თევდორე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ ე ვ დ ო რ ე ღვთისმშობელი.png

თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი. მოღვაწეობდა XI ს. დასასრ. და XII ს. I ნახევარში. მოხატა ზემო სვანეთის 4 ეკლესია: იფრარის, კვირიკესი და ივლიტესი (ლაგურკა), ნაკიფარისა და წვირმის. ამ ოთხი ძეგლიდან თევდორეს სახელი მოხსენიებულია იფრარისა და ნაკიფარის წარწერებში, დანარჩენი ორი მოხატულობა მკვლევართა მიერაა თევდორესათვის ან მისი მოწაფეებისათვის მიკუთვნებული. მხატვრ. თავისებურების მიხედვით ყველაზე ადრინდელია სოფ. იფრარის (კალის თემი) მთავარანგელოზთა ერთნავიანი ეკლესიის მხატვრობა. სხვა სვანურ ძეგლებთან შედარებით ეკლესია უხვადაა განათებული. მოხატულობა ძირითადად კარგად არის შემონახული. კანკელის ფრესკულ წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია მოხატა მეფის მხატვარმა თევდორემ 1096. მოხატულობა მკაცრი და მონუმენტურია. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობაში დეკორ.ხაზობრივი დინამიკა ჯერ კიდევ თავშეკავებულადაა გამომჟღავნებული, ოსტატი მაინც ცდილობს მოცულობის გადმოცემას, რასაც აღწევს კიდეც ფიგურათა სამოსლის დამუშავებით. ასევე კანკელის ფრესკული წარწერით დასტურდება, რომ თ-ს მოუხატავს წმ. კვირიკესა და ივლიტეს ერთნავიანი ეკლესიაც (კალის თემი). შ. ამირანაშვილი მხატვრობას 1112 წლით ათარიღებს. იფრართან შედარებით ლაგურკის მოხატულობაში უფრო ძლიერია ემოციური მხარე – მეტია დინამიზმი, დეკორაციულობა, ნახატი უფრო თავისუფალი და ცოცხალია. თ-ს მოხატული მესამე ეკლესია სოფ. ნაკიფარშია (იფარის თემი). წარწერის თანახმად, მხატვრობა 1130 ეკუთვნის. ფრესკები ძირითადად კარგად არის შენახული, მოხატულობის მონუმ. განყწობილება, კოლორიტი და ხატვის მანერა (ფერადოვანი ლაქების განაწილება) წინა ორ მხატვრობას ჰგავს, თუმცა სხვაობაც შეიმჩნევა. ნაკიფარის მხატვრობაში, რიც ქრონოლოგიურად იფრარისა და ლაგურკის მხატვრობის შემდეგდროინდელია, კარგად ჩანს მხატვრის ევოლუცია, უფრო ძლიერადაა განვითარებული ემოციური მხარე, დრამატიზმი. იგი თავისი სტილით ახლოსაა ბეთანიისა და ყინწვისის მხატვრობასთან. არის მოსაზრება (თ. ვირსალაძე), რომ სოფ. წვირმის (იფარის თემი, ნაკიფარიდან 2 კმ-ზე) მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობაც თ-ს ეკუთვნის. მხატვრობის მანერა, კოლორიტი, თემის იკონოგრაფიული გადაწყვეტა მართლაც ახლოსაა თ-ს მხატვრობასთან. თ-ს მიერ შესრულებული კომპოზიციების ფიგურათა მოძრაობა მსუბუქი და თავისუფალია, უარყოფილია სახეთა გადმოცემის ტრად. სტატიკურფრონტალური მანერა, რიც ადრინდ. ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი. ფიგურათა სამოსლის მოხაზულობა, ნაოჭების რთული და დეტალური დამუშავება სწორად გადმოგვცემს ადამიანის ტანის აგებულებას. თ. ძლიერი ინდივიდუალობის მხატვარია, მისი შემოქმედება XI–XII სს. ქართ. მონუმ. მხატვრობის დიდი მიღწევების მაჩვენებელია. ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Аладашвили Н., Алибегашвили Г., Вольская А., Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966; მათივე, Живописная школа Сванети, Тб., 1983. ნ. ალადაშვილი.