თეზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის თემში (შიდა ქართლის რეგიონი) მუხრანის ვაკის ჩრდ.-დას-ით, მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 630 მ კასპიდან 18 კმ. 738 მცხ. (2014).სოფლის შუაში დგას XIX ს. წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რ-იც 1978 სოფელს განუახლებია და გალავანიც შეუკეთებია. ეკლესია მოხატული იყო, ამჟამად შელესილი და შეთეთრებულია. დას. ფრონტონზე დაშენებულია აგურით ნაგები სამრეკლო.სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე კვირაცხოვლის გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია დგას. გალავანი, რ-იც გარს ერტყა, დანგრეულია.თ-ის მახლობლად მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. თ. შედიოდა სამთავისის საეპისკოპოსოში. XVII ს-ში ქსნის ერისთავებმა თ-ის მამულები უბოძეს გარაყანიძეებს. 1804 თ-ში ცხოვრობდა 33 კომლი. 1865 იგი შედიოდა გორის უბნის თ-ის სასოფლო თემში, ცხოვრობდა 41 კომლი.ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, წგ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, [ტ.] 3, თბ., 1967; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990. ჯ. გვასალია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თეზი&oldid=11350-დან“