თევდორე კველთელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორე კველთელი (გ. 1609), სოფ. კველთის მღვდელი. XVII ს. დასაწყისში სამცხესაათაბაგო ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. 1609 ისინი ქართლშიც შემოიჭრნენ. ლუარსაბ II ამ დროს საზაფხულო რეზიდენციაში – ცხირეთში იყო მცირე ამალით. ოსმალები შემოვიდნენ ქართლის საზღვრებში, გამოიარეს ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მოადგნენ. გადაწვეს სოფლები და გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ ჩაიგდეს. საყარაულო რაზმებმა იარალისა და ზაქარიას მეთაურობით გვიან შეიტყვეს მტრის შემოსვლა, რიც ცხირეთისაკენ ცდილობდა გაჭრას. სოფ. კველთასთან ოსმალებმა შეიპყრეს `მღვდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა” და მეფის სამყოფისაკენ გაძღოლა უბრძანეს. თ. კმ სათანადოდ შეაფასა მდგომარეობა და მტერი სხვა გზით წაიყვანა – გოსტიბიდან ერთაწმინდაზე ჩამოიყვანა, ცხირეთს გზა აუქცია და სოფ. ქვენადრისისაკენ წაუძღვა. მეფესთან მყოფ გიორგი სააკაძესა და სარდალ ზაზა ციციშვილს ამ დროს ჯარის მომზადების საშუალება მიეცათ. ოსმალები ცხირეთს საკმაოდ დაშორებულები იყვნენ, როდესაც მღვდლის საქციელს მიხვდნენ. მათ თ. კ. აწამეს და თავი მოჰკვეთეს. თ. კ. საქართვ. მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად – წმინდა მოწამე თევდორე მღვდლის ხსენების დღეა 8(21) ივნისი. წყარო: ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 2, თბ., 1959. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.,–ათენი, 2003. მ. ზალდასტანიშვილი.