თევდორეს მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორეს მონასტერი, ქართველთა მონასტერი იერუსალიმში, დაარსების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა XV საუკუნეში უკვე არსებობდა, რასაც იერუსალიმის ბერძნ. მართლმადიდებელი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები ადასტურებს. მონასტერი განუახლებია ბ. ჩოლოყაშვილს, რიც იერუსალიმში იმყოფებოდა 1510–13/14. მას დიდი ყურადღება მიუქცევია მონასტრის ბიბლიოთეკის შევსებისათვის, მოუძებნია განთესილი ხელნაწერები და მონასტერში დაუბრუნებია. ტ. გაბაშვილი თ. მ-ის დამაარსებლებად, ბეჟან და ბაადურ ჩოლოყაშვილებს ასახელებს მას ეს სახელები მონასტრის კედელში ჩატანებულ ქვებზე წარწერებში ამოუკითხავს. სინამდვილეში ბაადურმა და ბეჟანმა თ. მ. განაახლეს 1635 და მის მშენებლობაში, როგორც დას. კარს ზევით გარედან დატანებული მარმარილოს ქვაზე არსებული წარწერიდან ვიგებთ, მონაწილეობა მიუღია ბაადურის ყველა უახლოეს ნათესავს: `ჩოლოყაშვილსა ბაადურსა და მათთა ძმათა და ძმისწულთა ცოდვანი შეუნდოს ღმერთმან”. 1683 საკმაოდ დაზიანებული თ. მ. ქართველების ხარჯით იერუსალიმის საპატრიარქომ აღადგინა. ის ამ დროისათვის ივერთა მონასტრად ითვლებოდა. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს II ვახტანგ VI-ისათვის გაგზავნილ ეპისტოლეში პირდაპირ აცხადებდა, რომ ვალებიდან გამოხსნილ და აღდგენილ მონასტერს, მათ შორის წმ. თევდორეს მონასტერსაც, იერუსალიმის საპატრიარქო ქართველებს უბრუნებდა. წყარო: გაბაშვილი ტ., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956. ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., საქართველოიერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008; მეტრეველი ე., იერუსალიმის რამდენიმე ქართული მონასტრის დათარიღების ცდა, «კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინტის მოამბე», ტ. 4, თბ., 1962. ე. მამისთვალიშვილი.