თევდორე, `კამარათა მწერალი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორე, `კამარათა მწერალი”, X ს. ქართველი მხატვარმინიატიურისტი. 940 მას დაუხატავს ე. წ. `ჯრუჭის პირველი ოთხთავის” კამარები და მინიატიურები (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი). ხელნაწერის პირველ ფურცლებზე თ-ს სახელი ორჯერაა მოხსენიებული. კამარებთან ერთად თ-მ დახატა მინიატიურა: ოთხივე მახარებელი – მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით, ბრმის განკურნება, ეშმაკეულის განკურნება, განრღვეულის განკურნება. თ. დახელოვნებული მხატვარი იყო. მისი მინიატიურები გამოირჩევა ოსტატობითა და არტისტიზმით. მიუხედავად შუა საუკუნეების მხატვრობის პირობითობისა, სხეულთა მოძრაობაში, რაკურსებში, სამოსლის ხაზებში იგრძნობა ცოცხალ ნატურაზე დაკვირვება, ელინისტური მხატვრობის ტრადიციების გამოძახილი. მინიატიურების კოლორიტი მუქია, თავშეკავებული. თ. ძირითადად იყენებს ყავისფერს, შინდისფერს, მოყავისფროს, მოლურჯოლილისფერს, ნაკლებად – ოქროსფერს, კარმინს, ყვითელს, მწვანეს. თ. X ს. ერთადერთი ქართვ. მხატვარმინიატიურისტია, რ-ის სახელი ჩვენთვის ცნობილია. ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; შმერლინგი რ., ქართულ ხელნაწერთა მორთულობის ნიმუშები, თბ., 1940; B r o s s e t M. F., Rapports sur un voyage archéologique..., livr. 3, SPb 1851. ვ. ბერიძე.