თებერვლის რევოლუცია 1917

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თებერვლის რევოლუცია 1917, დემოკრატიული რევოლუცია რუსეთში, რომელმაც დაამხო მეფის ხელისუფლება. 1916 მიწურულისთვის ომმა რუს. იმპერია ნგრევამდე და შიმშილამდე მიიყვანა. მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. 1917 იანვარში პეტროგრადში დაწყებული მღელვარება დიდ მანიფესტაციებში გადაიზარდა, შემდეგ კი შეიარაღებული გამოსვლის ხასიათი მიიღო. იმავე დღეს (12 მარტი) აჯანყებულმა მუშებმა და ჯარისკაცებმა დაიკავეს ქალაქი, მთავრობა გადადგა, რამდენიმე მინისტრი დააპატიმრეს. 27 თებერვალს, დილით, თავრიდის სასახლეში შეკრებილმა სახელმწ. სათათბირომ დროებითი კომიტეტი ჩამოაყალიბა მ. როძიანკოს მეთაურობით. პარალელურად, სოციალისტების წინადადებით, ჩამოყალიბდა მუშათა დეპუტატების დროებითი აღმასრ. კომიტეტი ნ. (კ.) ჩხეიძის თავმჯდომარეობით. 1–2 მარტს სახელმწ. სათათბიროს დროებითი კომიტეტის და პეტროგრადის აღმასრ. საბჭოს შეთანხმებით შედგა დროებითი მთავრობა თავად გ. ლვოვის მეთაურობით. 3 მარტს იმპერატორმა ნიკოლოზ IIმ უარი განაცხადა ტახტზე თავისი ძმის – მიხეილ ალექსანდრეს ძის სასარგებლოდ, რმაც იმავე დღეს ხელი მოაწერა ტახტზე უარის თქმის მანიფესტს. ამდენად, მონარქ. მმართველობა რუსეთში გაუქმდა. ძალაუფლება ხელში დროებითმა მთავრობამ აიღო. საქართველოში თვითმპყრობელობის დამხობის შესახებ ცნობა კავკასიის მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ საიდუმლოდ 28 თებერვალს მიიღო; ასეთივე შინაარსის კონსპირაციული დეპეშა IV სახელმწ. სათათბიროს წევრ კ. ჩხეიძისაგან მიიღეს ქართვ. მენშევიკებმაც: `მთავრობაძე გარდაიცვალა, აცნობეთ ნათესავებსა და ნაცნობებს”. 4 მარტს მეფისნაცვალთან თბილ. საზბის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მეფისნაცვალმა მათ აცნობა, რომ დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული იყო უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობაზე და შეკრებილთ ახ. ვითარებასთან შეგუებისაკენ მოუწოდა, მაგრამ მდგომარეობა მალე შეიცვალა. უკვე 3 მარტს თბილ. მოსახლეობა ერთმანეთს ულოცავდა მეფის დამხობას. ხალხი ამოძრავდა. ყალიბდებოდა რევ. ორგანოები, ისინი მეფის მთავრობის ადგილობრივ მოხელეებს აღარ ემორჩილებოდნენ. გუბერნატორები და მაზრის უფროსები იძულებული გახდნენ გადამდგარიყვნენ. 4 მარტს შეიქმნა თბილ. მუშათა დეპუტატების საბჭო, 6 მარტს – ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, შემდეგ ისინი გაერთიანდნენ. მათი უმრავლესობა სოციალდემოკრატებმა (მენშევიკებმა) შეადგინეს. საბჭოების პირველმა დამფუძნებელმა კრებამ აირჩია დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი და მისი პრეზიდიუმი სოციალდემოკრატების ხელმძღვანელობით, მუშათა დეპუტატების საბჭოები გაჩნდა საქართვ. სხვა რაიონებშიც. 6 მარტს სხვადასხვა პარტიებისა და მიმდინარეობებისაგან შეიქმნა აღმასრულებელი ბიურო 15 კაცის შემადგენლობით. დროებითმა მთავრობამ ამიერკავკ. მართვაგამგეობისთვის შექმნა სპეც. ორგანო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი), რ-შიც შევიდნენ IV სახელმწ. სათათბიროს დეპუტატები.