თედორე ივანეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თედორე ივანეს ძე (31. V. 1557 – 6. I. 1598), რუსეთის მეფე 1584–98, ივანე IV მრისხანისა და ანასტასია რომანოვას ვაჟი, რიურიკთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. თ. ი. ძ-ის მეფობაში ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებას აღმავლობა დაეტყო, რუსეთშვედეთის ომის (1590–93) შედეგად რუსეთმა დაიბრუნა ლივონიის ომის (1558–83) დროს დაკარგული მიწები ბალტიისპირეთში, გაცხოველდა ურთიერთობა კავკასიასთან, განსაკუთრებით – კახეთის სამეფოსთან. კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ელჩებისა და რუსი ელჩების ინტენს. მიმოსვლას მოჰყვა კახეთრუსეთის სამხ. კავშირის დადება და კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა (1587). რუს. მეფე კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისაგან. 1587–89 კახეთრუსეთის ხელშეკრულება რამდენადმე ზღუდავდა კახეთის მეფის დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკის სფეროში. 1590-იდან თ. ი. ძ. თავის თავს `ივერის ქვეყნისა და ქართველი მეფეების ხელმწიფეს” უწოდებდა. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.4, თბ., 1973. ნ. ნაკაშიძე.