თევზაძე ალექსანდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე ალექსანდრე ალექსის ძე (2.I. 1903, თბილისი, –28. III. 1967, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1964). დაამთავრა საქართვ. საინჟ.სამშ. ინ-ტი (1930). 1924-იდან (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვადასხვა სამშ. და საპროექტო ორგანიზაციებში. იყო საპროექტო ინტის `თბილქალაქპროექტის” მმართველი (1941–54), თბილ. მთ. არქიტექტორი (1954–59), საქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე (1959–60), საპროექტო ინტის `საქგიპროტორგის” არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი (1960–67). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950, ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტ. ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, მელიქიშვილის ქუჩა, 8, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX ს. 50-იანი წლების დასაწყისი). თ. გერსამია.