თეზქერე შაჰ-თამაზ I-ისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზ I-ის მიერ ოსმალეთის ელჩებთან 1562 გამართული საუბრის ჩანაწერი; სხვა მოსაზრებით – შაჰ-თამაზ I-ის "დღიურები" ან "მემუარები". "თეზქერეში" თანმიმდევრულად არის ასახული ირან-ოსმალეთის პირველი ომის (1514–55) მსვლელობასთან დაკავშირებული მოვლენები, რ-თა დიდი უმრავლესობა ორგანულად უკავშირდება სამხრ. კავკასიის ქვეყნებს. გარდა ამისა, ნაჩვენებია სამხრ. კავკასიის საერთო პოლიტ. მდგომარეობა, დაცულია ისეთი ცნობები აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს (კახეთი, სამცხე-საათაბაგო, ქართლი) ისტორიის შესახებ, რ-თა მსგავსი არ გვხვდება იმ ეპოქის ამსახველ სხვა სპარს. წყაროებში."თეზქერეს" ცნობების მიხედვით კახეთის მეფე ლევანი შაჰის ვასალი იყო და მისდამი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. მაგრამ ცნობილია, რომ შაჰ-თამაზს მეფის "ერთგულების" არც თუ ისე სწამდა და სწორედ მისი მოთხოვნით ლევან კახთა მეფემ იძულებით დაითხოვა კახეთიდან რუსი მეციხოვნეები. "თეზქერეში" საინტერესო ცნობები გვხვდება სამხრ. საქართველოს შესახებაც. ძეგლში სამხრ. საქართველო მოხსენიებულია როგორც ყვარყვარეს ქვეყანა, სადაც ხშირად შემოდიან და ხანგრძლივი დროით ჩერდებიან ყიზილბაშები. "თეზქერეში" ქართლის შესახებ შედარებით უფრო ნაკლები ცნობები გვხვდება. შაჰ-თამაზი გაკვრით იხსენიებს საქართველოს წინააღმდეგ მე-4 ლაშქრობის დროს ქართლის აოხრების ამბავს: "ლუარსაბ ხანის გურჯისტანზე გავილაშქრეთ, იქაურ ციხეთა და სიღნაღთა უმრავლესობა დავლეწეთ, ოცდაათი ათასი ტყვე წამოვიყვანეთ და იქიდან ყარაბაღს მივედით".ლიტ.: ტაბატაძე კ., ამიერკავკასიის ქვეყნები და სეფიანთა სახელმწიფო (შაჰ-თამაზ I-ის "თეზქერეს" მიხედვით), კრ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957; მისივე, შაჰ-თამაზ I-ის "თეზქერეს" თბილისური ნუსხა, «აღმოსავლური კრებული», 1960, [ტ.] 1; შაჰ-თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან, კ. ტაბატაძის გამოც., თბ., 1976.კ. ტაბატაძე.