თევზაძე ვალერიან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ თევზაძე.png

თევზაძე ვალერიან (10. II. 1892 – 13. XII. 1985), სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქართული ემიგრაციის ერთერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1918-იდან თ. საქართვ. დემოკრ. რესპ. არმიის ოფიცერი იყო. იმავე წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, მონაწილეობდა საქართვ. მტრების წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ სამხ. ოპერაციაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1921 მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ქართვ. მხედრების ერთ ჯგუფთან ერთად გადავიდა პოლონეთში და იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დაწყების დროს თავი ისახელა ვარშავის დაცვისათვის ბრძოლებში, რისთვისაც `ვირტუტი მილიტარის” (`მხედრული მამაცობისთვის”) ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვეს. ავტორია მოგონებებისა `განვლილი გზა”, რ-იც საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1917–21 საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ. თხზ.: ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, თბ., 1990. ლიტ.: ჯავახიშვილი ნ., ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ, თბ., 1998. ლ. ურუშაძე.