, ა. წერეთლის, ქ. ბახუტაშვილის `ძველი ვოდევილები” (1968). აქვე უნდა აღინიშნოს რეჟ. დ. ალექსიძის ნაყოფიერი მოღვაწეობა ამავე თეატრში – დადგა ფ. შილერის `დონ კარლოსი” (1971), ა. ოსტროვსკის `ტალანტები და თაყვანისმცემლები” (1974), ა. კორნეიჩუკის `ხსოვნა გულისა” (1972). 70იან წლებში მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნდა გ. ლორთქიფანიძე, რ-მაც წარმოადგინა სოფოკლეს `ოიდიპოს მეფე”. დაწყებული XX ს. 70-იანი წლებიდან და XXI ს. პირველ ათწლეულში მომხდარმა მოვლენებმა, ღრმა სოც.პოლიტ. ცვლილებებმა გავლენა იქონია ქართ. თზე. რუსთაველის თ-ში საბოლოოდ ფორმირდება რ. სტურუას პოლიტ. თეატრის მოდელი, განსაზღვრული სპექტაკლებით: ა. მილერის `სეილემის პროცესი”, პ. კაკაბაძის `ყვარყვარე თუთაბერი” (1974), ბ. ბრეხტის `კავკასიური ცარცის წრე” (1975), მ. შატროვის `ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე” (1980) და სხვ. აღსანიშნავია რ. სტურუას `შექსპირიანას” ციკლის სპექტაკლები: `რიჩარდ III” (1978), `მეფე ლირი” (1987), `მაკბეტი” (1995), `მეთორმეტე ღამე” (2000), `ჰამლეტი” (2001); მნიშვნელოვანია სპექტაკლები: ი. ჭავჭავაძის `კაციაადამიანი!?” (2001, რ. სტურუა), ს. ბეკეტის `გოდოს მოლოდინში” (2002, რ. სტურუა), `თორმეტი განრისხებული მამაკაცი” (2006, რ. სტურუა, რ. ჩხაიძე), `მოხუცი ჯამბაზები” (2008, გ. კაპანაძე), `სტუმარმასპინძელი” (2010, ვ. გორგოშიძე), `ნადირობის სეზონი” (2011, რ. სტურუა). 90იან წლებში და ახ. საუკუნის პირველ ათწლეულში რთული ცვლილებები ხდება მარჯანიშვილის თში. მიმდინარეობს ახ. ფორმების ძიება, დიდი ყურადღება ეთმობა სასცენო ლექსიკის განახლებას, თემებისა და გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვნებას. თ. ჩხეიძე წარმატებით დგამს თავისუფლების იდეის (ი. ჭავჭავაძე `ასის წლის წინათ”, ლ. ქიაჩელი `ჰაკი აძბა”), მორალურეთიკური პრობლემების გამომსახველ წარმოდგენებს. ფართო რეზონანსი მოჰყვა თ. ჩხეიძის დადგმებს: მ. ჯავახიშვილის `ჯაყოს ხიზნებს” (1984), შექსპირის `ოტელოს” (1982), თ. დოსტოევსკის `მარად ქმარს” (1997), ა. სტრინდბერგის `მამას” (1998), ჟ. ანუის `ანტიგონეს” (2000). აღსანიშნავია ამავე თეატრის ახალი სპექტაკლები: `როგორც გენებოთ” (2012, ლ. წულაძე), `ჰამლეტი” (2013, თ. კუპრავა), `თეთრი იასამანი” (2014, გ. ჟორდანია) და სხვ. ინტენსიურად მუშაობენ დიდი ტრადიციის მქონე თბილისის თები: მუსიკალური კომედიის და დრამის სახელმწიფო თეატრი ვ. აბაშიძის სახელობისა, გრიბოედოვის თეატრი, თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი პ. ადამიანის სახელობისა და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი ჰ. ალიევის სახელობისა. 1999 გაერთიანდა მოზარდთა ქართ. და რუს. თები და ეწოდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ნ. დუმბაძის სახელობისა. 1997 საფუძველი ჩაეყარა თბილ. სამეფო უბნის თეატრს სპექტაკლით `ნანგრევებს შორის” (ვაჟაფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით. რეჟ. ც. ნაკაშიძე). თის დამფუძნებლები არიან ი. გიგოშვილი და მ. თავაძე. თ-ს არ ჰყავს სტაბილური დასი. ახალდაზრდა შემოქმედთა (ა. ვარსიმაშვილი, გ. მარგველაშვილი, ლ. წულაძე, ო. ეგაძე, მხატვარი შ. გლურჯიძე, გ. ხარაბაძე) ინიციატივით 1997 შეიქმნა თეატრალური სარდაფი, 2005 – თეატრი ათონელზე (ნ. ფაჩუაშვილი, რ. სალუქვაძე), სადაც წარმატებით გამოდიან მოწვეული მსახიობები. 1987 კ. მახარაძის ინიციატივით დაარსდა ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო”. საზ-ბის ინტერესი გამოიწვია კ. მახარაძისა და ს. ჭიაურელის სპექტაკლებმა, მ. ჯინორიას `პოეზიის საღამოებმა” (`და სიმღერით ვკვდები” 1995; `დროთა კავშირი”, 2010). ბათუმში და თბილისში ფუნქციონირებს ორიგინ. `თითების თეატრი” (დამაარსებელი ბ. კუპრეიშვილი). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისში ფუნქციონირებს სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. და ცხინვალის ი. მაჩაბლის სახ. ქართ. დრამ. თები. 1991-იდან შეიქმნა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თ. `თეთრი ტალღა”. XX ს. დასასრულიდან ქართ. თ-ში ხდება მნიშვნელოვანი შემოქმედებითი და ორგანიზაციული ცვლილებები, სახელმწ. თ-ებთან ერთად ყალიბდება დამოუკიდებელი და კერძო თ-ები. მძაფრი სოც. პრობლემები აისახა ა. ვარსიმაშვილის თავისუფალ თეატრში, რ-იც გაიხსნა ჯ. ოსბორნის პიესით `კომედიანტები” (2001). თ. მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით.

თეატრის ანტიკური ნიღაბი.png


XX ს. 80-იანი წლებიდან საქართვ. თებში დაიწყო თაობათა მონაცვლეობის პროცესი. მნიშვნელოვანი სირთულეების გადატანა მოუხდათ საქალაქო და რაიონულ თებს. სტაბილური შემოქმედებითი ცხოვრება აღდგა 2000-იდან. საქართველოში 2014 წლისათვის სხვადასხვა სტატუსის (სახელმწ. მუნიციპალური, კერძო) და ჟანრის (დრამა, ოპერა, თოჯინები, პანტომიმა, მარიონეტები, ჩრდილები, თითები და სხვა) 50-ზე მეტი თეატრია, რებიც ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. რეგულარულად ტარდება მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი `Gიფტსაჩუქარი” (დაარსების ინიციატორი რეჟ. ქ. დოლიძე), თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს `თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი”; ასევე ფესტივალები ტარდება რეგიონებშიც. დაწესებულია თეატრალური პრემია `დურუჯი” და სხვადასხვა სახელობითი პრემია. ლიტ.: ამირანაშვილი შ., წარმართული მისტერიები და ანტიკური თეატრი საქართველოში, «მნათობი», 1944, #1–2; ანთაძე დ., თეატრალური ზესტაფონი, თბ., 1978; ბუხნიკაშვილი გ., გორის თეატრი, თბ., 1965; მისივე ჭიათურის თეატრი, თბ., 1970; მისივე, ბათუმის თეატრი, თბ., 1979; მისივე, თეატრალური ქუთაისი, თბ., 1979; ბუხნიკაშვილი გ., ლაშხი ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968; გაბისონია გ., ბარამია ა., ზუგდიდის თეატრი, თბ., 1969; გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, ნაწ. 1–2, თბ., 1957–63; გეგია მ., ქართული თეატრი, თბ., 2012; გერსამია ს., სოხუმის თეატრი, სოხ., 1981; გუნია ვ., ქართული თეატრი (1879–1889), ტფ., 1889; გურაბანიძე ნ., მრავალსახეობა თეატრისა, თბ., 1972; მისივე, ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრში, თბ., 2010; კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგ. 1–2, თბ., 1968–70; მისივე, ქართული დრამატული თეატრის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 2001–02; ნინიძე ვ., გერსამია ს., შვანგირიძე ნ., თბილისის სანკულტურის თეატრი, თბ., 1955; რუხაძე ტრ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949; ღვინიაშვილი ა., მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი, თბ., 1956; შალუტაშვილი ნ., გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, თბ., 1942; ჯანელიძე დ., მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრი, თბ., 1939; მისივე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948; მისივე, ქართული თეატრი უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, თბ., 1965; ვ. კიკნაძე. დ. ჯანელიძე.