თევზის მრეწველობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზის მრეწველობა, კვების მრეწველობის დარგი, რომელიც მოიპოვებს და გადაამუშავებს თევზს და წყლის სხვა ორგანიზმებს სხვადასხვა საკვებ, სამედიცინო და ტექნიკური დანიშნულების პროდუქციად. თ. მ., თავის მხრივ, მოიცავს ორ დარგს – მომპოვებელსა და გადამმუშავებელს. საქართვ. გეოგრ. მდებარეობა, კლიმატ. პირობები, ბუნებრივი და ხელოვნ. სათევზმეურნეო ობიექტების წყლის სარკის ფართობი, შავი ზღვის მდიდარი იქტიოფაუნა თ. მ-ის განვითარებისათვის კარგი მატერ. საფუძველია. ჩვენამდე მოღწეული ძვ. წერილობითი ძეგლებით ირკვევა, რომ ქართველური ტომები თევზის ჭერას ჯერ კიდევ ძვ. წ. V–IV ს-ში მისდევდნენ. მეთევზეობა და თევზის გადამუშავება განსაკუთრებით განვითარებული იყო ზღვისპირად მცხოვრებ ქართველურ ტომებში. არსებული ცნობები იმასაც მოწმობს, რომ ქართველები თევზს მხოლოდ შინა ეკონ. საჭიროების უზრუნველყოფისათვის კი არ ამარილებდნენ, არამედ საექსპორტოდაც გაჰქონდათ. თ. მ. საქართველოში სამრეწვ. ხასიათს იღებს XIX ს. ბოლოს. ზღვისპირა რნებში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა თევზის გადამმუშავებელმა მცირე საწარმოებმა. შემდგომ პერიოდში (1930) ჩამოყალიბდა საქართვ. თ. მის სახელმწ. ტრესტი `საქთევზი”. შეიქმნა თევზის მომპოვებელი კოლმეურნეობები და თევზმჭერი კოლმეურნეობების კავშირი – `საქთევზკოლმკავშირი” (1932). მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში აშენდა და ფუნქციონირება დაიწყო ბათუმის, ფოთის, სოხუმის, გაგრისა და თბილ. თევზის გადასამუშავებელმა ქნებმა. 1930–50 კომერციული თვალსაზრისით ძვირფას თევზებად მიიჩნეოდა ქამსა (ქაფშია), შავი ზღვის სტავრიდა, ტიურბო, კეფალისა და ზუთხისებრთა ხუთი სახეობა, შავი ზღვის ქაშაყი და ორაგული და სხვ. იმავე პერიოდში საქართველოში ასევე მოიპოვებდნენ ხამანწკებს, რაპანას და დელფინების სამ სახეობას. დროის ამ მონაკვეთში საქართვ. თევზსარეწი ფლოტი შედგებოდა რამდენიმე ათეული არათვითმავალი ნავის, ბარკასისა და მცირე გაბარიტისა და სიმძლავრის გემებისაგან. თევზის ჭერა ძირითადად ხორციელდებოდა ნაპირთან ტრად. ტექნოლოგიების გამოყენებით. 1932 წ. სულ მოპოვებული იქნა 75930 თევზი. თევზის გადამმუშავებელმა ქნებმა სულ დაამზადეს 21195 ც პროდუქცია (ძირითადად დამარილებული თევზი). 1939 თევზის ქნებმა აითვისეს კულინარული ნაწარმის გამოშვება. 1940 საქართვ. თ. მ-ს უკვე გააჩნდა 15 ერთეული თვითმავალი ფლოტი. 1945-იდან თევზმჭერმა ორგანიზაციებმა დაიწყეს სეინერის ტიპის გემების გამოყენება. საქართვ. თ. მის საწარმოებში მზადდებოდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, მ. შ.: შებოლილი, დამარილებული, გაყინული, ტომატის წვენსა და ზეთში დაკონსერვებული თევზები (ქამსა, სტავრიდა, კამბალა, ბარაბულა, კეფალი და სხვ.). თ. მის საწარმოებში ამზადებდნენ თევზის ფქვილსა და ნატრიუმის პიროსულფატით დაკონსერვებულ თევზის ფარშს, რებიც ცხოველების საკვებად გამოიყენებოდა. საქართველოში თევზის მეურნეობის მკვეთრი აღმავლობა დაიწყო 1950-იდან, როდესაც `საქთევზის” ტრესტისა და `საქთევზკოლმკავშირის” თევზსაჭერი ფლოტი აღდგენილ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არა მარტო თვითმავალი გემების რიცხობრივი მატებით, არამედ მათი საერთო სიმძლავრით და ტვირთამწეობით. ბათუმში შეიქმნა თევზსაჭერი ბაზა, ხოლო სოხუმში – თევზსაჭერი სამოტორო სადგური, რებიც მეთევზეთა კოლმეურნეობებს ემსახურებოდნენ. 1954–57 გამოირჩევა აქტ. თევზჭერის გაფართოებით, მატულობს მოპოვებული თევზის მოცულობა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები. ბათუმის, სოხუმისა და ფოთის ქარხნები გადაკეთდა თევზკომბინატებად, აშენდა ახალი თევზის ქნა თბილისში, ექსპლუატაციაში შევიდა მაცივრები და ყინულის მწარმოებელი საამქროები, რებიც უზრუნველყოფდნენ ფლოტსა და საწარმოებს პროდუქციის ტექნოლ. დამუშავებით და შენახვით. 1963 შეიქმნა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველო. ამით საფუძველი ჩაეყარა საოკეანო თევზჭერას. 1970თვის საქართვ. თევზსარეწი ფლოტი შედგებოდა 16 შორეული ცურვის თევზმჭერი ტრაულერისაგან. თევზჭერის უდიდესი ნაწილი ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში ხორციელდებოდა. მუშაობას განაგრძობდნენ სატბორე და საკალმახე მეურნეობები. 1930–90 დაჭერილი თევზის ყველაზე დიდი მოცულობა 1980 წ. დაფიქსირდა და ის შეადგენდა 211 889 . შავი ზღვის თევზჭერის სტატისტიკაში ქაფშიას წამყვანი პოზიცია ეკავა. იგი საქართვ. სანაპიროებთან თევზჭერის 30–40%ს შეადგენდა. 1980–90 საქართვ. თევზჭერის ფლოტი 48 თევზსაჭერ გემს მოიცავდა, რებიც ეკუთვნოდა სახელმწ. კომპანიებს ან კოლექტიურ მეურნეობებს. თითოეული მათგანი წელიწადში საშუალოდ 4000 თევზს მოიპოვებდა. მათი გადამუშავება იმავე გემებზე ხდებოდა. 1990 შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოც.ეკონ. პირობებმა და სსრკ სამომხმარებლო ბაზრის დაკარგვამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა თევზის მეურნეობაზე. საოკეანო ფლოტის უდიდესი ნაწილი უკრაინამ შეისყიდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი არარენტაბელური აღმოჩნდა საწვავთან დაკავშირებული პრობლემებისა და გემების ამორტიზირებულობის გამო. 1990-მდე მეთევზეობის დარგის საწარმოო სიმძლავრეების კომპლექსურად გამოყენების შედეგად ოკეანეებში (ატლანტიკის და ინდოეთის) ყოველწლიურად მოიპოვებოდა 60–65 ათ. ტ თევზი, შავი ზღვის სანაპირო ზოლში – 80–100 ათ. ტ ქაფშია, შიდა წყლებში – 2–3 ათ. ტ მტკნარი წყლის თევზი. ამ პერიოდში ქვეყანაში იწარმოებოდა 19–21 მლნ. პირობითი ქილა სხვადასხვა სახის კონსერვი, 9 ათ. ტმდე შებოლილი, გამოყვანილი, დამარილებული, კულინარული ნახევარფაბრიკატი და სხვა სახის სასურსათო პროდუქცია. შავი ზღვის ქაფშიიდან მზადდებოდა როგორც სასურსათო, ისე დიდი რაოდენობით სას.სამ. საქონლის საკვები თევზის ფარში, საოკეანო თევზჭერის ტრაულერებზე – 5 ათ. ტმდე თევზის ფქვილი. 1990-მდე საქართველოში მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად მოიხმარებოდა 34–36 ათ. ტ თევზი და თევზის პროდუქცია. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება აღწევდა 8 კგ. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდენის (1991) შემდგომ პროდუქციის მოცულობა ჯერ კიდევ 61000 ტ შეადგენდა, მაგრამ 1995თვის ეს მაჩვენებელი 3800 -მდე დაეცა. 1992–93 საქართვ. საოკეანო თევზჭერა შეწყდა. 1996–2002 თევზის მეურნეობის წლიური წარმოების მოცულობა 2500–3000 შეადგენდა. XXI ს. დასაწყისში საქართვ. საზღვაო თევზსაჭერი ფლოტი შედგებოდა საშუალო სიმძლავრის ძრავიანი (110–225 ც. ძ.) 43 სეინერისაგან. ყველა გემი თითქმის ამორტიზებული იყო. საშუალო სიმძლავრის სეინერების გარდა, არსებობდა 324 მცირე თევზსაჭერი ნავი, რებიც სანაპირო თევზჭერაში იყვნენ ჩართულნი. 2001–09 მოპოვებული თევზის მოცულობა მერყეობდა 20000–55000 ტ შორის. კომპანიების მიერ მოპოვებული ქაფშიის მოცულობის 85–90% გადამუშავება ხდება სანაპირო ზოლში მდებარე საწარმოებში თევზის ფქვილისა და ზეთის სახით, რებიც ძირითადად იყიდება თურქეთში. ამჟამად ფოთში მოქმედებს 4 თევზგადამმუშავებელი საწარმო. გადამმუშავებელი საწარმოების სიმძლავრე შეადგენს 200–700 თევზს დღღში. მოპოვებული თევზი მცირე მოცულობით მუშავდება გაყინული, დამარილებული და დამუჟუჟებული პროდუქციის სახით. საქართველოში დღემდე არ არსებობს თევზის კონსერვირების საწარმო. თევზის და თევზპროდუქციის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე აღწევს 3,8 კგ წელიწადში. 2011 მონაცემებით საქართველოში თევზის რეწვისა და თევზის მოშენების ეკონ. საქმიანობით დაკავებულია 182 იურიდ. პირი. საქართველოში მრავალი მდინარე, ტბა და ხელოვნური წყალსაცავია, რთა უმრავლესობაში აქტიურად მიმდინარეობს თევზჭერა. წყალსაცავები ექვემდებარება გრძელვადიან ლიცენზირებას. დღეისათვის ლიცენზია გაცემულია 6 წყალსაცავზე, ესენია: ტაბაწყურის, ნადარბაზევის, ჯანდარის, სანთის, სულდის ტბები და წალკის წყალსაცავი. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს 150მდე თევზსაშენი მეურნეობა, სადაც ძირითადად მოშენებულია კობრისებრი, ორაგულისებრი, ლოქოსებრი თევზი. საკალმახეების საშენები მდებარეობს მცხეთამთიანეთის მთიან რეგიონში, კახეთის ჩრდ. ნაწილში, შიდა ქართლში, სამცხეჯავახეთსა და აჭარაში. 1993–2008 კულტივირებული კალმახის მთლიანი მოცულობა გაიზარდა 30ჯერ. 2012იდან განახლდა გეგუთის (იმერეთი) ზუთხსაშენის ფუნქციონირება (აშენდა 1983); კახეთის რეგიონში (წნორი) მოქმედებს ფერმა, სადაც მოშენებულია აფრიკული ლოქო. იგი მარაგდება თერმული წყლებით. დღეისათვის აკვაკულტურის წლიური წარმოება შეფასებულია 800–12200 ტ, რაც არსებული პოტენციალის 15–20%ს არ აღემატება. ლიტ.: ბრეგვაძე ა., თევზის მრეწველობის განვითარება საბჭოთა საქართველოში, თბ., 1971; ლობჟანიძე შ., საქართველოს სსრ თევზის მრეწველობის ეკონომიკის საკითხები, თბ., 1973; ჯავახიშვილი ნ., თევზის მრეწველობა საქართველოში, თბ., 1952. ა. ფარცვანია.